Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისია გამოთქვამს წინადადებას საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ


ევროპის კომისია გამოთქვამს წინადადებას, გაუქმდეს სავიზო ვალდებულება საქართველოს მოქალაქეებისთვის და მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპის პარლამენტს, საამისოდ საქართველო შეიყვანონ იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც უფლება ენიჭებათ, უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ზონაში. ამის შესახებ საუბარია პრესრელიზში, რომელიც ევროკომისიამ 9 მარტს გამოაქვეყნა.

ევროკომისარი მიგრაციის, შინაგან საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსი, აღნიშნავს, რომ „დღევანდელი წინადადებით აღიარებულ იქნა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა, განახორციელოს სიღრმისეული და რთული რეფორმები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს კანონის უზენაესობის ხარისხსა და სამართლებრივ სისტემაზე. უაღრესად კმაყოფილი ვარ მიღწეული პროგრესით და ვიმედოვნებ, რომ ევროპის პარლამენტი და საბჭო ძალიან მალე მიიღებენ ჩვენს წინადადებას.“ ევროკომისიის პრესრელიზში აღნიშნულია, აგრეთვე, რომ მას შემდეგ, რაც ევროპის პარლამენტი და ევროკავშირის საბჭო 9 მარტს გამოთქმული წინადადების შესაბამისად მიიღებენ გადაწყვეტილებას, ბიომეტრიული პასპორტების მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ ვიზები შენგენის ზონაში 90 დღემდე ვადით ყოფნისთვის. შენგენის ზონა მოიცავს ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას, გარდა ირლანდიისა და დიდი ბრიტანეთისა. ამ ზონაში შედიან, აგრეთვე ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია. სულ შენგენის ზონაში 26 ქვეყანა შედის. სავიზო ვალდებულების მოხსნა არ ნიშნავს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში მუშაობის უფლების მინიჭებას.

XS
SM
MD
LG