Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ჯერ არავინ იცის, რა დაუჯდა სტიქია სამეგრელო-ზემო სვანეთს


ზუგდიდი
ზუგდიდი

ახალი წლის ღამეს დაწყებულმა და შემდეგ ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელებულმა გადაუდებელმა თოვამ სამეგრელო-ზემო სვანეთს გარკვეული პრობლემები შეუქმნა. სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებით ვრცელდება ცნობები, რომ დიდთოვლობის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 1 მილიონ 500 ათასი ლარი შეადგინა. როგორც რადიო თავისუფლებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განუცხადეს, ამ დროისთვის სტიქიით მიყენებული ზარალის აღრიცხვა არ დასრულებულა და, შესაბამისად, არ აპირებენ დაასახელონ მიყენებული ზარალის მიახლოებითი ციფრიც კი.

სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონალური პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის დათო კოდუას განცხადებით, ძირითადად იყო კერძო სახლების სახურავების დაზიანების შემთხვევები და, ამ მხრივ, მდგომარეობა არასაგანგაშოა. მისი ცნობით, სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, მეტი ზიანი მიადგა ქალაქ ზუგდიდს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, ჩხოროწყუს, ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს. ამასთან, სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ, მიუხედავად რეგიონისთვის უჩვეულო ამინდებისა, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და სამეგრელო-ზემო სვანეთი მომზადებული შეხვდა უხვ ნალექს. დათო კოდუას განცხადებით, რეგიონის მასშტაბით მობილიზებული იყო ყველა საჭირო ტექნიკა. კითხვაზე, იყო თუ არა ის საკმარისი ყველა პრობლემის აღმოსაფხვრელად, დათო კოდუა პასუხობს:

„შეიძლება საკმარისი არ იყო, მაგრამ ჩვენს ძალებს რაც შეეხება, მაქსიმალურად იყო ყველა რესურსი გამოყენებული. იყო გამოყენებული ტექნიკა სხვა მუნიციპალიტეტებიდან და ცენტრალური ხელისუფლებიდან. მე ვგულისხმობ ინფრასტრუქტურის სამინისტროს. იყო, რა თქმა უნდა, ტერიტორია, სადაც თოვლის გაწმენდა ვერ მოხერხდა, მაგრამ ჩვენ უყურადღებოდ არც ერთი კუთხე არ დაგვიტოვებია“.

დათო კოდუას განცხადებას არ ეთანხმებიან მოქალაქეები. ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილებას განსაკუთრებით აქტიურად გამოთქვამდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები. სტიქიის დღეებში, უხვი ნალექისა და მოყინული გზების გამო, ქალაქსა და მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებით გადაადგილდებოდა, სოფლების უმრავლესობაში კი საერთოდ არ მოძრაობდა. ზუგდიდის თვითმმართველობამ კრიტიკა სწორედ გზების არაოპერატიული გაწმენდის გამო დაიმსახურა:

„მარილი დავყარეთო, მაგრამ არსად არ არის დაყრილი“.

„არსად არ არის მარილი დაყრილი. ნახეთ, ხალხი რა დღეშია, წვალობს ყველა. ვალი მაქვს და მაგიტომ ვმუშაობ, თორემ რა მინდა დღეს აქ“.

„ტექნიკური მარილი რომ დაეყარათ, მანქანა იმოძრავებდა“, - აცხადებდნენ მძღოლები, რომლებიც სტიქიის გამო გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ.

მძღოლების პარალელურად, ადგილობრივი ხელისუფლების მისამართით პრეტენზიები ჰქონდათ ქვეითებსაც. გადაადგილების პრობლემა მათაც შეეხო, რაც მწვავე კრიტიკის საგანი გახდა სოციალურ ქსელებშიც. გამოითქვა მოსაზრებები, რომ თვითმმართველობა ასეთ ცივ ზამთარს არ ელოდა, არ ჰქონდათ საკმარისი ტექნიკა, სპეციალური მარილი და ამიტომაც ვერ მოხდა გზების დროულად გაწმენდა. საპასუხოდ სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონალური პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი განმარტავს:

„ტექნიკური მარილის დაყრას აქვს თავისი სპეციფიკა. თუ მოყინული არ არის, იქ მარილის დაყრას აზრი არ აქვს. ეს არის აბსოლუტური დეზინფორმაცია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ თოვლზე მარილს დაყრი და თოვლი დადნება, ასე არ არის. იქ, სადაც იყო მოყინული და მოლიპული, მარილი ყველგან იყო. სადღაც 35 ტონამდე მარილია დაყრილი იმ სავალ გზებზე, რომელიც იყო მაღალგამტარუნარიანი“.

დათო კოდუას სიტყვებით, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რაც ასევე იმის მანიშნებელია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დიდთოვლობას სათანადოდ გაუმკლავდა.

დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში 31 დეკემბერს დაიწყო და 5 დღე გასტანა. სტიქიამ ძირითადად სამეგრელო, გურია, იმერეთი და აჭარა დააზარალა.

XS
SM
MD
LG