Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა დაკავებულ მაღალჩინოსნებს


საქალაქო სასამართლო
საქალაქო სასამართლო
საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დაკავებული 12 პირიდან 10-ს წინასწარი 55-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს შოთა ხიზანიშვილსა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს ვაჟა ლილუაშვილს კი პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. დღესვე მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა 2 დღის წინ დაკავებული შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავას ადვოკატმა. ის გუნავას დაკავებისას იარაღისა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ჩადებაზე ლაპარაკობს. ამასთან, მთავარი პროკურორის განცხადებით, ორშაბათს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას ბრალს დაუსწრებლად წარუდგენენ.

იმ მოტივით, რომ საქმის არსებით განხილვამდე გამოძიებას ხელს შეუშლიდნენ ან მიიმალებოდნენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა მინისტრისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დაკავებული 10 პირის დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს გამოყენების თაობაზე. სასამართლო პროცესზე თავად დაკავებულები, ხოლო პროცესის დასრულების შემდეგ უკვე ადვოკატები ამბობდნენ, რომ დაკავებისას დაირღვა პროცესუალური ნორმები: დაკავების თარიღად პროკურატურამ 15 ნოემბრის დილის საათები გააფორმა, როცა დაკავება რეალურად წინა დღით მოხდა. ირაკლი ჩიკვაიძე, დაკავებული 10 პირიდან 4-ის ადვოკატი, ამბობს, რომ, მიუხედავად მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიერ დანაშაულის აღიარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზაობისა, ამასთან, დაკავებისას დაშვებული პროცესუალური დარღვევებისა, სასამართლომ წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, ადვოკატი ირაკლი ჩიკვაიძე მოსამართლის გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ მიიჩნევს:

”არ უნდა მომხდარიყო დაკმაყოფილება პროკურატურის შუამდგომლობისა, ვინაიდან დარღვეული იყო ბრალდების წარდგენისათვის დადგენილი 48-საათიანი ვადაც და, გარდა მაგისა, არ იყო განჩინება სასამართლოსი დაკავების თაობაზე...“
გუნავას პოლიციის უფროსობის დროს სამეგრელოდან პრაქტიკულად მოიკვეთა და აღარ არსებობდა არათუ ნარკოტიკების რეალიზაცია, მოხმარებაც კი და ეს იყო სიმბოლო ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და, ალბათ, ცოტა დამცინავად ჟღერს, რომ გუნავას ბრალი წაუყენეს ნარკოტიკების მოხმარებასა თუ შენახვაში და.შ. რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად სასაცილო...
ვანო მერაბიშვილი


დაკავებული პირები სააპელაციო სასამართლოს ორშაბათს მიმართავენ, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების გაუქმების მოთხოვნით.

17 ნოემბერს კი პროკურატურამ ოფიციალურად წარუდგინა ბრალი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს შოთა ხიზანიშვილს და კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს ვაჟა ლილუაშვილს: მათ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით ედებათ ბრალი. შოთა ხიზანიშვილის საქმეში ტექნიკური საშუალებით ინფორმაციის უკანონო მოპოვებაც ფიგურირებს.
ორი დღის წინ დაკავებული შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავას ადვოკატი გიორგი ონიანი კი მთავარ პროკურატურას საჩივრით მიმართავს. გიორგი ონიანის განცხადებით, თენგიზ გუნავას დაკავებისას იარაღი და ნარკოტიკები ჩაუდეს:

”ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მას თითქოსდა აღმოუჩინეს, როგორც დაკავებული ამბობს, საერთოდ თვალითაც არ უნახავს, ანუ არც ჩაუდვიათ, პირდაპირ, როგორც ჩანს, დალუქეს და, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მათ არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, პირიქით, აქეთ მხარეს არსებობს ძალიან ბევრი მტკიცებულება, რომ, უბრალოდ, გონივრულ ეჭვს სცდება: ყოფილი ოპერატიული თანამშრომელი, თუკი მას რაიმე უკანონო ედო, რომელიმე ჭკუათმყოფელი როგორ დაუშვებს იმას, რომ იგი ამ უკანონო ნივთს არ მოიშორებდა?”

თენგიზ გუნავას დაკავებას 16 ნოემბერს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წევრი გამოეხმაურა. პავლე კუბლაშვილმა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მიულოცა დაკავებისას ნარკოტიკების და იარაღის ჩადების პრაქტიკის პირველი პრეცედენტი. ყოფილმა პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა კი განაცხადა, რომ გუნავა თავად იყო ნარკოტიკების მოხმარებისა და გასაღების წინააღმდეგ ბრძოლაში აქტურად ჩართული:

”გუნავას პოლიციის უფროსობის დროს სამეგრელოდან პრაქტიკულად მოიკვეთა და აღარ არსებობდა არათუ ნარკოტიკების რეალიზაცია, მოხმარებაც კი და ეს იყო სიმბოლო ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და, ალბათ, ცოტა დამცინავად ჟღერს, რომ გუნავას ბრალი წაუყენეს ნარკოტიკების მოხმარებასა თუ შენახვაში და.შ. რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად სასაცილო”.
უკიდურესად აუცილებელია, რომ ეს პროცესი წარიმართოს აბსოლუტურად გამჭვირვალედ. ყველამ უნდა ნახოს, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა აღსრულებულია და ყველამ, ვინც კანონი დაარღვია, პასუხი უნდა აგოს, მაგრამ, ამავე დროს, გამორიცხული უნდა იყოს შერჩევითი სასამართლო დევნა...
ფილიპ გორდონი


პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, თუ თენგიზ გუნავასთან დაკავშირებით საქმე მის კომიტეტში შევა, მზად არის განიხილოს და გამოიკვლიოს ყველა ის გარემოება, რომელთაც ადვოკატები საქმესთან დაკავშირებით წარადგენენ. მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით კი, პროკურატურას გუნავას დაკავებაში მონაწილეობა არ მიუღია და ოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეასრულა. ამასთან, როგორც 16 ნოემბერს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა რადიო ”პალიტრის” გადაცემა ”რეზიუმეში” განაცხადა, ორშაბათს ბრალს დაუსწრებლად წაუყენებენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას. მისი სახელია მოხსენიებული პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ერთ-ერთი დაკავებული პირის ჩვენებაშიც. არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ასევე შესაძლოა მომავალში სხვა თანამდებობის პირთა მიმართაც გაჩნდეს სისხლის სამართლის ბრალდებები.

დღესაც და გუშინაც სამართალდამცავი სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირთა დაკავებას გამოეხმაურა საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი. მისი სიტყვებით, ”უკიდურესად აუცილებელია, რომ ეს პროცესი წარიმართოს აბსოლუტურად გამჭვირვალედ. ყველამ უნდა ნახოს, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა აღსრულებულია და ყველამ, ვინც კანონი დაარღვია, პასუხი უნდა აგოს, მაგრამ, ამავე დროს, გამორიცხული უნდა იყოს შერჩევითი სასამართლო დევნა”.

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ფილიპ გორდონთან შეხვედრის შემდეგ აბსოლუტურად გამორიცხა შერჩევითი დევნის შესაძლებლობა. მსგავს შეფასებებს აკეთებს იუსტიციის მინისტრი, აგრეთვე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმრავლესობის სხვა წარმომადგენლები.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG