დასარეგისტრირებლად რამდენიმე საათით მეტი მიეცათ იმ ამომრჩევლებს, რომლებიც COVID 19-ის გამო სახლის პირობებში არიან იზოლირებული და 31 ოქტომბერს გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობა სურთ. ამ ცვლილებას წინ უძღოდა პოლიტიკური სუბიექტებისა და არასამთავრობო სექტორის მწვავე კრიტიკა და ხმაური. ვადა გახანგრძლივდა, მაგრამ კვლავაც ძალაში რჩება წესები, რომლებიც, სავარაუდოდ, კენჭისყრის პროცესის მიღმა დატოვებს ათასობით ამომრჩეველს.
ცესკომ წესი 26 ოქტომბერს, საღამოს შეიცვალა, რამდენიმე საათით ადრე რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე. საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის ვადა 27 ოქტომბრის 14:00-საათამდე გახანგრძლივდა და გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით, სწორედ ამ დრომდე უნდა მოასწროს ცესკოს ცხელ ხაზზე (251-00-51; შიდა - 0) დარეკვა ორი კატეგორიის ამომრჩეველმა:
- ვინც სახლის პირობებში მკურნალობს COVID-ინფექციას;
- ვინც პრევენციის მიზნით იმყოფება თვითიზოლაციაში, ასევე სახლის პირობებში.
იზოლაციაში მყოფი პირების რეგისტრაციისთვის განკუთვნილი 3-დღიანი ვადა 26 ოქტომბრის 22:00 საათზე იწურებოდა. ცესკოს #45-ე დადგენილებაში გაწერილი სარეგისტრაციო მოთხოვნები ბოლო დღეებში არასამთავრობო სექტორისა თუ პოლიტიკური პარტიების მწვავე კრიტიკის საგნად იქცა. მაგალითად, „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ უწყებიდან უწყებაში გადამისამართების უშედეგო პროცესი საგანგებო ვიდეოშიც ასახა.
რას ცვლის რეგისტრაციის პროცესის გახანგრძლივება?
რამდენიმე საათიანი გადავადება მეტ დროს აძლევს მას, ვინც ხაზების გადატვირთულობის გამო, 24-დან 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე ვერ ასწრებდა ცესკოში დარეკვას. როგორც ცესკოში აცხადებენ,"უკვე მესამე დღეა სრული დატვირთვით მუშაობს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი და 25 ოპერატორი აფიქსირებს მოქალაქეების მოთხოვნებს" და საღამოს 6 საათისთვის უკვე 4000-ზე მეტ ადამიანს ჰქონდა დარეკილი, მაგრამ ბევრი წუხდა, რომ 26 ოქტომბერს გაუჭირდათ დაკავშირება.
ვადის გახანგრძლივება არაფერს ცვლის მათთვის, ვისი ინფიცირება ანდა თვითიზოლაცია ოფიციალურად არ არის აღრიცხული სახელმწიფო სტრუქტურებში. ცესკოს #45-ე დადგენილებაში ასახული ეს წესი კვლავაც ძალაში რჩება.
ვის არ დაარეგისტრირებენ?
ცესკოს ცხელ ხაზზე დარეკვას აზრი არც 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე ექნება, თუკი, ვთქვათ:
- თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს, მეზობელს ან თანამშრომელს დაუდასტურდა კოვიდ-ინფექცია, თქვენ კი უსიმპტომოდ ან გარკვეული სიმპტომებით, თვითიზოლაციაში ისე გადახვედით, რომ არც ტესტირება გაგივლიათ, არც ოჯახის ექიმისთვის მიგიმართავთ და არც 112-ზე დაგირეკავთ;
- თუკი იყავით რომელიმე სხვა ინფიცირებულის კონტაქტი, არც თქვენამდე მოსულა ეპიდემიოლოგიური სამსახური და მაინც, პრევენციის მიზნით სახლში რჩებით და სიმპტომების არქონის გამო ჯანდაცვის სტრუქტურებისთვის არ მიგიმართავთ;
- თუკი გგონიათ, რომ კოვიდინფიცირებული ხართ, გაქვთ გარკვეული სიმპტომები, მაგრამ სიმშვიდეს ინარჩუნებთ და სახლის პირობებში აკვირდებით პროცესებს.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე უთხრეს რადიო თავისუფლებას, ოფიციალურ ბაზაში აღრიცხულია ყველა კოვიდინფიცირებული განურჩევლად იმისა, გაიკეთა მან ტესტი უფასოდ თუ კერძო კლინიკაში გადაიხადა ფული. თუმცა აი, ინფიცირებულთა კონტაქტების აღრიცხვა ავტომატურად აღარ ხდება.
„ადრე შედარებით ნაკლები შემთხვევა იყო. ახლა, შემთხვევების მატებასთან ერთად, წესი ცოტა შეიცვალა. ინფიცირებულის კონტაქტები, თავად უნდა დაუკავშირდნენ ოჯახის ექიმს და მისი მითითებების შესაბამისად იმოქმედონ“ - გვითხრეს NCDC-ის ცხელ ხაზზე.
ამ კუთხით დიდ პრობლემას ხედავს საქართველოს სახალხო დამცველიც. როგორც ნინო ლომჯარია საკუთარ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, დაურეგისტრირებელი ამომრჩევლების ნაწილი არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციურ უფლებას დაკარგავს; ნაწილი კი, საფრთხეს შეუქმნის სხვებს.
„ეს კატეგორია ჩვენი მოქალაქეებისა ან დაკარგავენ ხმის მიცემის შესაძლებლობას, ან დატოვებენ თვითიზოლაციის ადგილებს, გამოცხადდებიან უბნებზე და შექმნიან დამატებით საფრთხეს.
სამწუხაროა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების სათანადოდ გადაწყვეტა, ორგანიზება და მოგვარება არჩევნების ბოლო დღეებში მოხდა. დღეს არც დროა და არც საშუალება, ყველა მოქალაქემდე მივიტანოთ ინფორმაცია, რამდენ უწყებაში და სად უნდა დარეკოს მოქალაქემ, რომ არჩევნებში უსაფრთხოდ მონაწილეობა შეძლოს“.
ცესკოში განგვიმარტეს, რომ აუცილებელია ოფიციალური დადასტურება იმისა, რომ ესა თუ ის ამომრჩეველი ნამდვილად იმყოფება თვითიზოლაციაში და მკურნალობს ბინაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში - პროცესი ქაოტურ სახეს მიიღებდა და ვერავინ შეძლებდა იმის გარჩევას - ნამდვილად სჭირდება თუ არა ამა თუ იმ ამომრჩეველს გადასატანი საარჩევნო ყუთი.
- როგორც ასევე ცესკოში უთხრეს რადიო თავისუფლებას, სახელმწიფო სტრუქტურებიდან შესაბამის სიებს საარჩევნო ადმინისტრაცია დღეს შუაღამის 12 საათზე მიიღებს.
- შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ 27 ოქტომბერს, თვითნებურ თვითიზოლაციაში მყოფი ვერცერთი პირი ვეღარ შეძლებს ჯანდაცვის სტრუქტურებში შესაბამის რეგისტრაციას.
ცესკოს #45-ე დადგენილების თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაცია სპეცსიებში შეიყვანს მხოლოდ სამი კატეგორიის ამომრჩეველს; ესენი არიან: კლინიკებში მყოფი პაციენტები, კოვიდ-სასტუმროებში მყოფი პაციენტები და საკარანტინო სივრცეებში მყოფი (არაინფიცირებული) პირები.
რეგისტრაციის და შესაბამისად, გადასატანი საარჩევნო ყუთის გარეშე დარჩებიან ის ამომრჩევლები, რომლებსაც 27 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის შუალედში დაუდასტურდებათ ინფექცია ანდა თვითიზოლაციაში გადასვლა მოუწევთ. ისინი პროცესის მიღმა რჩებიან იმ შემთხვევაშიც, თუკი კლინიკებში ან კოვიდ-სასტუმროებში მოხვდებიან.
თუკი ინფიცირებულთა 26 ოქტომბრის სტატისტიკით (1872) ვიმსჯელებთ, არჩევნებამდე დარჩენილ კიდევ ოთხ დღეში - კენჭისყრის პროცესს გამოეთიშება კიდევ 7500-მდე ინფიცირებული ამომრჩეველი. არჩევნებზე წასვლა არ იქნება მართებული არც მათი ოჯახის წევრებისთვის და ახლო კონტაქტში მყოფი პირებისთვის. საქართველოს პრაქტიკაში თითო ინფიცირებულის შემთხვევაში ხშირად მასთან კონტაქტში მყოფი ათეულობით პირი ვლინდებოდა.
ცესკოში განმარტავენ, რომ სპეცსიების ფორმირება, დამტკიცება და შემდეგ უკვე - შესაბამისი რაოდენობის ბიულეტენების მომზადება საკმაო დროს მოითხოვს და შეუძლებელი იყო, რომ სიების შედგენის პროცესი კიდევ უფრო გახანგრძლივებულიყო.
რეგისტრაციის ტვირთი
NCDC-ისა და stopcov.ge-ს 26 ოქტომბრის სტატისტიკის მიხედვით:
- საქართველოში 18 692 ინფიცირებულია;
- აქედან სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 3 832 პირი;
- აქედან კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 3 769 პირი;
- აქედან კოვიდ-სასტუმროშია განთავსებული - 2 249 პირი.
შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ 18 692 პაციენტიდან სახლის პირობებში მკურნალობს 9000-მდე პირი. ეს ის კატეგორიაა, რომელმაც აუცილებელად უნდა დარეკოს ცესკოს ცხელ ხაზზე.
ცესკოში და აცხადებენ, რომ გადასატან საარჩევნო ყუთს, საჭიროების შემთხვევაში, მთელ მსოფლიოში ამომრჩეველი თავად ითხოვს და ყველასთან მიტანა რესურსისა და დროის უყაირათო ხარჯვა იქნებოდა.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ ვარაუდობენ, სტრესულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის მცირე დროში რეგისტრაციის ვალდებულება ზედმეტი ტვირთია, რამაც ისინი შესაძლოა ხმის მიცემის კონსტიტუციური უფლების გარეშე დატოვოს. არასამთავრობო ორგანიზაციაში ასევე ფიქრობენ, რომ ინფიცირებულების მსგავსად, ცესკოში დარეკვა არც თვითიზოლაციაში მყოფებს უნდა დასჭირვებოდათ და ეს ყველაფერი ავტომატურ რეჟიმში უნდა მომხდარიყო.
შესაბამისად, რეგისტრაციის პროცესის რამდენიმე საათით (27 ოქტომბრის 14:00 საათამდე) გახანგრძლივება, დღის წესრიგიდან ვერც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კრიტიკას ხსნის.