1990-იანი წლების დასაწყისი იყო, განუკითხაობა და კუპონების ჟამი. წიგნის მაღაზია "საუნჯეში" შევიარე, არც არაფერი ფული მედო ჯიბეში, მაგრამ მაინც, ძველი ინერციით. ერთ დახლზე წიგნები იყო დახვავებული. ფასდაკლებაო, ეწერა, 5 კუპონად წიგნიო. გაუფასურება ჯერ არ იყო დაწყებული, 5 კუპონად ერთ ასანთს კი იყიდიდი მაშინ, ალბათ. მაგდენი კი მქონდა და დავიწყე წიგნების ქექვა. რაღაც უნიჭობები იყო სულ ან მინიმუმ - გაუგებრობები. მოულოდნელად ერთმა შავმა წიგნმა მიმიზიდა, ვიღაც უცნობი მწერლის სამი რომანი იყო იქ დაბეჭდილი რუსულ თარგმანებში. ვატრიალე რამდენიმე წუთი და გუმანმა მიკარნახა - იყიდეო. წამოვიღე და პირველივე რომანი რომ დავიწყე, ვეღარ მოვწყდი. და მაშინვე შემიყვარდა ეს მწერალი. მერე ამ ყველასთვის უცნობი ავტორის წიგნს ხან ერთ მეგობარ მწერალს შევაჩეჩებდი - წაიღე და წაიკითხე-მეთქი, ხან - მეორეს. დღეს, ამ სამხრეთაფრიკელი პროზაიკოსის უკვე რამდენიმე რომანია ქართულად გამოცემული და არცაა გასაკვირი: ნობელიანტი და ორგზის ბუკერის პრემიის ლაურეატია. ჯონ მაქსველ კუტზეემ პირველი ბუკერი რაშიც აიღო, დღეს იმ წიგნზე ვისაუბრებთ. ეს ისტორიაც იმიტომ გავიხსენე, რომ იმ შავი, 5 კუპონად ნაყიდი წიგნის სათაურად სწორედ ამ რომანის სახელწოდება იყო გამოტანილი და მეც პირველად ეს ტექსტი წავიკითხე. "მაიკლ კეის ცხოვრება და დროება" "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" "ლიტერატურული ოდისეას" სერიით შარშან დაბეჭდა და მისი მთარგმნელები არიან თამარ ბაბუაძე და გია ბერაძე. ერთმა დაიწყო თურმე და მიზეზთა გამო მეორემ გააგრძელა და დაასრულა, თუმცა ამის გამო ენობრივი, სტილური მთლიანობა არ ირღვევა, ვერ იგრძნობ, სადაა გაკეთებული ნაკერი, სად გადაება ერთის ნამუშევარი მეორისას. ეს, ალბათ, რედაქტორის, ანა ჭაბაშვილის, დამსახურებაა, თუმცა გარკვეულწილად, შესაძლოა, მწერლის სტილის შედეგიც იყოს, რომელიც მთარგმნელს გარკვეულ ჩარჩოში სვამს და დიდი გაქანების საშუალებას არ აძლევს. სწორედ ამაზე დაიწყო საუბარი თამარ ბაბუაძემაც, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია.
თამარ ბაბუაძე: არ მითარგმნია ბევრი წიგნი, მაგრამ რაც მითარგმნია, მათგან აბსოლუტურად განსხვავებულია სწორედ ამ თხრობის ტემპის და სტილის გამო. რომ ვკითხულობდი, სულ მქონდა ეს გაოცების შეგრძება, რომ ნუთუ საერთოდ არ ცდილობს ეს ავტორი, რომ იკეკლუცოს მკითხველთან ან რაღაც ხატოვანი გამოთქმებით, ან რაღაც შედარებებით. ისეთი მშრალი იყო, სტერილური იყო ეს თხრობა, რომ მაბნევდა თარგმნის პროცესში ძალიან, ვერ ვხვდებოდი, რა უნდა მექნა. ცოტა ცდუნებებიც მქონდა, რომ მე თვითონ უფრო ლამაზად მეთქვა, უფრო სხვანაირად მეთქვა ის, რაც მან დაწერა, მაგრამ მერე ზუსტად ეს მუღამი, ასე ვთქვათ, დავიჭირე, და მივყევი. და ძალიან აზარტული იყო ამიტომ ამის თარგმნა, რომ, აი, ზუსტად გადმომეცა ძალიან მდორე მდინარება თხრობის, სკრუპულოზური, ძალიან დეტალიზებული, მოსაწყენი თითქოს. და, აი, ამ ფონზე შემოდის მაიკლ კეი. რამდენიმე კრიტიკული წერილიც წავიკითხე იმ პერიოდში, როცა ვთარგმნიდი. ავტორები წერდნენ, რომ მაიკლ კეი ძალიან ცუდად გამოხატული პერსონაჟია, ის უფრო ნარატივის ინსტრუმენტია. ანუ ავტორი მას ელემენტად იყენებს თხრობისას და არ არის პერსონაჟი. მე ასე ვერ აღვიქვამ მაიკლ კეის, იმიტომ რომ უნდა გაუგო მწერალს ამ თავის ჩანაფიქრში.
რატომ იმოქმედა მაშინ ასე ძალიან ამ რომანმა? იმიტომ ხომ არა, რომ იქაც არეულობების, ომიანობის ჟამია აღწერილი, თანაც - სამოქალაქო ომიანობის. სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის დროა. ცოტა არ იყოს ჭკუასუსტი და კურდღლისტუჩა მებაღე მაიკლ კეი საზიდარს შეჭედავს და თავისი ავადმყოფი დედა კეიპტაუნიდან მშობლიურ სოფელში მიჰყავს. თუმცა გზაში, საავადმყოფოში უკვდება და იმ ფერმამდე, სადაც ბავშვობა აქვს განატარები, მარტო ჩააღწევს, დედის პალტომოცმული და ტომსიკაში ჩაყრილი დედის ფერფლით ხელში. ფერმა მიტოვებული დაუხვდება. ნელ-ნელა მიწის დამუშავებას იწყებს, ორგანულად ერწყმის ბუნებას, დედის ფერფლსაც მიწის წიაღს უბრუნებს. ეს რომანი ადამიანის რეფლექსებზე, მის სენსიტიურობაზე, მის ფიზიოლოგიაზე მოგვითხრობს. მაიკლ კეი რაღაცას ხედავს, ეხება, ჭამს, თუ ვერ ჭამს - სძინავს, რადგან როცა სძინავს, ჭამა არ უნდება. და ისედაც, მას ძილი ძალიან უყვარს და ძალიან სჭირდება. იმიტომ ხომ არ იმოქმედა მაშინ ასე მძაფრად ამ რომანმა, რომ იმ პერიოდის თბილისში მცხოვრებს, როცა მაიკლ კეის ისტორიას ვკითხულობდი, მინდებოდა მეც უსაშველოდ ბევრი მეძინა და არა თბილისში, არამედ რომელიმე მიყრუებულ ადგილას, მიწაზე დაწოლილს, გოგრის ნათესებს შორის ან გამოქვაბულში გახიზნულს. ზუსტად ვერ გეტყვით, ასე იყო თუ არა, მაგრამ ახლა, მეორედ რომ ვკითხულობდი ამ წიგნს, ასეთი აზრები მებადებოდა, იმიტომ რომ ჩვენ ხომ მაშინ რეფლექსები გვამოძრავებდა, ეს რომანი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რეფლექსებზეა.
მოვუსმინოთ ერთხელაც თამარ ბაბუაძეს.
თამარ ბაბუაძე: არც ერთი მოვლენა არ არის პირდაპირ დასახელებული, ანუ სახელდებები არ არის არც კონტექსტის, არც პრობლემის, არც დროის, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ მაიკლ კეის თვალით უნდა დავინახოთ ეს ყველაფერი, ეს კონტექსტები არ ჩანს. და ესეც რაღაცნაირი აზარტის ნაწილია ამ წიგნის კითხვისას, რომ შენ უნდა რეკონსტრუქცია გაუკეთო, აღადგინო გარემო, რომელშიც გადაადგილდება მაიკლ კეი. მაგალითად, სულ პირველად, როდესაც იმ დასახლებაში, სადაც დედასთან ერთად ცხოვრობს, ჯიპები რომ გამოჩნდებიან და იწყება რაღაც შეხლა-შემოხლა მოსახლეობას და ამ ჯიპიან-იარაღიან ხალხს შორის... ეს იყო პირველი ისეთი ეპიზოდი, რომ ცოტა დავიბენი - "რა ხდება?".
წიგნის ყდაზე ფერადკანიანი მაიკლ კეია გამოსახული. არადა, კუტზეე მის კანის ფერზე არსად აპელირებს. ანუ ეს მხატვრის რეკონსტრუქციაა: რაკი დედამისი შინამოსამსახურეა, რაკი თავად მაიკლ კეი ბავშვთა თავშესაფარში გაიზარდა და მერე მებაღედ მუშაობდა, და რაკი ქვეყანაში აპარტეიდია, მარტივი ლოგიკით შეგვიძლია მისი რასა განვსაზღვროთ. მაგრამ საინტერესო სწორედ ისაა, რომ კუტზეე ამ რომანში არ ქმნის ბინარულ სამყაროს, არ ხატავს შავ-თეთრ სურათს და შავს და თეთრს ერთმანეთს არ აჯახებს. ის შავის და თეთრის მიღმაა. ის თავის ქვეყანას აღწერს მთელი თავისი სირთულეებით, მაგრამ არა ვიწრო (გინდაც ფართო) სოციალურ-პოლიტიკურ ჭრილში. და აღწერს იმ ადამიანის თვალით, რომელიც გულუბრყვილო და სუფთაა და საერთოდ არ ესმის ამ სოციალურ-პოლიტიკური ენის და მკაცრი კანონების.
კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ თამარ ბაბუაძეს.
თამარ ბაბუაძე: ეს პერსონაჟი მთელი თავისი არსებობით შეგვახსენებს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, რაც იკარგება იდეოლოგიების და ომების წნეხის ქვეშ. თავისი თავით მოცულია და ამ თავის თავში ხარშავს ძალიან პრიმიტიულ ენაზე ძალიან საკაცობრიო და უნივერსალურ თემებს, როგორიც არის: პიროვნული თავისუფლება, იდეოლოგიებთან შეჯახება, ზღვრის გადალახვა.
ძალიან ნაივურად ისმება ეს კითხვები: "რატომ ვიწყებთ ომებს?", "რატომ არ შემიძლია, მე ჩემთვის მარტო ვიცხოვრო?". ანუ ის კონფლიქტები რაც ადამიანს და სისტემას აქვს, მაიკლ კეის პირით მოდის ჩვენამდე. განდეგილიც არის ხომ მაიკლ კეი, თავისი ცხოვრების წესით? განდეგილია, თან გონებაჩლუნგია და ერიდება საზოგადოებას. უნდა ამ რაღაც ბედნიერების მარტო მოპოვება. მის დამონებას ცდილობენ, მსახურად იყენებენ, ჩაგრავენ, მასზე ძალადობენ. სულ განცდაა, რომ რაღაც ჩაიდინა ამ კაცმა და რაღაცისთვის უნდა დასაჯონ. ანუ ანტაგონისტური განწყობაა სულ მის მიმართ, როგორც პიროვნების მიმართ. რომანი იწყება მაიკლ კეის დაბადებით და მაშინვე წუნდებულია ამ თავისი გარეგნული ნაკლით. რა გამოდის?! გამოდის, რომ შეიძლება საერთოდაც მისი მთავარი დანაშაული ის არის, რომ გაჩნდა. და მერე უკვე იწყება ბრძოლა.