„მარგალიტის საიდუმლო. ეზიდთა საკრალური პოეზია“ - ასე ჰქვია წიგნს, რომელიც წელს გამოიცა საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს, ეზიდური კვლევების ცენტრისა და გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მიერ გამომცემლობა „უნივერსალში“. ესაა პირველი მცდელობა ეზიდური რელიგიის წმინდა ტექსტების ქართულ ენაზე გადმოტანისა და, ამავდროულად, ეზიდური რელიგიის ფუნდამენტური პრინციპების გადმოცემის. ანუ წიგნის პირველ ორ კარში მკითხველს შეუძლია ეზიდიზმის წარმოშობისა და ისტორიული განვითარების, მისი კოსმოგონიის, ეზოთერიკის, სხვა რელიგიებთან მისი დამოკიდებულების შესახებ შეიქმნას წარმოდგენა, მესამე კარში კი წმინდა ყავლების თარგმანებია, შესრულებული დათო ბარბაქაძის მიერ. ისინი ეზიდებისთვის ჭეშმარიტების საგანძურია და მათ წმინდა წერილს უცვლის. ყავლები უძველესი პოეზიის ნიმუშებია, ძირითადად შექმნილი კურმანჯიზე, ანუ ეზიდთა ენაზე, და ტრადიციულ მუსიკალურ ინსტრუმენტთა თანხლებით სრულდება. გამომდინარე აქედან, გამოცდილი პოეტის მიერ ამ ტექსტების თარგმნა, შეიძლება ითქვას, საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. თავად დათო ბარბაქაძე თავის წინათქმაში აღნიშნავს, რომ „წინამდებარე თარგმანი ნასაზრდოებია იმ კულტურული ტრადიციით, რომელიც თამაზ ჩხენკელის, ზურაბ კიკნაძის, ბესიკ ადეიშვილისა და ლერი ალიმონაკის მთარგმნელობითმა ესთეტიკამ შექმნა.“ წიგნის რედაქტორია ზურაბ კიკნაძე. ის თავის წინასიტყვაში აცოცხლებს იმ გარემოს, სადაც მრავალი ათეული წლის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა უბნებში თავიანთი კოლორიტული რიტუალებით და უპრეტენზიო ყოფით ცხოვრობდნენ ჩვენში ქურთებად წოდებული ეზიდები. „ამ წყნარი, მორჩილი ადამიანების შემხედვარე, ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენს, რომ ისინი თავისუფლებისთვის მებრძოლი, გაუტეხელი ხალხის ნაწილია“, - წერს ზურაბ კიკნაძე, და ბარემ აქვე აღვნიშნოთ, რომ ეს წიგნი 2014 წელს შანგალის გენოციდის შედეგად დაღუპული ეზიდების ხსოვნას ეძღვნება.
როგორც ხედავთ, ამ წიგნზე თავის საქმეში უაღრესად კომპეტენტურმა ადამიანებმა იმუშავეს, თუმცა ეს წიგნი ვერ შედგებოდა, რომ არა საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღვარი, აღმოსავლეთმცოდნე დიმიტრი ფირბარი. მოვუსმინოთ მას.
დიმიტრი ფირბარი: დაახლოებით, 10-15 წლის წინ ჩავიფიქრე გამოცემა ამ წიგნისა, იმიტომ რომ საზოგადოება არ იცნობს ეზიდურ რელიგიას. თავად ეზიდებმაც კი არ იციან თავისი რელიგიის შესახებ სრულყოფილად. ჩანაფიქრი იყო ასეთი: გამოიცეს მოკლე ინფორმაცია ეზიდური რელიგიის შესახებ და მერე ამ ტექსტების თარგმანი, მაგრამ შეიცვალა რაღაცები და უკვე ვრცლად დავწერეთ მთელი არსი ეზიდური რელიგიის. მჭირდებოდა ისეთი ადამიანები ჩამერთო ამ საქმიანობაში, რომელებიც იყვნენ თან რელიგიის და ფილოსოფიის სპეციალისტები, მცოდნეები, თან ლიტერატურასთან ახლომდგომი ადამიანები. ჩაფიქრებული იყო რუსული და ქართული თარგმანის ერთდროულად გამოცემა, მაგრამ ვერ მოხერხდა, სამწუხაროდ, და პირველი თარგმანი შესრულდა რუსულად. არის ასეთი პოეტი, რელიგიათმცოდნე და თეოლოგი დიმიტრი შედროვიცკი. მე შევასრულე პწკარედი კურმანჯიდან და უკვე ბატონმა დიმიტრი შედროვიცკიმ შეასრულა პოეტური თარგმანი. პარალელურად ვეძებდი მთარგმნელს, რომელიც ქართულად შეასრულებდა ამ ტექსტების თარგმანს. კითხვები დავუსვი რამდენიმე თეოლოგს, ლიტერატურათმცოდნეს და ერთხელ ვკითხე ბექა მინდიაშვილს და ბექამ მირჩია ბატონი დათო. დაგვაკავშირა ერთმანეთს. მოგვიწია ძალიან დიდი ხანი ურთიერთობა ამ საკითხთან დაკავშრიებით და დამყარდა ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობა ჩვენ შორის. შესანიშნავად შეასრულა ბატონმა დათომ ეს თარგმანები პწკარედიდან და დიდ მადლობას ვუხდი მას. მადლიერი ვარ ძალიან ღმერთისა, რომ შემახვედრა ეს ადამიანი.
ცხადია, როცა ასეთ წიგნზეა საუბარი, ძნელია დაკონკრეტდე, გამოყო რაღაც, გააკეთო აქცენტები. თუმცა, თუ ამას მაინც შევეცდებით, ალბათ, ყველაზე საგულისხმო და ბევრი რამის განმსაზღვრელი არის ის, თუ როგორ ხედავს მოცემული რელიგია სამყაროს შექმნის სურათს. ეს სურათი დიმიტრი ფირბარს თავის ნარკვევში რვა ეტაპადა აქვს დაყოფილი: სჯულის ფიცარი და კალამი; ტახტი; ხე; მარგალიტი; ლამპარი; ხარყა; ზღვადმავლობა; შემდგომი შესაქმე. აქედან მარგალიტის ხატი ცენტრალურია ყავლებში.
"მარგალიტი მეფემ თვისგან შეიმოქმედა,
გაიოცა და მასში შთავიდა,
განბჭო, და იგი დაადგინა სავანედ თვისდა".
ანუ მთელი დინამიკა შესაქმის პროცესისა ამ სამ სტრიქონშია ნაჩვენები. ღმერთი აჩენს მარგალიტს, მაგრამ შემდეგ თავად ჩნდება მის მიერ გაჩენილი მარგალიტისგან. მოვუსმინოთ კვლავ დიმიტრი ფირბარს.
დიმიტრი ფირბარი: ყავლები აგებულია მეტაფორებზე, იმიტომ რომ ეს არის მისტიკური ტექსტები, ფაქტიურად. აწყობილია სულ სიმბოლოებზე, ალეგორიებზე და აქ ამ მეტაფორების უკან ბევრი რამ იმალება. ანუ შეიძლება სხვადასხვანაირად განიმარტოს. მაგალითად: ზღვა ძალიან ხშირად შეიძლება იყოს მატერიის მანიშნებელი კოსმოგონიურ ტექსტში. მეორე მხრივ, შეიძლება იყოს ცოდნა ღმერთის შესახებ და შეიძლება სხვა ტექსტში ნახსენები იყოს, როგორც ბავშვი დედის მუცელში. ანუ, ზღვა დედის მუცელში არსებული წყლებია. მარგალიტიც. ღმერთი სამყაროს ქმნის, წარმოთქვამს სიტყვას, სიტყვისგან ქმნის მარგალიტს. და მარგალიტი აქ არის მატერიის სიმბოლო. ძალიან საინტერესოა ეს ფილოსოფიის პრობლემა, მატერიალიზმის და იდეალიზმის პრობლემატიკა, საერთოდ, და აქ მარგალიტი არის მატერია, ღმერთი არის სული. რა იყო უფრო ადრე? ეზიდურ წმინდა ტექსტში ნათქვამია, რომ ღმერთმა თავისი სიტყვის ძალით, მეშვეობით და სიყვარულით შექმნა მარგალიტი და თავისი არსისგან გამოყო ეს მარგალიტი, მაგრამ, ამავდროულად, ნათქვამია, რომ მარგალიტი იყო მისი ადგილსამყოფელი და თვითონ გაემიჯნა მარგალიტს. საბოლოოდ მაინც უპირატესობას ანიჭებს ეს ეზიდური მსოფლმხედველობა მას, რომ მაინც თავდაპირველი იყო ღმერთი.
ეზიდიზმი ეროვნული რელიგიაა. მისი აღმსარებელი ერთადერთი ხალხია - ეზიდები. მისი შორეული ძირები მესოპოტამიაშია საძიებელი, როცა უკვე არსებობდა თაყვანისცემა ერთიანი ღმერთისა. იუდეური, ქრისტიანული და ისლამური რელიგიების მოტივები ხშირად იკითხება ყავლებში, აღმოსავლური მისტიკის მრავალ განშტოებას აერთიანებს იგი თავის თავში. ეზიდიზმის ჩამოყალიბება ჩვენი წელთაღრიცხვით მე-12 საუკუნეში დასრულდა. საინტერესოა ის პარალელები, რომლებიც სხვა რელიგიებთან იკითხება და ის, რაც უნიკალურია და მხოლოდ ეზიდური მსოფლმხედველობის ნაყოფს წარმოადგენს.
დიმიტრი ფირბარი: ეზიდური რელიგიის კლასიფიცირება თუ მოვახდინეთ აბრამული რელიგიების მონათესავეა, იმ ოჯახის წევრი გამოდის. ის არის პირვანდელი მონოთეიზმი, პირვანდელი სახის ერთღმერთიანობა, რომელიც შეინარჩუნა ეზიდმა ხალხმა ზეპირსიტყვიერებით, ტრადიციის მიხედვით და არა წერილობით. ეს ის არის, რაც აბრაამმა, რომელსაც ეზიდები უწოდებენ ბრაიმს, მიიღო ღმერთისგან. ბუნებრივია, ამ რელიგიებს ძალიან ბევრი საერთო აქვს და ხშირად, როცა გამოიყენებენ ხოლმე ტერმინს სინკრეტიზმს, მაშინ ყველა რელიგია არის სინკრეტული, იმიტომ რომ ესენი ერთ რეგიონში იყვნენ. ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, ერთმანეთისგან გამომდინარე არიან ეს რელიგიები. გარდა ამისა, არის განსხვავებეული რაღაცებიც, რაც კონკრეტულ რელიგიას ახასიათებს. აი, მაგალიათად, ეზიდები თვლიან, რომ არ არიან ევას შვილები. ღმერთმა ისინი შექმნა ანგელოზთა არსისგან. მანდ კიდევ საინტერესო ის არის, რომ სული ცალკე არსება არის, მას გააჩნია ნება. სულს აძლევს არჩევანის უფლებას, ანუ ეუბნება, შედი ადამის სხეულში. სული ეუბნება, რომ არ მინდა შესვლა, ვიცი, რომ მერე ამის ქმედებებზე მე უნდა ვაგო პასუხი. ესეთი რამეც არ გვხვდება ჩვენ სხვა რელიგიებში. გარდა ამისა, უკვე ადამსა და ევას შორის კამათის შესახებ არის ნახსენები და რომ დაარიგებს მათ ანგელოზი, ეტყვის, გამოძერწეთ ორი ჭურჭელი, დოქები, და მოათავსეთ მასში თქვენი ნერწყვი. ნერწყვში იგულისხმება ის, რისგანაც იბადება ადამიანი. და ჩაფლავენ ცხრა თვით ამ დოქებს, მერე გახსნიან და ევას დოქში მწერებია და ადამისაში - მამრობითი სქესის ბავშვი.
ერთი სიტყვით, ამ წიგნის გამოცემამ შესაძლებელი გახადა კიდევ ერთ იდუმალ და უცნაურ სივრცეს მივუახლოვდეთ, კიდევ ერთი მდიდარი და ღრმა რელიგიური სამყარო ვიგრძნოთ და დავინახოთ. ამ წიგნის მნიშვნელოვნება, რაც დრო გავა, მით უფრო გამოჩნდება. დიმიტრი ფირბართან საუბარიც სწორედ ამით დავასრულე.
დიმიტრი ფირმანი: ორიგინალში რთულია ამის გაგება თავად ეზიდებისთვისაც, იმიტომ რომ ძველი ტერმინოლოგიაა, ძველ ენაზეა. კი, ესმით, მაგრამ ბოლომდე ვერ იაზრებენ, რა არის ნათქვამი. და რუსულ და ქართულ თარგმანში უფრო ადვილად წაიკითხავენ და გაიგებენ თავის რელიგიას. მნიშვნელოვანია ის, რომ ბევრი ეზიდი არის რუსულენოვანი და ქართულენოვანი დღეს. ახალი თაობები უკვე ქართულ სკოლებში სწავლობენ და მშვენივრად კითხულობენ ქართულ ლიტერატურას და უფრო კარგად გაიგებენ ამას. მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ეზიდებისთვის და იმ გარემოსთვის, სადაც ისინი ცხოვრობენ და სადაც შეძლებენ აუხსნან თავის მეგობრებს თავისი კულტურის, თავისი რელიგიის შესახებ.