მუსტაფა ემრე ჩაბუქი 19 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა პატიმრობიდან. ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება მორიგი სასამართლო სხდომა, რომელზედაც მისი ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობა განიხილება. წინასაექსტრადიციო პატიმრობიდან გათავისუფლებიდან მეორე დღეს მუსტაფა ემრე ჩაბუქმა ვრცელი ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლებას:
რადიო თავისუფლება: გუშინ, 19 თებერვალს, სასამართლოს შენობიდან გამოსვლის შემდეგ, განაცხადეთ, რომ პოლიტიკური პატიმარი იყავით. შეგიძლიათ ახსნათ, რატომ ფიქრობთ ასე და რატომ სურს თურქეთს თქვენი ციხეში ყოფნა?
დიახ, თურქეთის მთავრობამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოუგზავნა დოკუმენტები თურქეთის საელჩოს დახმარებით. ყველა ეს დოკუმენტი მეც წავიკითხე. სამწუხაროდ, ყველაფერი, რაც იქ წერია, ტყუილია...მუსტაფა ემრე ჩაბუქი
მუსტაფა ემრე ჩაბუქი: დიდი მადლობა ინტერვიუზე მოწვევისთვის. გუშინ, 19 თებერვალს, მე გამათავისუფლეს პატიმრობიდან. ჩემი ამბავი არის სწორედაც პოლიტიკური, რადგან თურქეთის პროკურორები ბრალს მდებენ თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად დასახელებული „ფეტოს“ წევრობაში, მე კი, 15 წელია, ვმუშაობ საქართველოში. მასწავლებელი ვარ. ვმუშაობ განათლების სფეროში. ამ 15 წლის განმავლობაში მხარი არ დამიჭერია არც ერთი არაკანონიერი ან კანონიერი ჯგუფისთვის. ამის მიუხედავად, თურქეთის პროკურორები მოითხოვენ ჩემს თურქეთში ექსტრადიციას. ჩემი საქართველოში ცხოვრების 15 წელი თვალსაჩინო იყო ყველა ადამიანისთვის, საქართველოს პოლიციისთვისაც. არასდროს ჩამიდენია დანაშაული არც საქართველოში და არც თურქეთში. შესაძლებელია, თურქეთში ვინმემ რაიმე დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ თურქეთის პროკურატურას სურს ისე წარმოაჩინოს, რომ მეც იმ დანაშაულის მონაწილე ვარ. მე არ ვარ არც ერთი ტერორისტული ჯგუფის წევრი და არც ფინანსური მხარდამჭერი. ერთ-ერთი ბრალდება ჩემ მიმართ სწორედ ეს არის, რომ თითქოს ფინანსურად ვეხმარები ტერორისტულ ჯგუფებს. არც ჩემი პირადი და არც სკოლების ანგარიშებიდან არასდროს გადამირიცხავს ერთი თეთრიც კი რომელიმე კომპანიისთვის, ლეგალური კომპანიისთვისაც. ეს ჩემი ადვოკატების დახმარებით სასამართლოზეც დავადასტურე.
რადიო თავისუფლება: გქონდათ თუ არა საშუალება გენახათ დოკუმენტები, რომლებიც თურქეთის მთავრობამ საქართველოს მთავრობას მიაწოდა?
მუსტაფა ემრე ჩაბუქი: დიახ, თურქეთის მთავრობამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოუგზავნა დოკუმენტები თურქეთის საელჩოს დახმარებით. ყველა ეს დოკუმენტი მეც წავიკითხე. სამწუხაროდ, ყველაფერი, რაც იქ წერია, ტყუილია.
რადიო თავისუფლება: საქართველოში და არამხოლოდ საქართველოში არსებულ ზოგიერთ სკოლას თუ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებას მედიაში მოიხსენიებენ ფეტულა გიულენთან დაკავშირებულ სკოლად და დაწესებულებად. გაქვთ თუ არა რაიმე კავშირი ან რაიმე დამოკიდებულება გიულენთან? როგორ უყურებთ მას - განიხილავთ თუ არა მას ტერორისტების მხარდამჭერად, როგორადაც თურქეთის მთავრობა თვლის?
მუსტაფა ემრე ჩაბუქი: არა. ბატონი გიულენი, დაახლოებით 20 წელია, შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. არ არსებობს არანაირი კავშირი ფეტულა გიულენსა და საქართველოში მოქმედ სკოლებს, მათ შორის დემირელის სკოლას შორის. ის არ არის ამ სკოლების მესაკუთრე, არ არის მათი მხარდამჭერი და არ ფლობს არც ერთი მათგანის აქციებს. ის არის სასულიერო პირი და, უბრალოდ, ბევრს ურჩევს გახსნან სკოლები კარგი განათლების, ქვეყნებსა და ადამიანებს შორის კარგი ურთიერთობის, მშვიდობის, კანონის უზენაესობის, შემწყნარებლობის მხარდასაჭერად. ის სკოლების გახსნას ურჩევს ბიზნესმენებს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოში მოქმედი სკოლების აქციების მფლობელები - სამი პირი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს - მიჰყვნენ ამ რჩევას და სკოლები გახსნეს საქართველოში. არ არსებობს არანაირი კავშირი ფეტულა გიულენსა და საქართველოში არსებულ სკოლებს შორის.
რადიო თავისუფლება: რადგან სკოლებზე საუბარს შევუდექით, ვიტყვი, რომ თქვენი პატიმრობის პერიოდში საქართველოს განათლების სამინისტრომ დემირელის სახელობის კოლეჯს შეუჩერა ავტორიზაცია. იყო თუ არა მსგავსი პრობლემები თქვენ პატიმრობამდე, ავტორიზაციასთან დაკავშირებული?
მუსტაფა ემრე ჩაბუქი: დიახ, ჩემ პატიმრობამდე, 2016 წლის აგვისტოში, ფინანსთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება დემირელის სკოლაში, რუსთავის სკოლასა და თბილისში მდებარე საერთაშორისო სკოლაში. გამოძიების შედეგად მათ ვერ აღმოაჩინეს რაიმე შეცდომა ან ფინანსური ხარვეზი. 2017 წლის იანვარში ბათუმში მდებარე სკოლას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ავტორიზაცია შეუჩერა. მათ დახურეს სკოლა ბათუმში. ამას მოჰყვა სამართლებრივი პროცესი და ის დღემდე გრძელდება. 2017 წლის მაისში, ჩემი დაპატიმრებიდან 4-5 თვეში, დემირელის კოლეჯმა განათლების სამინისტროს მიმართა ავტორიზაციის განახლების თხოვნით, რადგან წინა ავტორიზაციის ვადა 2017 წლის აგვისტოში იწურებოდა. სამინისტრომ არ განაახლა ავტორიზაცია. იმ დროს ციხეში ვიყავი და პროცესის დეტალებს არ ვიცნობ, - ჩემი ამბით ვიყავი მოცული, - თუმცა ძალიან გულდაწყვეტილი ვარ ამ გადაწყვეტილების გამო.
რადიო თავისუფლება: ხედავთ რაიმე პოლიტიკურ საფუძველს ამ გადაწყვეტილების უკან?
მუსტაფა ემრე ჩაბუქი: შორს არ ვარ ამგვარი ვარაუდისგან.
დააპატიმრეს არა მხოლოდ მასწავლებლები, არამედ პროკურორები, სამხედრო პირები, პოლიციელები, ექიმები. დახურეს საავადმყოფოები და უნივერსიტეტები. ამან გამიჩინა საქართველოში მოქმედი სკოლებისთვის ცუდის მოლოდინის განცდა, თუმცა ჩემ დაპატიმრებას არ ველოდი...მუსტაფა ემრე ჩაბუქი
რადიო თავისუფლება: თქვენ დაკავებამდე გქონდათ თუ არა რაიმე მოლოდინი, რომ პრობლემები შეიძლება შეგქმნოდათ? გქონდათ თუ არა რაიმე ინფორმაცია? ხომ არ იყო რაიმე ნიშანი თქვენი მეგობრებისგან თურქეთში ან კოლეგებისგან?
მუსტაფა ემრე ჩაბუქი: ეს უფრო შეგრძნება იყო, ჩემს თავს რაღაც ცუდის მოლოდინის.
რადიო თავისუფლება: ვინმესგან რამე მსგავსი შეიტყვეთ, თუ რატომ?
მუსტაფა ემრე ჩაბუქი: კი, მქონდა ინფორმაცია თურქეთში მყოფი ჩემი მეგობრებისგან. როგორც იცით, 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ათასობით სკოლა, საერთო საცხოვრებელი და უნივერსიტეტი დაიხურა. ბევრი მასწავლებელი დააპატიმრეს, ბევრმა სამსახური დაკარგა. დააპატიმრეს არა მხოლოდ მასწავლებლები, არამედ პროკურორები, სამხედრო პირები, პოლიციელები, ექიმები. დახურეს საავადმყოფოები და უნივერსიტეტები. ამან გამიჩინა საქართველოში მოქმედი სკოლებისთვის ცუდის მოლოდინის განცდა, თუმცა ჩემ დაპატიმრებას არ ველოდი.
რადიო თავისუფლება: როგორ მოხდა ეს 2017 წლის 24 მაისს?
მუსტაფა ემრე ჩაბუქი: დაახლოებით დილის 9 საათი იქნებოდა. რუსთავის სკოლაში წასვლას ვაპირებდი საქმიანი ვიზიტით. 9:30 იქნებოდა, პოლიციამ დააკაკუნა და მე დამაპატიმრეს. ისინი ზრდილობიანად იქცეოდნენ.
რადიო თავისუფლება: ეს უკვე სკოლაში მოხდა?
მუსტაფა ემრე ჩაბუქი: არა, სახლში ვიყავი.
რადიო თავისუფლება: ანუ ჯერ კიდევ სახლში იყავით.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი: დიახ და ვემზადებოდი რუსთავის სკოლაში წასასვლელად და ათის ნახევარზე დამაკავეს.
რადიო თავისუფლება: მაშინვე გითხრეს, რატომ დაგაკავეს?
მუსტაფა ემრე ჩაბუქი: დიახ, პოლიციამ მითხრა, რომ საქართველოში დანაშაული არ ჩამიდენია, რომ თურქეთის იუსტიციის სამინისტრო ითხოვს ჩემ ექსტრადიციას და ამიტომ დამაკავეს. მათ მითხრეს ამის შესახებ.
რადიო თავისუფლება: თითქმის 9 თვე გაატარეთ პატიმრობაში. რაზე ღელავდით ყველაზე მეტად ამ ხნის განმავლობაში?
მუსტაფა ემრე ჩაბუქი: რა თქმა უნდა, თავისუფლების დაკარგვის გამო. ჩემს მეგობრებს ვეუბნებოდი გუშინ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა იყო თავისუფლების დაკარგვა. ერთი მეცნიერი ამბობდა, მე შემიძლია ვიარსებო წყლისა და პურის გარეშე, მაგრამ არ შემიძლია თავისუფლების გარეშე არსებობაო. მეც ასევე ვფიქრობ. რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახისა - შვილების, მეუღლის - და მეგობრების გარეშე ყოფნა მძიმე იყო ჩემთვის.
რადიო თავისუფლება: რა გითხრეს გუშინ შვილებმა? თქვენ მათ სკოლაში შეხვდით და არა სასამართლოსთან, არა?
მუსტაფა ემრე ჩაბუქი: დიახ, სკოლაში იყვნენ. სასამართლოს სხდომის მერე ყველანი ერთად წავედით სკოლაში. ყველა მოწაფე სკოლის ეზოში დამხვდა. მე და ჩემმა შვილებმა ვერაფერი ვუთხარით ერთმანეთს, რადგან ისინი ტიროდნენ და მე კი ვცდილობდი არ მეტირა, ძლიერად წარმომეჩინა თავი. სინამდვილეში, 10-15 წუთი ვერ ვლაპარაკობდით. შემდეგ ყველანი ერთად შევედით სკოლაში და მე იქ მოკლე სიტყვა ვთქვი, მივმართე ყველა მოსწავლეს. ისინი მილოცავდნენ. მე მათ ვუთხარი, რომ ერთი დღეც არ დამვიწყებია ისინი და ვფიქრობდი მათზე, რადგან მე მასწავლებელი ვარ. მოსწავლეები ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ. თავისუფლების დაკარგვა, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, მაგრამ მოსწავლეებისგან შორს ყოფნა ასევე ძალიან მძიმეა მასწავლებლისთვის. ოჯახსა და მოსწავლეებთან შეხვედრა წარმოუდგენელი სიხარული იყო.
რადიო თავისუფლება: საქართველოს ხელისუფლებამ უარი გითხრათ ლტოლვილის ან რაიმე ჰუმანიტარული სტატუსის მონიჭებაზე. აპირებთ კიდევ ამ პროცესის გაგრძელებას?
მუსტაფა ემრე ჩაბუქი: როგორც ვიცი, 6 თვის გასვლის შემდეგ შეგვიძლია ახალი განცხადებით მიმართვა. ზუსტად არ ვიცი, როდის გადის ეს ექვსთვიანი ვადა ჩემთვის, თუმცა, როცა ახალი განცხადებით მივმართავთ, წარვუდგენთ ახალ დოკუმენტებს, ახალ გარემოებებს, რომლებითაც განვამტკიცებთ მოთხოვნის საჭიროებას. ჩემი ადვოკატები მუშაობენ ამ საკითხზე. მე და ჩემი ოჯახი ვაპირებთ კიდევ ერთხელ ვცადოთ საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მიღება.
რადიო თავისუფლება: რა ინფორმაცია გაქვთ - იყო თუ არა თქვენი ოჯახი დაცული, ვიდრე თქვენ ციხეში იმყოფებოდით?
ეს პოლიტიკური საკითხია. რისი გაკეთება შეუძლია მასწავლებელს?.. მე სასამართლოშიც ვთქვი: მე მასწავლებელი ვარ. ჩავიდინე რაიმე დანაშაული საქართველოში? აღმომიჩინეთ რაიმე იარაღი? მე ხომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში მდებენ ბრალს! ვმუშაობ 400 მასწავლებელსა და ათასობით მოსწავლესთან ერთად...მუსტაფა ემრე ჩაბუქი
მუსტაფა ემრე ჩაბუქი: ჩემი დაპატიმრებიდან 3-4 თვის შემდეგ მათ სოციალური ქსელებით მიიღეს მუქარები თურქეთიდან. ამან შეგვაშინა და მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პროგრამაში ჩასართავად. მათ შეისწავლეს საკითხი - ნამდვილად გვჭირდებოდა თუ არა დაცვა და გადაწყვიტეს ჩემი ოჯახის დაცვის პროგრამაში ჩართვა, რაც დღემდე ძალაშია. ციხეში რომ ვიყავი, ჩემს ოთახზე ხორციელდებოდა 24-საათიანი ვიდეოდაკვირვება ჩემი უსაფრთხოების დაცვისთვის.
რადიო თავისუფლება: რამდენად ეფექტიანი იყო და არის თქვენი ოჯახისთვის დაცვის ეს გზა? უსაფრთხოდ გრძნობთ თავს? პროგრამა მუშაობს, მაგრამ დაცულად გრძნობთ თავს?
მუსტაფა ემრე ჩაბუქი: სამწუხაროდ, ციხეში ყოფნისას თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი, მაგრამ ახლა, როცა გარეთ ვარ, არ ვგრძნობ იმასვე, რადგან ვიღებ დიდ ინფორმაციას სოციალური მედიიდან თურქეთსა და სხვა ქვეყნებში სკოლების ადმინისტრაციებსა და მასწავლებლებად მომუშავე ადამიანების გატაცების შესახებ. ასე რომ, ცოტა არ იყოს, ვშიშობ ჩემი და ჩემი ოჯახის სიცოცხლის გამო. სამწუხაროდ, თავს დაცულად არ ვგრძნობთ.
რადიო თავისუფლება: თქვენი აზრით, რისი ეშინია თურქეთის მთავრობას? რატომ უნდა ეშინოდეს მას მასწავლებლების? არამხოლოდ მათი, მაგრამ მასწავლებლებისაც...
მუსტაფა ემრე ჩაბუქი: მასწავლებლებისაც თურქეთში...
რადიო თავისუფლება: არამხოლოდ თურქეთში. თქვენ არ ხართ ერთადერთი ადამიანი, ერთადერთი მასწავლებელი, რომლის გადაცემასაც თურქეთი მოითხოვს.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი: ეს პოლიტიკური საკითხია. რისი გაკეთება შეუძლია მასწავლებელს?.. მე სასამართლოშიც ვთქვი: მე მასწავლებელი ვარ. ჩავიდინე რაიმე დანაშაული საქართველოში? აღმომიჩინეთ რაიმე იარაღი? მე ხომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში მდებენ ბრალს! ვმუშაობ 400 მასწავლებელსა და ათასობით მოსწავლესთან ერთად. ვმუშაობთ კანონიერად. ჩვენს სკოლებს ჰქონდათ ავტორიზაცია და ყველა ნებართვა, რაც საჭირო იყო. როგორც სკოლას, არაფერი დაგვიშავებია. ჩვენი არც ერთი მასწავლებლისთვის არაფერი აღმოუჩენიათ, ერთი პატარა ჯიბის დანაც კი. არც ერთ მათგანს არაფერი ჩაუდენია საქართველოში. სოციალური მედიიდან ვიგებ, რომ თურქეთში პროკურორები მასწავლებლებს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე სდებენ ბრალს ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერაში. 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობიდან 5-6 დღეში მათ ბრალი დასდეს ბატონ გიულენს და ბრალი დასდეს ათასობით მასწავლებელს. როგორ შეიძლება ამდენ ხალხს, მათ შორის მასწავლებლებს, რომლებიც თურქეთის გარეთ მუშაობენ, ერთნაირად სდებდე ბრალს?! ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად. „ემნისტი ინტერნეშნლი“ და „ჰიუმან რაიტს უოჩი“ თავიანთ ანგარიშებში, აგრეთვე საქართველოსა და სხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები მხარს გვიჭერენ. მათი ანგარიშები წარედგინა სასამართლოს და ისინი ადასტურებენ ჩვენს სიმართლეს. მათი დახმარებით მე თავისუფალი ვარ.
რადიო თავისუფლება: ასე ფიქრობთ?
მუსტაფა ემრე ჩაბუქი: დიახ, ასე ვფიქრობ.
რადიო თავისუფლება: თქვენ რამდენჯერმე მოგინახულეს პირებმა საქართველოდან და უცხოეთიდან. ბოლოს ეს იყო ევროპარლამენტის წევრი რებეკა ჰარმსი, რომელთან ინტერვიუც ამ სტუდიაში ჩავწერეთ. ფიქრობთ, რომ თქვენი ციხიდან გამოსვლა ამ ვიზიტებს, ანგარიშებსა და ზეგავლენას უკავშირდება?
ერთ დღესაც ჩვენ შეგვეძლება თავისუფლად მოვინახულოთ ჩვენი ოჯახები, თუმცა ამას დროს სჭირდება...მუსტაფა ემრე ჩაბუქი
მუსტაფა ემრე ჩაბუქი: რა თქმა უნდა. 24 მაისს ჩემი დაპატიმრების შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში ჩემ სანახავად მოვიდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, სახალხო დამცველის წარმომადგენლები. მათ მუდმივი კავშირი ჰქონდათ ჩემს ადვოკატებსა და მეგობრებთან. ყოველთვის ვგრძნობდი მათ მხარდაჭერას. ციხიდან გამოსვლის შემდეგ შევიტყვე, რომ ჩემთვის ლტოლვილის სტატუსზე უარის შემდეგ 21-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ პრეზიდენტის სახელზე დაწერა წერილი და ჩემი და ჩემი ოჯახის წევრებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება მოითხოვა. ეს მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამას გარდა, ევროპარლამენტის წევრმა რებეკა ჰარმსმა ორჯერ მომინახულა - პირველად 2017 წლის ივლისში და მეორედ ახლახან, ერთი კვირის წინ. მას სჯერა ჩემი, ჩვენი, ჩვენი სკოლების და მართლაც დიდი მხარდაჭერა აღმოგვიჩინა. ვნახე მისი სატელევიზიო ინტერვიუები და ეს ძალიან ფასეული იყო ჩემთვის.
რადიო თავისუფლება: ბატონო ჩაბუქ, ხედავთ თუ არა თქვენი და თქვენი ოჯახის მომავალს თურქეთში?
მუსტაფა ემრე ჩაბუქი: რა თქმა უნდა, მჯერა ამის. არ ვიცი როდის, მაგრამ ერთ დღეს...
რადიო თავისუფლება: რა შეიძლება მოხდეს ერთ დღეს?
მუსტაფა ემრე ჩაბუქი: ერთ დღესაც ჩვენ შეგვეძლება თავისუფლად მოვინახულოთ ჩვენი ოჯახები, თუმცა ამას დროს სჭირდება...