Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ღირს დასაქმებულის სიცოცხლე


დასაქმების ადგილას დაზარალებულთა სტატისტიკა საქართველოში მზარდია და, ამასთან, დასაპირისპირებლად ბოლო წლებში, პრაქტიკულად, ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. სამწუხაროდ, უსაფრთხოების წესების დარღვევა, მოძველებული აპარატურა, დამქირავებლის გულგრილობა და ზოგ შემთხვევაში თავად დაზარალებულთა დაუდევრობაც უმძიმესი შედეგებით სრულდება.

2007-2016 წლებში, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით საწარმოო ტრავმებისგან 416 ადამიანი დაიღუპა და 716 მძიმედ დაშავდა. 2016 წელს გარდაიცვალა 58 და მძიმედ დაშავდა 84 ადამიანი. 2015 წელს გარდაიცვლა 42, ხოლო მძიმედ დაშავდა 80 დასაქმებული. 2011 წლიდან დღემდე სამუშაო ადგილებზე სასიკვდილო შემთხვევების დინამიკა მზარდია.

ამ სტატისტიკური მონაცემების მიღმა ასობით ადამიანისა და ოჯახის ბედი დგას, მათ ფონზე კი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ინიციატივები, რომელიც სხვადასხვა კუთხით უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებებს ეხება.

ამ დღეებში პარლამენტში შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის სამუშაო ჯგუფის რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართა. მესამე სექტორის წარმომადგენლებს კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ. იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა, რომლებიც ამ თემებზე მუშაობენ, 5 000-ლარიანი სანქციის ზღვარის გაზრდაა. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში აცხადებენ, ამ კუთხით კანონში ცვლილება, შესაძლოა, მართლაც განხორციელდეს და მძიმე დარღვევის შემთხვევაში კომპანია მაქსიმალურად - 50 ათასი ლარით - დაჯარიმდეს.

თუმცა ამ ფონზე მნიშვნელოვანია, რომ სანქციები იყოს არა ნომინალური და ფორმალური, არამედ მნიშვნელოვანი. უნდა შემუშავდეს გარკვეული მექანიზმები, თუ როგორ მოხდება გრადაცია, რადგან მაკონტროლებლისთვის თავისუფალ რეჟმში გადაწყვეტილების მიღების უფლების მინიჭება მნიშვნელოვანი ბიუროკრატიული და კორუფციული რისკების მატარებელია.

„ჩვენ შევთანხმდით ძალიან მაღალ ნიშნულზე, რომელიც, შესაძლოა, 50 000-მდეც კი აღწევდეს. ეს იმისათვის, რომ სანქცია იყოს რეალური და მისი გადახდა არ იყოს მარტივი არაკეთილსინდისიერი დამსაქმებლისთვის, რომელიც არ იცავს სტანდარტებს“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანია დარღვევების კონკრეტული ფარგლების განსაზღვრა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი კანონპროექტით, 2019 წლის 1 იანვრიდან შრომის ინსპექციას მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე წინასწარი გაფრთხილების გარეშე შესვლის უფლება უნდა მიენიჭოს.

ამჟამად არსებული კანონპროექტი, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტრომ იმუშავა, 50-დან 5 000 ლარამდე სანქციებს ითვალისწინებს. კანონპროექტით განსაზღვრული მაქსიმალური 5 000-ლარიანი ჯარიმა შრომის უსაფრთხოების ნორმების კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაშია განსაზღვრული. ცხადია, არც ეს თანხა და არც 50 ათას ლარამდე გაზრდილი თანხა არ არის იმის გარანტია, რომ შრომითი უფლებები საქართველოში დაცული იქნება. სამწუხაროდ, არც მაკონტროლებელთა რეიდებია იმის გარანტია, რომ მძიმე სტატისტიკა, რომელიც დასაწყისში მოვიყვანეთ, უკეთესობისკენ შეიცვლება. თუმცა იმაზე, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი და სიტუაცია გარდასატეხი, საქართველოში უკვე პრაქტიკულად ყველა თანხმდება. განსხვავებები ძირითადად იმ მიდგომებშია, რომლითაც ეს პრობლემა უნდა დაიძლიოს.

XS
SM
MD
LG