„არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელი“ (ENEMO) აცხადებს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პოლარიზებულ და შეზღუდულ გარემოში ჩატარდა, რაც ძირს უთხრის ინკლუზიურობას, გამჭვირვალობასა და სამართლიანობას.
ENEMO-მ, რომელიც 95 მოკლე თუ გრძელვადიანი დამკვირვებლის დახმარებით აკვირდებოდა არჩევნებს საქართველოში, 27 ოქტომბერს, 13:00 საათზე წარადგინა პირველადი შეფასებები.
ქსელის მისიის ხელმძღვანელმა ზლატკო ვუიოვიჩმა თბილისში განაცხადა, რომ „კრიტიკული დარღვევები“ მოიცავდა რამდენიმე ასპექტს:
- „ოპოზიციის წარმომადგენლებზე ძალადობას;
- ამომრჩეველთა დაშინებას;
- დამკვირვებლების წინააღმდეგ ცილისწამების კამპანიას;
- ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების ფართომასშტაბიან კამპანიას“.
„შეზღუდულმა კონკურენციამ მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე და ფაქტობრივად შეამცირა ხელისუფლებისადმი კრიტიკა“, - ამბობს ვუიოვიჩი.
„მართალია, საარჩევნო ადმინისტრაცია პროფესიონალურად და ეფექტურად წარმართავდა პროცესს, ENEMO გამოხატავს შეშფოთებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ“, - განაცხადა მან.
„დაფიქსირებული ხარვეზების კუმულაციურმა ეფექტმა მნიშვნელოვნად დააზარალა საარჩევნო პროცესის დემოკრატიულობის სანდოობა“, - მიიჩნევს იგი.
ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 54%-ით.
ოთხივე მსხვილი ოპოზიციური გაერთიანებიდან არცერთი არ აღიარებს შედეგებს და გაყალბებაზე საუბრობს.
ესენი არიან:
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“;
- „კოალიცია ცვლილებებისთვის“;
- „ძლიერი საქართველო“;
- „გახარია საქართველოსთვის“.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის 13:30 საათისთვის საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტი დათვალა. ხმები ასე გადანაწილდა:
- "ქართული ოცნება" - 54,09%;
- "კოალიცია ცვლილებისთვის" - 10,92%;
- "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,12%;
- "ძლიერი საქართველო" - 8,78%;
- "გახარია - საქართველოსთვის" - 7,76%.
ამ ხმებით საპარლამენტო მანდატები ასე ნაწილდება:
- "ქართული ოცნება“ - 89;
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 18;
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 17;
- „ძლიერი საქართველო“ - 14;
- „გახარია საქართველოსთვის“ - 12.
ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.
ფორუმი