"ბლანშს, ჩემს კატას, რომელიც მიყურებს" - აი, ასეთ მიძღვნას უკეთებს დავით გაბუნია თავის პირველ რომანს "დაშლა", რომელიც წელს დაბეჭდა გამომცემლობამ "წიგნები ბათუმში". გადაშლი ფურცელს და ტექსტს ეპიგრაფი უძღვის წინ: "I'm a fountain of blood in the shape of a..." აქ წყდება ეპიგრაფი, რომელიც ციტატაა ბიორკის სიმღერიდან. წყდება იმიტომ, რომ ბიორკთან girl არის, ავტორი კი boy-ს სისხლის შადრევნისა და მისი მკვდარი სხეულის ლამაზი ფორმების აღწერით იწყებს რომანს. ეს პროლოგი მაჩვენებელია იმისა, რომ წიგნში მკვლელობა უნდა მოხდეს, მაგრამ თოფს კი არ კიდებს გაბუნია სადღაც, კედელზე, არამედ პირდაპირ გვამს გვაჩვენებს - ახალგაზრდა ბიჭის გვამს, რომელსაც ათვალიერებენ, მერე კი ეს თვალიერება სულ სხვა სახეს იძენს. და აქ შეუძლებელია ჰიჩკოკის "ფანჯარა ეზოს მხარეს" არ გაგახსენდეს. ანუ ავტორი თავიდანვე ეთამაშება მკითხველს, ინტერტექსტუალურ ნაწარმოებს თხზავს და საკუთარი კატის ეწყინარი ვუაიერიზმი თანდათან სახიფათო და პიროვნების დამანგრეველ ვუაიერიზმში გადაჰყავს. ამ რომანზე რეცენზია ჟურნალ "ახალ საუნჯეში" უკვე გამოაქვეყნა ლელა კოდალაშვილმა. დღეს ის ჩვენი სტუმარია და საკუთარ დამოკიდებულებას ამ ტექსტისადმი კიდევ ერთხელ დააზუსტებს.
ლელა კოდალაშვილი: ვერ ვიტყვი, რომ რაღაც განსაკუთრებული სიახლე მოხდა ამ რომანის დაბადებით ქართულ თანამედროვე ლიტერატურაში, მაგრამ ამ რომანს შეიძლება ვუწოდოთ რაღაც მცირე ნიშნით სიახლე იმ გაგებით, რომ ჩვენთან მიმართულებები ჭირს, ჟანრი ჭირს, საერთოდ, პროზაში და შეიძლება ითქვას, რომ ავტორმა ირონიული დეტექტივის მიმართულება შემოიტანა ქართულ ლიტერატურაში. საერთოდ, დეტექტიური ჟანრი ჩვენთან, შეიძლება ითქვას, რომ არ არის, თუ რაღაც მდარე ნიმუშებს არ გავიხსენებთ. თან ვერ იტყვი, რომ ეს მთლად დეტექტივია, იმიტომ რომ სრულიად სხვა სათქმელები აქვს და სრულიად სხვა რაკურსი აქვს აღებული მწერალს და სხვა ადამიანურ მომენტებზე გვიმახვილებს თითქოს ყურადღებას. მაგალითად, უმცირესობები არ არიან ხოლმე პერსონაჟებად ჩვენს ლიტერატურაში, ან თუ არიან, ძალიან ეპატაჟური, ძალიან მყვირალა და მჭახე ფორმებით. და აქ ისე რბილად შემოდის იგივე სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი, სიმპათია-ანტიპათიაზე არ მანევრირებს და შეიძლება ითქვას, რომ, უბრალოდ, გაჩნდა ასეთი პერსონაჟის პრეცედენტი.
ეს არ არის გამოკვეთილად მხატვრული ენა, პირიქით, დათო შეეცადა, რაც შეიძლება მეტი ბუნებრიობა მიეცა და, ალბათ, მას დაეხმარა დრამატურგიის გამოცდილება და ეს თხრობის ჩვეულებრივი სტილი შეინარჩუნა და ამით თითქოს არ მიგაქცევინა ყურადღება მხატვრულ პლასტებზე, უფრო გაგდენა და შეგიტყუა ამბავში...ლელა კოდალაშვილი
მოქმედება ზაფხულში იწყება და სექტემბერში გადადის. ანუ ის პერიოდია, როდესაც ადამიანებს ყველაზე მეტად გაურბით თვალი ერთმანეთისაკენ, ზღვაზე იქნება, მთაში თუ ქალაქში, სადაც თითქმის ყველას ფანჯარა პირთამდე აქვს გაღებული და შილიფად ჩაცმული თავის ბინაში დაბორიალობს. ზურასაც ასე გაექცევა თვალი ერთხელ, მეორეჯერ, მესამეჯერ, სანამ დაკვირვების ობიექტს არ მიეჯაჭვება, ოღონდ, ჰიჩკოკის პერსონაჟისაგან განსხვავებით, არა იმიტომ, რომ ფეხი აქვს მოტეხილი და ამიტომ ეტლით ფანჯარას უზის, არამედ უმუშევარი ადამიანის მოწყენილობისაგან. ჰიჩკოკთან ჯეიმს სტიუარტის გმირი პროფესიონალი ფოტოგრაფია და, აქედან გამომდინარე, მოპირდაპირე სახლის ფანჯრებში შემჩნეულის გადაღება მისი ასე თუ ისე ბუნებრივი ქმედებაა, შეზღუდულ პირობებში მოხვედრილი ადამიანი როგორც ახერხებს, ისე აგრძელებს თავის საქმიანობას, დავით გაბუნიას ზურა კი ფოტოგრაფობას მას შემდეგ იწყებს, რაც აღმოაჩენს, რომ ახალი მდგმური ჰომოსექსუალია. ზურა, სანამ მისი მეუღლე, თინა, სამსახურშია ხოლმე, ორ ბავშვს უვლის, მაგრამ ზაფხულში ბავშვები ბებიასთან არიან და სრული უსაქმურობით გატანჯული გასართობს პოულობს, რაც თანდათანობით მთელ მის ცხოვრებას ამოავსებს. პარალელურად კი თინაც სხვა ცხოვრებას იწყებს: თავისავე მოულოდნელად, ახალ თანამშრომელთან სასიყვარულო ურთიერთობაში ებმება. მოვუსმინოთ კვლავ ლელა კოდალაშვილს.
ლელა კოდალაშვილი: არ ვიცი, ავტორმა რა ჩაიფიქრა ამ სათაურის მიღმა, მაგრამ მე ასე დავინახე და აღვნიშნე კიდეც პუბლიკაციაში, რომ ეს არის დაშლილი სამყარო ადამიანების, დაშლილობა ერთმანეთთან მიმართებაში, განცალკევება, ის სასოწარკვეთილება, რასაც ადამიანი სიმარტოვისგან განიცდის. და პრინციპში, თითქოს არაფერი კრიმინალური არ ხდება თავდაპირველად. ოჯახი არის ერთი შეხედვით ნორმალური, კარგი, მშვიდი, გაწონასწორებული. არადა, აქაც შეიძლება იყოს რაღაც სიმარტოვის და გადარჩენის სურვილი და რაღაცის ძებნის და ვიღაცის ძებნის სურვილი და, საბოლოო ჯამში, ყველა მაინც მარტო რჩება. ფინალურ ნაწილშიც ჩანს ეს, რომ ყველა სადღაც გარბის და ყველა მიტოვებული აღმოჩნდება და ა.შ. ჩემი აზრით, მთავარი თემა ამ ნაწარმოების, აი, ეს არის.
ესაა რომანის სოციალურ-ფსიქოლოგიური პლასტი, მაგრამ ტექსტს აქვს პოლიტიკური პლასტებიც. შეუძლებელია არ გაგახსენდეს შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელიც მორალური ტერორის მსხვერპლი გახდა და საკუთარ კაბინეტში მოიკლა თავი. მაგრამ დავით გაბუნია ამ შემთხვევაში ეპოქას ცვლის და პროტოტიპი 2012 წლის სექტემბერში გადაჰყავს, იმ პოლიტიკური მღელვარების დღეებში, ციხის კადრებმა რომ გამოიწვია. რატომ გადაწყვიტა ავტორმა ამ გადანაცვლების გაკეთება? რა ახალი კონტექსტი შესძინა მან ამით იმ ერთ კონკრეტულ ტრაგიკულ შემთხვევას?
ლელა კოდალაშვილი: რა თქმა უნდა, მეც მქონდა რაღაც ასოციაციები პერსონაჟებთან, მოვლენებთან. რა თქმა უნდა, ეგ ადამიანიც გამახსენდა, მაგრამ თვითონ ავტორი, ალბათ, არ ცდილა იმას, რომ პირდაპირ მიენიშნებინა, ამისთვის არ გამოიყენებდა ასეთ არეულ ანაქრონისტულ ქარგას რომანისთვის. გამახსენდა ასევე ის ფარული მოსმენები და ფარული ჩანაწერები, რომელსაც უფრო ახლო სინამდვილეში ჰქონდა ადგილი და ესეც გარკვეულ მესიჯად თუ გადაძახილად მივიჩნიე. თან კიდევ, ამ შემთხვევაში ეს პერსონაჟი არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული. როდესაც მას ასეთი ინსტრუმენტი, ასეთი მასალა აღმოაჩნდება, მერე ხდება ის უკვე დამნაშავე, უჩნდება სხვადასხვა დიდი ამბიციები, რომლებიც, უბრალოდ, აღარ დასცალდა რომანის ფურცლების მანძილზე, მაგრამ შეიძლებოდა დიდ პოლიტიკოსადაც მოგვგვლენოდა შემდგომ თავებში.
რაც შეეხება რომანის დეტექტიურ ქარგას: გარკვეული ჩავარდნები, ლოგიკური გაუმართაობები აქ იგრძნობა. მართალია, ლელა კოდალაშვილის აზრით, რომანი "ირონიული დეტექტივია", მაგრამ ამ შემთხვევაშიც, არა მგონია, ეს გამამართლებელი საბუთი იყოს. პირველ რიგში, არაა დამაჯერებელი მერაბის თვითმკვლელობა მას შემდეგ, რაც მას არწმუნებენ, რომ მისი ფარული ურთიერთობების საიდუმლო არ გამჟღავნდება და ამ მიზნით ის მასზე დამკვირვებელს და ფოტოდოკუმენტების მფლობელს სამსახურში მოაწყობს. თუკი იგი ზურას ბოლომდე მაინც ვერ ენდობა, ლოგიკური იქნება, პირველ რიგში, მის ლიკვიდაციაზე იფიქროს და არა შუბლში იხალოს ტყვია. ან, ბოლოს და ბოლოს, ჯერ გააქროს მოშანტაჟე სამხილ მასალასთან ერთად და ამის მერე მოიკლას თავი. ცხადია, ასეთ დროს ავტორის არგუმენტი შეიძლება იყოს ის, რომ ეს ყველაფერი აფექტის მდგომარეობაში ხდება, მაგრამ ცივი გონების ადამიანს, რომელიც თითქმის მთელ ქვეყანას მართავს, ასეთი აფექტი რაღაც არ ესადაგება. შეიძლება ასევე აფექტის მდგომარეობით აიხსნას ბოლოსწინა თავი, როდესაც ზურა მოხუც მეზობელთან ჩადის და სთხოვს, მის მიერ გადაღებულ კადრში მისი ცოლი გამოარჩიოს, მაგრამ აშკარად არადამაჯერებელია ეს სცენა. და კიდევ ერთი: კულტურის სამინისტროშიც კი ვერ შეაღწევს ადამიანი საშვის გარეშე და საინტერესოა, იმ ზურამ მერაბის სამდივნომდე როგორ ააღწია უშიშროების სამინისტროში? ცხადია, დეტალებია ყოველივე ეს, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ეშმაკი დეტალებშია.
რაც შეეხება ენას: იგი გამჭვირვალეა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ტექსტი წყალივით მიდის, ოსტატურადაა დაწერილი. ავტორი ცდილობს, სხვადასხვა პერსონაჟებს სხვადასხვა ენა მოუძებნოს და ამას არსებითად ახერხებს კიდეც. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია თინას ენა - ნერვიული, არეული და, აქედან გამომდინარე, პუნქტუაციის გარეშე დაწერილი. დაბოლოს, მოვუსმინოთ ერთხელაც ლელა კოდალაშვილს.
ლელა კოდალაშვილი: ეს არ არის გამოკვეთილად მხატვრული ენა, პირიქით, დათო შეეცადა, რაც შეიძლება მეტი ბუნებრიობა მიეცა და, ალბათ, მას დაეხმარა დრამატურგიის გამოცდილება და ეს თხრობის ჩვეულებრივი სტილი შეინარჩუნა და ამით თითქოს არ მიგაქცევინა ყურადღება მხატვრულ პლასტებზე, უფრო გაგდენა და შეგიტყუა ამბავში. ანუ რაღაც სიმსუბუქის შეგრძნება ჩნდება ასეთ დროს, შენ აღარ გტვირთავს მწერლური პლასტები, ენა, რაღაც სიმძიმე და გადადიხარ მთლიანად გმირების ცხოვრებაში. რაც ყველაზე მეტად მომეწონა ამ რომანში, ეს დასაწყისია, სადაც ის გამოწვლილვით აღწერს მოკლულის გარეგნობას და შემდეგ პერსონაჟის განცდებს და ფიქრებს ამასთან დაკავშირებით. გამახსენდა დიდი ნაწარმოებები, მაგალითად, ლევ ტოლსტოის "ივან ილიჩის სიკვდილი", სადაც ასევე დიდი დოზით არის გარდაცვლილის აღწერა. აგრეთვე ანაის ნინის "ნეკროფილური მოთხრობები", იმიტომ რომ არის რაღაც მცირე ეროტიზმი იმ აღწერაში, რომელსაც ამ რომანის გმირი იყენებს. ეს ნაწარმოები, ჩემი აზრით, გადის ბულვარულ და სერიოზულ ლიტერატურას შორის. რაღაც ისეთ ზღვარზეა და ცდილობს, არ გადავარდეს არც ერთ მხარეს და მე მაინც იმედი მაქვს, რომ დათო უფრო წერის ღრმა სტილისაკენ გადაინაცვლებს, ამ სიმსუბუქეს მოიცილებს და შეიძლება მკითხველთა რაოდენობა მოაკლდეს, მაგრამ, სამაგიეროდ, ხარისხიანი მკითხველები შემორჩებიან მას.