„ფარდასავით უნდა გადასწიო გაქვავებული მნიშვნელობები“ - წერს პაატა შამუგია პოეტურ კრებულში „დედა ენა“, რომელიც წელს დაბეჭდა გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“, და შეიძლება ითქვას, რომ ეს ფრაზა ამ წიგნის გასაღებია, ამხსნელია მოტივაციის, თუ რატომ გაუჩნდა ავტორს სურვილი, ასეთი სახელწოდება დაერქმია კრებულისათვის. „დედა ენა“ ხომ ის წიგნია, სადაც მნიშვნელობები ჯერ არ ჩამოყალიბებულა, წერა-კითხვის სწავლის პროცესში იბადება და იძენს სახეს, ხოლო მათ გაქვავებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ესაა პირველი „დედა ენა“, სადაც ნივთები და ტერმინები თავიანთ პირველ, ბაც კონტურებს ავლებენ ადამიანის ცნობიერებაში, რათა მერე თანდათობით გამუქდნენ და გამყარდნენ, ხშირ შემთხვევაში კი გაქვავდნენ კიდეც. და სწორედ მაშინ, როცა ყველაფერი ქვავდება, ალბათ, დგება ახალი, უკანასკნელი „დედა ენის“ დაწერის და გადაფურცვლის ჟამიც, რათა ფარდა გადაიწიოს და, როგორც პოეტი ამბობს, აღმოაჩინო სიტყვა „კარადაში“ დამალული სიტყვა "გვამი", სიტყვა „სიყვარულში“ ჩაშენებული სიტყვა „ეჭვი“ და სიტყვა „თავისუფლების“ უკან მიმალული „ლაჩარი“. პაატა შამუგია ფიქრობს, რომ სიტყვები თავიანთ მნიშვნელობებს ყალბი ალიბისთვის იყენებენ და ამიტომ ის მათ დაკითხვას უწყობს. ასეთ დაკითხვას საკმაოდ ბევრ ლექსში იპოვით: ზოგან ღიას, ზოგან ფარულს, მაგრამ თუ ყურადღებით წაიკითხავთ, ნამდვილად წააწყდებით. აი, მაგალითად, სიტყვა „ქველმოქმედება“. „რა შეგვიძლია გავაკეთოთ?“ - ისმება ამ სიტყვისთვის ბუნებრივი კითხვა. ბევრ ადამიანს სჭირდება დახმარება და ისინიც აღმოთქვამენ: „ვინ დაგვიცავს სიყვარულისგან? / სიკეთისგან? / დანასავით მოქნეული კეთილგანწყობისაგან?“ - ჰო, ასეთ უცნაურ დახმარებას ითხოვენ ისინი, სასოწარკვეთილნი, და კიდევ აი, ასეთს: „ვინ შეაჩერებს გამოწვდილ ხელს, / როცა მშვენივრად ვიხრჩობით ზღვაში?“ და კიდევ რამდენიმე ამის მსგავსს. ერთი სიტყვით, სიტყვები აქ თავიანთ მოუხეშაობას, სიმკვრივეს კარგავენ, მოქნილნი ხდებიან, გარდაისახებიან, იმ მნიშვნელობებს იშორებენ, უხსოვარ დროს რომ მიაწებეს და სხვას იძენენ. „ადამიანებს მნიშვნელობები გაეპარნენ, / და რა უნდა ვქნათ ჩვენ - ისედაც / უმნიშვნელოებმა?!“ - ამბობს პოეტი ერთგან. თუმცა ყოველივე ეს მხოლოდ ერთი ასპექტია, არადა პაატა შამუგიას თავის „დედა ენაში“ სხვადასხვა ტიპის ემოციურ-ინტელექტუალური პროცესები აქვს გაშლილი და ეს გაგრძელებაა იმ სამუშაოსი, რომელსაც იგი წინა კრებულებში აწარმოებდა, თუმცა ცხადია, თუ ავტორი ერთ ადგილს არ ტკეპნის, - შამუგია კი ნამდვილად არ შედის ასეთი მწერლების სიაში, - ახალ წიგნში მუდამ იქნება რაღაც არსებითი, ადრინდელისგან განმასხვავებელი. ამით დაიწყო საუბარი მწერალმა თეა თოფურიამაც.
თეა თოფურია: მე ეს ბოლო კრებული გაცილებით უფრო მომეწონა, ვიდრე დანარჩენები, იმიტომ რომ წინა კრებულები, ჩემი სუბიექტური აზრით, იყო უფრო საკუთარი თავის ძიება, საკუთარი მწერლური ხაზის ძიებაც, და ეს არის უფრო თავდაჯერებულად, უფრო პროფესიულად დაწერილი ლექსები. და რაც ბევრს, პირიქით, მოსწონდა და მე მეხამუშებოდა შამუგიას პოეზიაში, ის ამ კრებულში უკვე აღარ არის. ანუ, ადრე იყო უფრო ხისტი, უფრო თავხედური, რაც აქ უკვე გადაფარა, ჩაანაცვლა მსუბუქმა ირონიამ. ახლანდელი შამუგია რომ შევაფასოთ, ის არის მსუბუქად ირონული და ასატანად უხამსი. ეს მე მომეწონა და, გარდა ამისა, მომეწონა ამ ლექსების რიტმი, მომეწონა, როგორ წერს და როგორ ხედავს თვითონ ცხოვრებას. ძალიან მენიშნა ერთ-ერთი ლექსი. აი, მაგალითად, „კამილო ხოსე სელას არაჩვეულებელი რომანი მოვიქნიე / და ღამის პეპელა კედელზე მივასრისე - / ლიტერატურა თანდათან პრაქტიკული ხდება“. ანუ ეს არის ის ირონია, რომელსაც მე შამუგიაში ვაფასებ და თვითონ მისი ლექსებიც არის აი, დაახლოებით, ამნაირი, ასეთ სტილში წერს და საკმაოდ კარგად გამოსდის. კითხვებს სვამს შამუგია ძალიან სხვადასხვანაირს და ბევრს. „რა უნდა ქნას კაცმა, რომელსაც არ აქვს რვაგვერდიანი CV და უცხოეთში წასვლას აპირებს?!“. მაგალითად, ლექსია არაფერზე, რომელიც ძალიან მომეწონა ასევე: „არაფერი რომ არ არსებულიყო, უნდა გამოგვეგონებინა“. რეალურად, ეს არის ძალიან ჭკვიანი, ღრმა ფილოსოფიის მქონე ფრაზა, რომელიც მოულოდნელია იმგვარ პოეზიაში, რომელსაც შამუგია წერს, მაგრამ არის. და შემდეგ არის უკვე რიტორიკული კითხვები: „სად არის ჩემი არაფერი?! / ვინ წაიღო ჩემი არაფერი?! / ვინ შეაჭრა ფრთები ჩემს არაფერს?! / ნუთუ, ბავშვმა იცუღლუტა?! არაფრის ღირსია ეს ბავშვი!“ ირონიულია ეს დამოკიდებულებები და კიდევ დასასრული მომწონს ამ ლექსის ძალიან: „თანაც, გამუდმებით მინდოდა დამეწერა ლექსი, / რომელსაც დასასრულის ნაცვლად ექნებოდა არაფერი / და მგონი, ახლა ამ გზას ვადგავარ“. კიდევ მომეწონა ლექსი ხაჭაპურზე: „ძველი სიბრძნე დატესტილია: / ადამიანი ხომ ისაა, რასაც გეახლებათ. / კვირაში ოთხჯერ მე აჭარული ხაჭაპური ვარ“. და მერე არის ამის გაგრძელება: თუ რანაირია ეს აჭარული ხაჭაპური, ანუ თვითონ რანაირია. და კრებულს რომ ვკითხულობდი, ის კი არა, რომ ერთი და ორი ლექსი მომეწონა, თითქმის ყველა ლექსი მომეწონა, რაც კრებულში იყო შესული, და ეს არ არის, სხვათა შორის, ძალიან ადვილი რამ, რომ კრებული აიღო და თითქმის ყველა ლექსი მოგეწონოს. შეიძლება ისე წაიკითხო მთელი წიგნი, რომ ერთი ლექსიც არ მოგეწონოს ხოლმე. არიან ისეთი ავტორებიც ან ავტორი, რომელიც ძალიან კარგია, მაგრამ შენი არ არის.
ალბათ, თავშივე უნდა აღგვენიშნა, რომ, როგორც ლაშა ბუღაძემ მოსწრებულად თქვა, პაატა შამუგიას „დედა ენა“ კენგურუ-წიგნია, ანუ მას უკანა გვერდზე ჯიბე აქვს და ამ ჯიბეში შვილი-წიგნი უზის, სახელწოდებით „ეკონომიური ლექსები“. პაატა რამდენიმე წელია, რაც სისტემატურად ცდილობს მინიმალისტური პოეზიის ნიმუშების შექმნას. მათი ნაწილი „შიზოგადოებაშიც“ იყო დაბეჭდილი და ამ მინიატურულ კრებულშიც განმეორდა. კარგმა პოეტმა იცის, რომ პოეზიის ეს გარეგნულად ვითომდა ყველაზე მარტივი ჟანრი რეალურად მეტად სახიფათო და რთულია და ყოველი ჩავარდნა აქ განსაკუთრებით თვალშისაცემია. უნდა ითქვას, რომ პაატამ იუმორის გრძნობით, გამჭოლი ხედვით და მახვილგონივრულობით, რაც საშუალებას აძლევს რეალობის პირი და სარჩული ატრიალოს, შეძლო ისეთი ეფექტური მინიმების, სენტენციების თუ სლოგანების შექმნა, რომელიც მკითხველის ცნობიერებაში უკვე გაჯდა, თუმცა ზოგჯერ, როცა ის ჩვეული მეთოდებით არ მოქმედებს და განწყობის შექმნას, ლირიკის შეთხზვას ცდილობს, - მსგავსად ამისა: „ყოველთვის, როცა წვიმს, / ლექსს ვწერ. / ნეტავ, იწვიმოს“. ანდა „დაბრუნდა. / ჩრდილი საწოლზე გადაჰკიდა. / თითები ძილში ჩააწო. თოვს“, - ჩემი აზრით, მარცხდება. ქმნის ტექსტებს, რომელთაც ბრენდი „პაატა შამუგიას“ ნიშანი აღარ ასვია. მოვუსმინოთ, რას ფიქრობს „ეკონომიურ ლექსებზე“ თეა თოფურია.
თეა თოფურია: ჩემთვის ამ მეორე წიგნს უფრო აქსესუარის დატვირთვა ჰქონდა სინამდვილეში, რადგანაც პირველი წიგნი გაცილებით უფრო ძირითადია და უფრო მომეწონა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. მეორე წიგნსაც ჰყავს თავისი მკითხველი და ეს ორი წიგნიც შეიძლება ძალიან თავისუფლად ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაც არსებობდეს, ერთადაც არსებობდეს, ეს უკვე ადამიანზეა დამოკიდებული. თუმცა ვფიქრობ, რომ ამ ორი წიგნის ერთმანეთისგან გაყოფა კარგი იყო, იმიტომ რომ ერთად ჩაყრა ამ ლიტერატურის არ იქნებოდა გამართლებული, ერთმანეთს ხელს შეუშლიდა, და რომ გაიყო, უკეთესია აშკარად.
თუკი ისევ „დედა ენას“, მთავარ წიგნს, დავუბრუნდებით, აუცილებლად უნდა აღინიშნოს მისი ორი მინიპოემა: „ოფიციალური სამადლობელი წერილი საქართველოს პარლამენტს და მთავრობას“ და „პორნოგრაფია“, სადაც ის ძველებურ ყაიდაზე, ჩვეული სარკაზმით რეაგირებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობაზე. მას ხომ სხვა გზა არა აქვს, რადგან ის გენიოსია და ამას „უნდა დასჯერდეს“, „რადგან ის გმირია“, ხოლო „გმირი დადის მარტო, / რადგან ის გმირია, / გმირი ზოგჯერ არ დადის მარტო, / რადგან ის გმირია“ და გარდა ამისა, ის დამნაშავეცაა და აღიარებს, რომ არაერთი ლექსი ჩაუდენია და კიდევ არაერთის ჩადენას აპირებს. და რაკი ასეა, ვუსურვოთ ჩვენც თანამედროვე ქართულ პოეზიას, რომ იყოს "სერიული პოეტი" და კიდევ არაერთი საჭირო ლექსი თუ წიგნი ჩაედინოს პაატა შამუგიას.