გამოსაშვები გამოცდები 2015 დასრულდა და საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა მაქსიმალური უმრავლესობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება. ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს 1 ივლისს დაიწყება და მასში, წინასწარი ინფორმაციით, 40 000-ზე მეტი აბიტურიენტი ჩაერთვება. კურსდამთავრებულთა ნაწილი ერთიან ეროვნულ გამოცდებს გამოსაშვებ გამოცდებზე ჩაჭრის მიზეზით გამოეთიშა.
სტატისტიკით თუ დავიწყებთ, გამოსაშვებ გამოცდაზე წელს 47 000-მდე მოსწავლე იყო დარეგისტრირებული. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის სურვილს მათგან 41 500 გამოთქვამდა. იმის გამო, რომ გამოსაშვებ გამოცდებზე ერთ-ერთ საგამოცდო საგანში კომპეტენციის ბარიერი ვერ გადალახეს, ჩაჭრილად 2 900 მოსწავლე გამოცხადდა, რაც, მეორე მხრივ, იმას ნიშნავს, რომ აბიტურიენტთა რაოდენობა ოდნავ შემცირდა. როგორც გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ამბობს, საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილ მოსწავლეთა სტატისტიკა წლიდან წლამდე იცვლება, მაგრამ არა დრამატულად:
“კი, ოდნავ მეტია იმ მოსწავლეების რაოდენობა, ვინც ვერ გადალახა ბარიერი, კონკრეტულად, მათემატიკაში და უცხო ენაში, თუ შევადარებთ წინა წელს, მაგრამ, ისევ ვიმეორებ, იყო წლები, როცა გაცილებით უარესი შედეგები გვქონდა იგივე ამ საგნებში. ასე რომ, მე, მაგალითად, ასე ვიტყოდი, ვითარება არ გაუმჯობესებულა და არა, დავუშვათ, გაუარესდა, რაც, თავისთავად, არ არის, რა თქმა უნდა, კარგი. რანაირად შეიძლება ვიყოთ კმაყოფილები, როცა გარკვეული რაოდენობა მოსწავლეებისა ელემენტარულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს სავალდებულო საგანში, როგორიც არის, მაგალითად, უცხო ენა და, მაგალითად, მათემატიკა“.
მათემატიკის მაგალითზე იმის თქმა შემიძლია, რომ კარგი იყო, სხვათა შორის, იმიტომ, რომ მარტივ ამოცანასაც სვამდა კომპიუტერი, ადვილსაც და მე, მაგალითად, საათი და ოცი წუთი დამტოვა და ყველანაირად გამოავლინა ჩემი ცოდნა და ნიშანიც შესაბამისი დამიწერა...სალომე ბარბაქაძე
ბოლო ზარის წინ საჯარო სკოლების მეთორმეტეკლასელებმა გამოცდები ქართულში, ისტორიაში, უცხო ენასა და მათემატიკაში ჩააბარეს კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით, ეგრეთ წოდებული კატით.მათი რიცხვი, ვინც სავალდებულო ბარიერი ვერ გადალახა ცალკეულ დისციპლინაში, 6 პროცენტის ფარგლებში მერყეობს, რაც, დაახლოებით, ერთი პროცენტით მეტია, გასული წლის შედეგებთან შედარებით. გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველაზე კარგი შედეგი საატესტაციო გამოცდებზე მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში აჩვენეს -ზღვარი მოსწავლეთა 98-მა პროცენტმა დაძლია. მაჩვენებლებით მეორეა გამოცდა ისტორიაში, რომელშიც სავალდებულო ბარიერი მოსწავლეთა 95 პროცენტზე მეტმა გადალახა. მათემატიკის გამოცდაზე ზღვარი წარმატებით დაძლია 86-მა პროცენტმა, უცხო ენის გამოცდაზე კი - 85-მა პროცენტმა.
თბილისის მეოცე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული სალომე ბარბაქაძე ისტორიისა და მათემატიკის გამოცდების მაგალითებით ცდილობსსაატესტატო გამოცდებზე თავისი აზრის გამოხატვას:
“წარმოიდგინეთ, ისტორიაში ბავშვი სწავლობს ამდენ ომს, წლებს და უცებ მოდის კითხვები მიზეზებზე, შედეგებზე, კარიკატურები, ყოვლად მეასეხარისხოვანი, და მართლა ძალიან რთულია ასეთ დროს შენი ცოდნის ჩვენება და რეალურად შენი ცოდნაც იკარგება და გამოდიხარ დაბალი ქულით. მათემატიკის მაგალითზე იმის თქმა შემიძლია, რომ კარგი იყო, სხვათა შორის, იმიტომ, რომ მარტივ ამოცანასაც სვამდა კომპიუტერი, ადვილსაც და მე, მაგალითად, საათი და ოცი წუთი დამტოვა და ყველანაირად გამოავლინა ჩემი ცოდნა და ნიშანიც შესაბამისი დამიწერა“.
როგორი ტესტებიც მოვიდა, მსგავსი სირთულისას ველოდი. უბრალოდ, რა ინფორმაციაც გვქონდა ჩვენ წინა წლებში, როგორი სირთულისაც იყო, იმასთან შედარებით, გართულებულია. გართულებულია ტესტები...ბექა ჩიხლაძე
რუსთავის მეოთხე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ბექა ჩიხლაძე კი, თავის მხრივ, ფიქრობს, რომ საატესტატო გამოცდები, ზოგადად, საშუალო სირთულის იყო და ბარიერის გადალახვა, ანუ 5, 51 ქულის დაგროვება, ძნელი არ იყო:
“როგორი ტესტებიც მოვიდა, მსგავსი სირთულისას ველოდი. უბრალოდ, რა ინფორმაციაც გვქონდა ჩვენ წინა წლებში, როგორი სირთულისაც იყო, იმასთან შედარებით, გართულებულია. გართულებულია ტესტები. ანუ მასალა არის იგივე, უბრალოდ, უფრო მეტ დეტალებს მოითხოვენ, უფრო მეტ წვრილმანებს მოითხოვენ. თუნდაც, ქართულ ენაში უფრო მეტი წვრილმანი მოითხოვეს და ბევრჯერ გამეორდა ერთი და იგივე კითხვა სხვადასხვა სახით“.
გამოცდებისა და შეფასების ცენტრის თანახმად, დავალებათა ბანკი ხუთი წელია იქმნება და ყოველწლიურად დავალებების მხოლოდ 10 პროცენტია რეალურად განახლებული. ანუ რელევანტურია ითქვას არა ის, რომ წლიდან წლამდე ტესტები რთულდება, არამედ ის, რომ მოსწავლეზეა დამოკიდებული, რამდენად რთული დავალება მიუვა მას. სისტემა თავად ართულებს ამოცანებს იმის მიხედვით, როგორ ართმევს დავალებებს თავს მოსწავლე. განათლების ექსპერტი სიკო ჯანაშია ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეგრეთ წოდებული კატის გამოცდებით სისტემა, გაუმჯობესების ნაცვლად, უარესდება, ანუ ცოდნა, რომელსაც ეს გამოცდები ამოწმებს, არ არის განათლება:
“ერთი და იგივე ინსტრუმენტი არ ზომავს სამართლიანად განათლების შედეგებს და აუარესებს სკოლებს. ეს სხვა ქვეყნების მაგალითიდანაც ვიცით, იმიტომ რომ ხდება სტანდარტიზება სოციალური ურთიერთობების. განათლება არ არის ტექნიკური პროცესი, ხო, ქარხანასავით?!
ტექნიკურადაც შეუძლებელია ერთი და იგივე ინსტრუმენტით ყველა გაზომო ნორმალურად. მაგალითად, ვთქვათ, კომაროვის სკოლის მათემატიკის ნიშანი და რომელიღაც სხვა სკოლის მათემატიკის ნიშანი გაიგივებული უნდა იყოს. ორივე სკოლა რომ მაქსიმალურ შედეგებს იღებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ორივე სკოლადამთავრებულმა ერთი და იგივე იცის“.
ცოდნის გამოსაცდელი კიდევ ერთი ასპარეზობა კი, ეროვნული გამოცდები, 1 ივლისს დაიწყება.