Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნივერსიტეტში საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა გაიმართა


გრძელდება საკონსტიტუციო ცვლილებების სამი პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა. 6 ივლისს მორიგი შეხვედრა გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც წარმოდგენილი ცვლილებები პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს გააცნეს. თბილისის შემდეგ საჯარო განხილვები რეგიონებში გადაინაცვლებს.

ქუთაისი, ბათუმი, თელავი, რუსთავი, გორი, ახალციხე და ოზურგეთი - ივლისის განმავლობაში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს საზოგადოებას სწორედ ამ ქალაქებში გააცნობენ. მანამდე კი კიდევ ერთი განხილვა თბილისში პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის მოეწყო. 6 ივლისის შეხვედრაზე კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორმა გიორგი კვერენჩხილაძემ მიმოიხილა, მუხლობრივად კი ცვლილებების პროექტი შეკრებილ საზოგადოებას საპარალამენტო უმრავლესობის წევრებმა გააცნეს. გიორგი კვერენჩხილაძის თქმით, პირველი ცვლილება შეეხება კონსტიტუციაში ცვლილების შეტანისათვის საჭირო კვორუმის შემცირების საკითხს. დღეს ამ ცვლილების მისაღებად პარლამენტის შემადგენლობის სამი მეოთხედია საჭირო, ახალი რედაქციით კი ეს მაჩვენებელი ორ მესამედამდე უნდა შემცირდეს:

პირველი ცვლილება შეეხება კონსტიტუციაში ცვლილების შეტანისათვის საჭირო კვორუმის შემცირების საკითხს... შემდეგი ცვლილებები საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობათა დაკავების უფლებას შეეხება.
“ჩემი აზრით, ეს მაჩვენებელი ორ მესამედამდე უნდა შემცირდეს, თუმცა, ამავე დროს, ძალიან მარტივად კონსტიტუციის მიღება არ უნდა ხდებოდეს. შეიძლება შუალედური ვარიანტის მოძებნა და ორ თანმიმდევრულ სესიაზე ორი მესამედით კონსტიტუციის მიღება“.

შემდეგი ცვლილებები საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობათა დაკავების უფლებას შეეხება. ახალი რედაქციით, აღნიშნული თანამდებობები შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც, იმავდროულად, უცხო ქვეყნის მოქალაქეც არის. მეორე ცვლილების პროექტი კი ითვალისწინებს პრემიერ-მინისტრის გადაჭარბებული უფლებამოსილების შეზღუდვასა და პარლამენტის კონტროლის გაძლიერებას მთავრობის შემადგენლობაში ცვლილების განხორციელებაზე.

რაც შეეხება ბიუჯეტის შესახებ კანონს, კვერენჩხილაძის თქმით, ორთვიან ვადაზე, რაც საბიუჯეტო წლის დაწყებიდან ბიუჯეტის განხილვისთვის არის გათვალისწინებული, მსჯელობა უნდა გაგრძელდეს, რადგან მას მოჰყვება მთავრობისთვის პარლამენტის მხიდან უნდობლობის გამოცხადების პროცედურა, დიდი ალბათობით კი, კვერენჩხილაძის თქმით, ბიუჯეტის კანონის მიუღებლობას ისევ პარლამენტი შეეწირება:

„აუცილებელია, რომ პარლამენტი ან მთავრობა 'დაისაჯოს' ბიუჯეტის ვერ თუ არ მიღების გამო, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე და არა შემდეგ, რადგან საბიუჯეტო წლის დაწყების შემდეგ თუ ორი თვის განმავლობაში ბიუჯეტის განხილვა გაგრძელდა, მერე - უნდობლობის პროცედურა, ამას შესაძლოა მოჰყვეს რიგგარეშე არჩევნები და რა გამოდის, რომ ნახევარი წელი ქვეყანა ბიუჯეტის გარეშე იქნება დარჩენილი“.

სტუდენტების სახელით 6 ივლისის შეხვედრაზე კრიტიკული მოსაზრებები საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის წევრმა გიორგი ჩიბჩიურმა წარმოადგინა. მისი თქმით, კონსტიტუციის გადასინჯვასთან მიმართებით გარკვეული რისკები არსებობს:

აუცილებელია, რომ პარლამენტი ან მთავრობა 'დაისაჯოს' ბიუჯეტის ვერ თუ არ მიღების გამო
გიორგი კვერენჩხილაძე
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონსტიტუციის ნაკლები ვოტუმით განხილვა შემდგომში უკვე ახალ ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევს მიიღოს ახალი კონსტიტუცია უფრო მარტივად, ვიდრე ეს დაწესებული იყო იმ ცვლილებებით, რომლებიც ამოქმედდებოდა 2013 წლის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების დღიდან. ჩვენ ვითხოვთ გარანტიებს, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს ცვლილებები წარმოადგენს ერთგვარ კარტ-ბლანშს ხელისუფლებისთვის, რადგან მას ვაძლევთ კონსტიტუციის უფრო მარტივად შემუშავების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ ვითხოვთ გარანტიას, რომ არ შეეხებიან ადამიანის უფლებების დაცვის სფეროს, ხელისუფლების გადანაწილების კუთხით არ იქნება ისეთი ფუნდამენტური ცვლილებები, რომ შემდგომში ამან ნეგატიური გავლენა მოახდინოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და ა.შ.“.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად პროცედურა უნდა გართულდეს, თუმცა, მისი თქმით, შემდგომი ერთი თვის განმავლობაში დაგეგმილი საჯარო განხილვები სწორედ იმას ემსახურება, რომ ყველა არგუმენტირებული შენიშვნა იყოს გაზიარებული.

6 ივლისს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმაც აღნიშნა, რომ პარლამენტის უმრავლესობა, 82 დეპუტატის სახით, მზადაა ამ შენიშვნების გასაზიარებლად.

შემოთავაზებული ცვლილებები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა 5 ივლისს გამართულ შეხვედრაზეც გააკრიტიკეს. მათი აზრით, კონსტიტუცია არ უნდა შეიცვალოს პოლიტიკური მოცემულობის შესაბამისად, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა. სწორედ ამიტომ სამოქალაქო საზოგადოება მიიჩნევს, რომ ყველა სადავო მუხლზე კომპეტენტური ადამიანებისგან შემდგარმა საკონსტიტუციო კომისიამ უნდა იმჯელოს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG