თუკი არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურთ, გადასატანი ყუთებისთვის ცესკოს აუცილებლად უნდა მიმართონ COVID-19-ის გამო თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა და ასევე ინფიცირებულებმა, რომლებიც სახლის პირობებში მკურნალობენ. ამისათვის მათ მხოლოდ 3-დღიანი ვადა აქვთ. მათგან განსხვავებით, გადასატანი ყუთებისთვის შექმნილ სპეციალურ სიებში ავტომატურად მოხვდებიან სტაციონარებში, კოვიდსასტუმროებსა თუ საკარანტინო სივრცეებში მყოფი პირები. არასამთავრობო სექტორში ამომრჩეველთა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის საფრთხეს ხედავენ. რა განმარტებები აქვს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
#45 დადგენილების თანახმად, თვითიზოლაციაში მყოფებსა და COVID-19-ით ინფიცირებულ ამომრჩევლებს, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ, ცესკოსთვის მიმართვის ვადა 24-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით აქვთ.
იმისათვის, რომ კენჭისყრის დღეს, 31 ოქტომბერს, გადასატანი საარჩევნო ყუთებით სარგებლობა შეძლონ, გასათვალისწინებელია შემდეგი:
- ისინი ტელეფონით უნდა დაუკავშირდნენ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს ნომერზე 251-00-51;
- სატელეფონო კავშირი შესაძლებელია 10:00 საათიდან 22:00 საათამდე.
ასეთი მომსახურებით ვერ ისარგებლებენ ის პირები, რომლებმაც ამა თუ იმ რისკფაქტორის გამო, პრევენციის მიზნით, თავად გადაწყვიტეს 12-დღით სახლში დარჩენა. გადასატანი ყუთებით სარგებლობისთვის პირი აუცილებლად უნდა იყოს სავალდებულო თვითიზოლაციის რეჟიმში და, შესაბამისად - ოფიციალურად უნდა იყოს აღრიცხული.
ამის შემდეგ, ცესკო მათ მონაცემებს გადაამოწმებს სახელმწიფო სტრუქტურებისგან მიღებულ სიებში და შესაბამისობის შემთხვევაში, ამომრჩევლები გადასატანი ყუთებისთვის შექმნილ სპეციალურ სიაში მოხვდებიან.
სიაში შეყვანისთვის ცესკოში დარეკვის ვალდებულება გაუმართლებლად მიაჩნიათ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ლევან ნატროშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს ვალდებულება დამატებითი ტვირთია ისედაც სტრესულ სიტუაციაში მყოფი პირებისთვის და, მით უმეტეს, როცა ეს მათ შემჭიდროებულ ვადებში უნდა გააკეთონ.
„შესაძლოა, ბევრმა ეს, დროის სიმცირის გამოც ვერ მოახერხოს და, შესაბამისად, ვერ ისარგებლოს თავისი საარჩევნო უფლებით. ჩვენ ვამბობდით, რომ უკეთესი იქნებოდა ყველა ამ ამომრჩევლის შეყვანა სპეციალურ სიებში და შემდეგ უკვე, მას რომ დაერეკა ცესკოში, ვისაც გადასატანი ყუთით სარგებლობა არ სურდა“, - გვეუბნება ნატროშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაციის ამ მოსაზრებას იცნობენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც, რადგან სპეცსიებსა და გადასატან ყუთებთან დაკავშირებული რეგულაციების შემუშავების პროცესი, მათ შორის - არასამთავრობო სექტორის ჩართულობით მიმდინარეობდა.
ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ასეთი მიდგომა არამართებულია:
„მსოფლიოში არავის ახსოვს პრეცედენტი, რომ სპეციალურ სიაში შეყვანილი ადამიანები თავად რეკავდნენ გადასატან ყუთებზე უარის თქმის მიზნით... უნდა დარეკოს მან, ვისაც ასეთი სურვილი აქვს. ავტომატურად ყველა ვერ შევა სპეციალურ სიაში. იქნებ ადამიანს არ უნდა გადასატანი ყუთით სარგებლობა და ყველასთან მისვლისას ტყუილად უნდა დაიკარგოს საარჩევნო ადმინისტრაციის დრო და რესურსი“.
თუმცა ეს კვლავაც რჩება ერთ-ერთ ის საკითხად, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ამ დრომდე განიხილავს „არასასურველი“ ამომრჩევლების სიის მიღმა დატოვების საფრთხედ. ცესკო ზუსტი აღრიცხვის პირობას დებს, მაგრამ ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ „სიაში თავიდანვე ყველას შეყვანა აგვარიდებდა ისეთ პრობლემებს, როცა შესაძლოა ვიღაცამ დარეკოს, მაგრამ დროის სიმცირის გამო, უბრალოდ ვერ მოასწრონ მისი ჩასმა სპეციალურ სიაში“.
ვინ რჩება გადასატანი ყუთის გარეშე
როგორც ცესკოში განუმარტეს რადიო თავისუფლებას, სტაციონარებში, კოვიდსასტუმროებსა და საკარანტინო სივრცეებში მყოფთა საბოლოო სია ჯანდაცვის სტრუქტურებიდან მათ ასევე 26 ოქტომბერს გადაეცემა.
შესაბამისად, სპეციალურ საარჩევნო სიებში ვერ მოხვდებიან და ვერც გადასატანი ყუთებით ისარგებლებენ ის პირები, რომლებსაც ინფექცია 26 ოქტომბრის შემდეგ დაუდასტურდებათ ანდა 26 ოქტომბრის შემდეგ დაეკისრებათ სავალდებულო საპრევენციო იზოლაციის ვალდებულება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის“ გაუგებარია, - რატომ ეზღუდებათ არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლება ამომრჩევლებს, როდესაც შესაძლებელი იქნებოდა მათი ავტომატური შეყვანა გადასატანი საარჩევნო ყუთისთვის შედგენილ სიაში, სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით.
როგორც ცესკოს სპიკერი, ანა მიქელაძე გვეუბნება, ტექნიკური სამუშაოებიც გარკვეულ დროს მოითხოვს და დადგენილებაში პროცედურები შესაძლებლობების მაქსიმუმის ფარგლებში გაიწერა:
„სპეციალურ სიებს სჭირდება ფორმირება და დამტკიცება. შემდეგ უნდა მოხდეს ამ სიების დაბეჭდვა. უნდა მოხდეს ბიულეტენების დაბეჭდვა. ეს არის ტექნიკური საკითხები და სჭირდება დრო...
საარჩევნო კოდექსის 32-ე მუხლის ჩანაწერის თანახმად, (არა კოვიდინფიცირებული) ამომრჩევლები, რომლებიც სამკურნალო დაწესებულებაში წვანან და კენჭისყრის დღისთვის არ იქნებიან გაწერილი, ამ პირთა სიას შესაბამისი დაწესებულება საარჩევნო ადმინისტრაციას გადასცემს კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-6 დღისა...
თუმცა ამ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციამ ეს ვადა პირიქით გაზარდა 26 ოქტომბრამდე და რომ გადავითვალოთ, არჩევნებამდე არა 6, არამედ 5 დღით ადრე გამოდის“.
#45 დადგენილების თანახმად, ამომრჩეველთა სპეციალურ სიას ცესკო ადგენს და ამტკიცებს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-3 დღისა. ანუ ამ შემთხვევაში ბოლო ვადას 28 ოქტომბერი წარმოადგენს.
არასამთავრობო ორგანიზაციასა და ცესკოს შორის კიდევ ერთი შეუთანხმებელი საკითხი სპეციალური საარჩევნო უბნების შექმნაა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ არ აკმაყოფილებს ის ფაქტი, რომ ხმის მიცემის პროცედურა ჩატარდება მხოლოდ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით და სპეციალური საარჩევნო უბნები არ შეიქმნება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა თუ საკარანტინო სივრცეებში, სადაც 30-ზე მეტი ამომრჩეველია. ცესკოში ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებით ახსნეს. არასამთავრობო ორგანიზაციაში კი მიიჩნევენ, რომ საარჩევნო უბნების შემთხვევაში, დაკვირვება უფრო უსაფრთხოც იქნებოდა და უფრო გამჭვირვალეც.
როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, კოვიდცენტრებში, საკარანტინო სივრცეებსა თუ სახლებში, გადასატანი ყუთების მოძრაობის პროცესს 31 ოქტომბერს არ დააკვირდებიან წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.
როგორც ლევან ნატროშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული გართულებული სიტუაციის გამო, ორგანიზაციისთვის ისედაც არ იყო იოლი დამკვირვებლების მობილიზება და ამ სეგმენტის დასაფარად დამატებითი რესურსები ვეღარ გამოინახა.