სტუმრად ჩვენს ეთერში: ირმა პავლიაშვილი
7 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ირმა პავლიაშვილი, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) პროექტის კოორდინატორი. მან ილაპარაკა ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადების პროცესზე. ირმა პავლიაშვილი მნიშვნელოვნად თვლის, რომ არჩევნებში ჩართულმა ყველა მხარემ გააანალიზოს ადრინდელი არჩევნების გამოცდილება, არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა იმისთვის, რომ მოხდეს ზოგიერთი პრობლემის პრევენცია. მნიშვნელოვანია აგრეთვე იმის შეფასებაც, თუ რა რეაქცია მოყვა სახელმწიფოსგან არჩევნების პერიოდში აღნუსხულ დარღვევებს და რა სტადიაშია არჩევნების დროს ჩადენილი დანაშაულის გამოძიება. რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, ირმა პავლიაშვილი ამ ეტაპზე მათ დაგვიანებულად თვლის არჩევნების სიახლოვის გამო. დაახლოებით ორი კვირის წინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლებას წარუდგინეს მოსაზრებები საქართველოს ორგანულ კანონში - „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე. ადგილობრივ არჩევნებამდე კიდეც განხორციელდა და მოსალოდნელიც არის ცვლილებები, რომლებიც არჩევნებს შეეხება. საკონსტიტუციო ცვლილებები არ არის ამ ეტაპზე ერთადერთი მოსალოდნელი სიახლე, რომელიც არჩევნებს უკავშირდება. სულ ახლახან არასამთავრობო ორგანიზაციების შეშფოთება გამოიწვია თვითმმართველობის კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა, რომელთა თანახმადაც 7 ქალაქს თვითმმართველი სტატუსი გაუუქმდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლოსგან მოითხოვეს ამ დადგენილების ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება საჯარო განხილვის კომპონენტის უგულებელყოფით მიიღო. ირმა პავლიაშვილმა "დილის საუბრებში" ილაპარაკა არჩევნების წინ არსებულ იმ გამოწვევებზე, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ კონფერენციაზე გამოიკვეთა. ღონისძიება საია-ს ინიციატივით ჩატარდა და მასში არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა საარჩევნო ადმინისტრაციის, იუსტიციისა და შს სამინისტროების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.