ეს ბრწყინვალე ჩეხი მწერალი სამი წლის წინ გაიცნო ქართველმა მკითხველმა რომანით „ვემსახურები ინგლისის მეფეს“. შარშან მისი მეორე რომანიც გამოვიდა, „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა“, და, ჩემი დაკვირვებით, ამ წიგნმა ბოჰუმილ ჰრაბალისადმი ინტერესი უცებ ერთიათად გაზარდა. პირად საუბრებშიც, სოციალურ ქსელშიც უკვე ბევრმა გამოხატა აღფრთოვანება ამ ტექსტით. მკითხველები წიგნს ერთმანეთს ურჩევენ, აძლევენ წასაკითხად; ის, ვისაც „ვემსახურები ინგლისის მეფეს“ არ ჰქონდა წაკითხული, ახლა მასაც ეძებს. არაფერი შემთხვევით არ ხდება და მეც ბარემ დასაწყისშივე პირდაპირ ვიტყვი, რომ, ჩემი აზრით, ეს 100-გვერდიანი მცირე რომანი წმინდა წყლის შედევრია, თან არა ცივი, ფორმალისტური შედევრი, რომლისაც, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, მხოლოდ ერთეულებს გაეგებათ ხოლმე, თუმცა კი უზადო ფორმითა და კონცეპტუალური სიზუსტით გამორჩეული, რაც ემოციური თხრობის მანერას, შთამბეჭდავი სურათ-ხატების რიგს თუ პოლიტიკურ-ლიტერატურულ კონტექსტებს ერთმანეთის გვერდიგვერდ შეწყობილად ამოქმედებს. ჰრაბალის ორივე ნაწარმოები გამომცემლობა „დიოგენემ“ დაბეჭდა, მათი მთარგმნელი კი სულხან მუხიგულაშვილია. ორი წლის წინ, როცა წინა რომანზე სიუჟეტი მოვამზადე, ბატონი სულხანი ჩეხეთში იმყოფებოდა, თუმცა ამჯერად თბილისში აღმოჩნდა და, ცხადია, არც მე გავუშვი შანსი სტუდიაში მომეწვია. მან საუბარი ავტორით დაიწყო და შეეცადა მისი რთული ლიტერატურული და ცხოვრებისეული გზა ჩვენთვის მოკლედ აღეწერა.
სულხან მუხიგულაშვილი: 49 წლის ისე გახდა ჰრაბალი, რომ პრაქტიკულად სულ ერთი-ორი მისი წიგნი გამოიცა, და 1963 წელს მან გამოსცა პატარა მოთხრობების კრებული, "მარგალიტი ფსკერზე", და უცებ რაღაც აფეთქება მოხდა, გახდა საშინლად პოპულარული და, პრინციპში, ასე გაგრძელდა 1970-იან წლებამდე, მაგრამ უმალვე მოექცა ცენზურის მეთვალყურეობის ცენტრშიც. 1967 წელს მისი ერთ-ერთი წიგნი, რომელიც კოლაჟი იყო ფოტოების და ამ ფოტოებისათვის დართული ვრცელი ტექსტების, საშინლად დაუმახინჯეს, სულ დაუჩეხეს. 1970 წელს დაიბეჭდა მისი ლექსების და მოთხრობების ახალი კრებული, "კვირტები", და რატომღაც გადაწყვიტა ხელისუფლებამ, რომ ეს წიგნი მკითხველს არ უნდა ენახა და სტამბაშივე გაანადგურეს მთელი ტირაჟი. ჰრაბალი მთელი თავისი პოპულარობის 7 წლის განმავლობაში იღებდა მადლიერი მკითხველების წერილებს, კრიტიკოსები ძალიან დადებით წერილებს წერდნენ ოფიციალურ პრესაში და უცებ 1967 წელს დაიწყო ზიზღის ენით მოლაპარაკე წერილებმა გამოჩენა. აი, მაგალითად, ერთი წერილის ამონარიდი: "ვწუხვარ, რომ არა მაქვს დრო, დავხვდე ქუჩაში და შევაფურთხო მახინჯ სახეში ახალგაზრდობის ამ გამრყვნელს". შემდეგ ამას მოჰყვა, რომ 1970 წელს გამოიძახეს უშიშროების კომიტეტში და ხუთსაათიანი დაკითხვა ჩაუტარეს, სადაც ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე, რომ ებრაული წარმოშობის ჩეხ ჟურნალისტთან, რომელიც 1948 წელს დასავლეთ გერმანიაში გაიქცა, პაველ შონფილდთან ერთად სადღაც პიკნიკზე წავიდა, რომ წაიღეს სასმელი, ლაპარაკობდნენ პოლიტიკასა და ლიტერატურაზე და თან ადგილობრივი მოსახლეობა მათთვის არფებზე უკრავდა. მისი პოპულარობის ეპოქა ამითი დასრულდა, 1970 წლიდან ჰრაბალი უკვე აღარ გამოიცემოდა.
ქართულად თარგმნილი ორივე რომანი სწორედ ამ პერიოდშია დაწერილი. ანუ ის ამ წიგნებს უჯრაში შესანახად წერდა. საინტერესოა, რომ „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა“ ჰრაბალმა სამ ვარიანტში დაწერა: ერთი თანამედროვე პოეზიის სახით, მეორე - სლენგური ენით და მესამე -ნორმალური ლიტერატურული ენით. ქართული თარგმანი ლიტერატურული ვარიანტიდან არის შესრულებული. მე ვკითხე ბატონ სულხანს, ხომ არ აპირებს ის სხვა ვერსიების თარგმნასაც, რაზეც მისი პასუხი იყო, რომ ბოჰუმილ ჰრაბალს იმდენად მრავალფეროვანი და მდიდარი შემოქმედება აქვს, რომ მას ურჩევნია ამ ავტორის სხვა ნაწარმოებებიც გააცნოს მკითხველს და ერთ ტექსტზე ახლაც მუშაობს. სანამ უშუალოდ რომანზე გადავსულვართ, მოვუსმინოთ, თუ როგორ გაგრძელდა ჰრაბალის ურთიერთობა ხელისუფლებასთან.
სულხან მუხიგულაშვილი: ლიტერატურულ სცენაზე დაბრუნება შემდეგნაირად მოხდა: 1975 წელს ჰრაბალი დაიბარეს უშიშროებაში და გამოაქვეყნებინეს მოსანანიებელი წერილი. ლაპარაკობენ, რომ ის წერილი შეასწორეს მისდა დაუკითხავად, მაგრამ წერილი, დაახლოებით, ასეთი ტონალობით იყო დაწერილი: ჩეხეთის კომპარტიის მე-14 ყრილობა დიდი გამოწვევა იყო ჩეხური მწერლობისთვის და არც მას უნდა ამ მოვლენებისგან განზე დარჩეს და სურს თავისი წვლილი შეიტანოს სოციალისტური სამშობლოს მშენებლობაში და სოციალისტური ადამიანის ჩამოყალიბებაში და რომ მას ვერ წარმოუდგენია ჩეხეთი სოციალიზმის გარეშე არც აწმყოში და არც მომავალში. მისმა მკითხველმა ეს წერილი ძალიან მძაფრად განიცადა, იმდენად, რომ პრაღაში ჰრაბალის წიგნების დაწვაც კი დაიწყეს სტუდენტებმა. სამაგიეროდ, 1976 წლიდან ისევ დაიწყო მისმა წიგნებმა გამოსვლა და ამ მხრივ საინტერესოა 1986 წელს გამოცემული მისი წიგნი "Vita nuova". ანუ უკვე “პერესტროიკა“ დაწყებულია, შეიძლება ხმამაღლა ლაპარაკი და ამ წიგნში ის ძალიან მტკივნეულად და დაუნდობლად აფასებს წინა 10 წელს, როცა მაამებელი მწერალი გახდა, იგი ამას ყოველთვის განიცდიდა. არ ყოფილა სოციალისტი, მაამებელი მწერალი, მაგრამ არც ანტიკომუნისტი, ანტისაბჭოთა მწერალი არ ყოფილა. რატომ აიკრძალა ჰრაბალი? არ ერიდება ჟარგონს, სლენგს, კუთხურ გამოთქმებს, გერმანიზმებს, რაც მთავარია, ამ ომისშემდგომ პერიოდში. ძალიან რეალისტური და მძაფრი აღწერები აქვს სექსუალური სცენების...
ბოლოს და ბოლოს, რა ხდება „მეტისმეტად ხმაურიან მარტოობაში“? ესაა შინაგანი მონოლოგი ადამიანის, რომელიც ოცდათხუთმეტი წელია მაკულატურას წნეხს და ეს მისთვის რუტინა კი არა, შემოქმედებითი აქტია. სარდაფი, სადაც წნეხია დაყენებული და ჰანტა მუშაობს, მხატვრის სახელოსნოსავითაა, მაკულატურის ყოველი შეკვრა კი მისთვის ინსტალაციაა. შემოქმედებითი, ბოჰემური განწყობისთვის კი მას მუდამ გვერდით უდგას ლუდის დოქი. თუ როგორ ქმნის ჰანტა ამ ინსტალაციებს, ჯობს თავად წაიკითხოთ, თუმცა ერთს მაინც ვიტყვი: მისთვის მხოლოდ გარეგნული მხარე არაა მნიშვნელოვანი. ის მაკულატურის შეკვრებს კონცეპტუალისტივით კონკრეტული იდეით აფორმებს - ყოველი მათგანის გულისგულში დებს რომელიღაც გვერდზე გადაშლილ წიგნს და წიგნის შერჩევა და მასში იმ ციტატის მოძებნა, რომელიც მნიშვნელოვანი სათქმელით აღჭურავს მორიგ ინსტალაციას, მისთვის მთავარი არტისტული ჟესტია. წნეხის ეს აქტი სცდება მაკულატურის ფარგლებს და შეკვრებში ნებსით თუ უნებლიეთ ხვდებიან ვირთხები, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, საყასბოდან მოტანილი სისხლით გაჟღენთილი მუყაო... და როგორც ჰანტა წნეხს ამ ყველაფერს სხვადასხვა ტიპის თუ ეპოქის წიგნებთან ერთად, ბოჰუმილ ჰრაბალიც წნეხს თავის ტექსტში სურათებს, განწყობას, ატმოსფეროს სოციალისტური პრაღისა, ლუდის ბარებით დაწყებული, საკანალიზაციო სისტემით დამთავრებული.
ერთხელაც მოვუსმინოთ სულხან მუხიგულაშვილს.
სულხან მუხიგულაშვილი: ამ წიგნზე საუბარი არაფრით შეიძლება ისე, რომ არ ვახსენოთ "ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს", იმიტომ რომ ეს ნაწარმოებები ერთმანეთს ავსებენ, მათი გმირები არიან ერთმანეთის სრული ანტიპოდები. თუ "ვემსახურებოდი ინგლისის მეფეში" ამ რომანის გმირი არის ადამიანი, რომლის მთავარი მიზანიც არის საზოგადოებრივი ცხოვრების მორევში გადაეშვას, თან იქ გარკვეულ მაღალ სოციალურ საფეხურზე ავიდეს, ერთგვარი ქამელეონია, რომელსაც შეგუების და ყოველგვარი სიტუაციიდან სარგებლის გამოტანის არანორმალური ნიჭი აქვს, მეორე ნაწარმოებში ვხვდებით სრულიად საპირისპირო გმირს, რომელიც მთლიანად კონცენტრირებულია თავის სულიერ ცხოვრებაზე, ცდილობს მაქსიმალურად გაემიჯნოს გარესამყაროს ცვლილებას. ეს ჩანს რეფრენიდან, რომელსაც თხუთმეტჯერ ვხვდებით ნაწარმოებში: "უკვე ოცდათხუთმეტი წელია, ვწნეხავ ძველ ქაღალდს". თან თუ შევხედავ რა ოცდათხუთმეტ წელზეა ლაპარაკი: ეს არის ბოლო წლები ავსტრო-უნგრეთის იმპერიის, ეს არის პირველი რესპუბლიკა 1918 წლიდან 1939 წლამდე, 1939 წლიდან 1945-მდე ფაშისტური ოკუპაციის პერიოდი და 1945-დან მერე ნელ-ნელა გასაბჭოება. ანუ უფრო დიდი სოცალურ-პოლიტიკური ძვრების წარმოდგენა ძნელია და ეს კიდევ სულ თავის სარდაფში წნეხავს და წნეხავს იმ ქაღალდს და, რაც მთავარია, სხვა არაფრის გაკეთება აზრადაც არ მოსდის. და აქ მთავარი პარადოქსი ჩნდება: მიუხედავად იმისა, რომ მთავარი გმირი ჰანტა ემიჯნება ყოველგვარ ცვლილებას, რაც გარე სამყაროში ხდება, ზუსტად ეს გარე ცვლილება ასაზრდოებს მას, იმიტომ რომ როდესაც იცვლება იდეოლოგიები, სანაგვეში გადადის ძველი იდეოლოგიის მატარებელი წიგნები და ეს ყველაფერი თავზე ეყრება ჰანტას, მერე მოდის ახალი იდეოლოგია და ახალი წიგნების ნაკადი და ა.შ. ანუ ზუსტად ეპოქების ეს პოლიტიკური ცვლილებები ასაზრდოებს მას.
„თავისდაუნებურად განათლებული“ ჰანტას შემოქმედებითობას ანგრევს ქალაქში გიგანტური წნეხის ამოქმედება. ის მიდის იქ და ხედავს სოციალისტური შრომის ბრიგადას, ახალგაზრდებს, რომლებიც ხელთათმანებით ხალისიანად მუშაობენ სუფთა გარემოში, ლუდის ნაცვლად რძეს სვამენ, სამომავლო გეგმებსაც სახავენ, მაგრამ კონვეიერზე დაყრილი წიგნები არავის აინტერესებს და მათ მიერ დამზადებულ შეკვრებსაც ორიგინალურობისა არაფერი სცხია.