გამომცემლობა „არეტემ“ სერიაში „აუცილებლად საკითხავი“ შარშან გამოსცა ედგარ ლორენს დოქტოროუს რომანი „რეგტაიმი“. წიგნი ინგლისურიდან თარგმნა თამარ სუხიშვილმა. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალებში, წერდა მათთვის წერილებს და თარგმნიდა სხვადასხვა სტატიებს, მაგრამ „რეგტაიმი“ მხატვრულ ტექსტზე მისი პირველი ნამუშევარია და ძალიან წარმატებულიც. მთარგმნელმა სადებიუტო მცდელობაშივე შეძლო დაეძლია მრავალშრიანი ტექსტის სხვადასხვა ტიპის სირთულეები და რიტმის გრძნობით, მოქნილი სინტაქსითა და მდიდარი ლექსიკით XX საუკუნის ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძეგლს ქართული სუნთქვა მიანიჭა. ჩემი აზრით, თამარ სუხიშვილის „რეგტაიმი“ 2016 წლის აშკარად ერთ-ერთი საუკეთესო თარგმანია. თავისთავად საინტერესოა, თუ როგორ მიდიოდა ტექსტზე მუშაობა, რა პრობლემებს აწყდებოდა მთარგმნელი და როგორ უმკლავდებოდა მათ. მოვუსმინოთ თამარ სუხიშვილს.
თამარ სუხიშვილი: თავდაპირველად ეს არ ყოფილა ჩემი გადაწყვეტილება - ამ რომანის შერჩევა. ეს იყო გამომცემლობა "არეტეს" დირექტორის, გია დარსალიას, არჩევანი. პრინციპში, იმდენად მნიშვნელოვანია ეს რომანი, რომ ვფიქრობ, აუცილებელი იყო მისი ქართული თარგმანის არსებობა და ჩემი მხრიდან ცოტა არ იყოს თამამი გადაწყვეტილება იყო თარგმანზე დათანხმება, იმიტომ რომ საკმაოდ რთული რომანია თავისი სტილის თვალსაზრისით, თემატიკის თვალსაზრისით. იკითხება არა როგორც რომანი, არამედ თითქოს მიჰყვება რეგტაიმის რიტმს. შემთხვევითი არ არის, რომ რომანს უძღვის სკოტ ჯოპლინის სიტყვები "აქ არ ააჩქარო, რეგტაიმი სწრაფად არ იკვრება", და ასე, ნელ-ნელა შემოდის ეს რიტმი, ზოგან მაღლა იწევს, ზოგან შენელებულია. თვითონ დოქტოროუს სტილი არის ძალიან მნიშვნელოვანი. თავის დროზე კრიტიკოსები აღნიშნავდნენ იმასაც, რომ თითქოს ძალადობს ინგლისურ ენაზე, ხელოვნურ და წინასწარგანზრახულ წინაღობას ქმნის. ალბათ, იმის გამო, რომ მიჰყვეს არა ლიტერატურულ, არამედ მუსიკალურ რიტმს. როდესაც უკვე სტილს ვასწორებდი, ტექსტს ვკითხულობდი ხმამაღლა და ვცდილობდი, რომ რიტმი დაახლოებით ყოფილიყო იმის მსგავსი, როგორც ის გვესმის ინგლისურად.
1975 წელს გამოქვეყნებული დოქტოროუს ეს რომანი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, განსაკუთრებით ცნობილი მისი ეკრანიზაციის შემდეგ გახდა. 1981 წელს გამოსული მილოშ ფორმანის „რეგტაიმი“ შესანიშნავი კინემატოგრაფიული ნამუშევარია, მაგრამ ოდნავადაც ვერ ახერხებს წიგნის ფაქტურის, მისი ბექგრაუნდის დაჭერას. დოქტოროუს მთელი ამ 300-გვერდიანი რომანის განმავლობაში განუწყვეტლივ შემოჰყავს ახალი პერსონაჟები, ჯაჭვავს ერთმანეთთან, ამ ჯაჭვურ რეაქციებს კი სულ სხვადასხვა სივრცეებში გადავყავართ, პერსონაჟები ქრებიან, მერე ისევ წამოყოფენ სადღაც თავს, შეგვახსენებენ, რომ არსებობენ, რომ არსებობენ კი არა, თითქოსდა სწორედ მათთვის იწერება ეს რომანი, უბრალოდ ავტორს რაღაც ხნით ისინი რატომღაც მიავიწყდა, სხვა გმირებს თუ თემებს გამოეკიდა და ახლა ისევ აზრზე მოვიდა, დაუბრუნდა იმათ, ვისაც უნდა დაბრუნებოდა... ეს წყვეტადი ნარატივები ისტორიული რეალობის ასევე წყვეტად ნარატივებს ებმის და მე-20 საუკუნის დასაწყისის იდეოლოგიურ, კულტურულ, სოციალურ სურათს ქმნის, სტერეოსკოპიულს, ღრმას, დინამიურს. ავტორი ლიტერატურული მონტაჟის ურთულეს ხერხებს იყენებს ამ ეფექტის მისაღწევად. მილოშ ფორმანს ევროპაში რომ გადაეღო ეს ფილმი, შეიძლებოდა "ატრაქციონების მონტაჟის" გამოყენებით ეცადა ასე თუ ისე ადეკვატური ექსპერიმენტის ჩატარება, მაგრამ ჰოლივუდის კანონები ამის საშუალებას უკვე აღარ იძლეოდა, ამიტომ მან ამ მრავალგანზომილებიანი ტექსტიდან ის ძირითადი სიუჟეტური ხაზი გამოარჩია, რომელიც თანდათან იკვეთება რომანში და ნელ-ნელა დომინანტური ხდება, და ამ ხაზს რამდენიმე აუცილებელი განტოტვაც გაუკეთა, მაგრამ ამით ფილმი მაინც რამდენიმე კონკრეტულ ისტორიამდე რედუცირდა. თუმცა ჯობს შევეშვათ "რეგტაიმის" კინოვერსიას და ისევ წიგნს მივუბრუნდეთ. მოვუსმინოთ ისევ თამარ სუხიშვილს.
თამარ სუხიშვილი: განსაკუთრებული სირთულე, რაც თან ახლდა რომანის თარგმნას, იყო ზუსტად ის, რომ აქ არის ძალიან ბევრი ისტორიული ფაქტი. ამ რომანში აღწერილია მე-20 საუკუნის დასაწყისის ერთი ათწლეულის ისტორია, 1902-დან 1912 წლამდე, თუმცა აქ შემოდის ცოტა უფრო ადრინდელი ამბებიც, მაგალითად, ის ეპიზოდი, როდესაც გამოქვეყნდა თეოდორ დრაიზერის რომანი "და კერი", ასევე აქ შემოდის ცოტა უფრო გვიანდელი ამბებიც: ის ამბები, როდესაც ამერიკა პირველ მსოფლიო ომში ჩაება, მაგრამ ძირითადად ეს არის ერთი ათწლეულის ნიუ-იორკის შტატის ისტორია. რა თქმა უნდა, მიწევდა უამრავი მასალის ამოქექვა, ბევრი რამის მოძიება ამ ფაქტებთან დაკავშირებით. ამ რომანში არის უამრავი პერსონაჟი, არც კი ვიცი ზუსტად რამდენია, იმიტომ რომ რამდენჯერაც ვიფიქრე, მიდი დავითვლი რამდენი პერსონაჟია, იქნება ეს მთავარი პერსონაჟი თუ მეორეხარისხოვანი პერსონაჟი, იმდენჯერ ამერია სათვალავი, იმიტომ რომ იმდენად ბევრი პერსონაჟია რომანში და იმდენად ბევრი თემა შემოდის... და აქ არიან რეალური და საკმაოდ ცნობილი პერსონაჟები ამერიკის ისტორიაში: ჯეი პი მორგანი, ფორდი, ცნობილი ილუზიონისტი ჰარი ჰუდინი, მსახიობი ეველინ ნესბიტი და სხვები და აქ არიან გამოგონილი პერსონაჟებიც. სხვათა შორის, თავად ავტორი წერდა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ მართალია, ბევრი რეალური პერსონაჟი შემოვიყვანე რომანში, მაგრამ სინამდვილეში რეალური პერსონაჟები უფრო არიან ის გამოგონილი პერსონაჟები და ის რეალური პერსონაჟები კი უფრო გამოგონილი პერსონაჟები არიანო. ეს ერთგვარი გადათამაშებაა რეალურისა და მხატვრული გამონაგონის.
დოქტოროუ ამ რომანში აჩვენებს იმ რასიზმსა და კლასობრივ უთანასწორობას, რაც იმ პერიოდის ამერიკაში სუფევდა, აჩვენებს იმიგრანტების და მუშების ცხოვრებას, რევოლუციური იდეების შემოსვლის პროცესს, სოციალისტების თუ ანარქისტების ბრძოლას და რეალურ პერსონებსაც ძერწავს (მაგალითად, ანარქისტი ემა გოლდმანი), აჩვენებს არტისტულ ყოფას და ინტრიგებს, კრიმინალური ქრონიკის ყველაზე გახმაურებულ ამბებსაც აცოცხლებს. მეორე მხრივ, გვაჩვენებს "ძლიერთა ამა ქვეყნისას" და საინტერესო ისტორიებს თხზავს მათ ფარულ კავშირებსა თუ "შეთქმულების თეორიებზე", გვიყვება, თუ როგორ იპყრობს მილიარდერ მორგანს სამყაროს იდუმალ, მისტიკურ კანონზომიერებებში გარკვევის ვნება და როგორ მიმართავს მთელ თავის მატერიალურ შესაძლებლობებს ამ მიმართულებით. ჩრდილოეთ პოლუსის დასაპყრობად გამართულ ექსპედიციაშიც კი გვახვედრებს დოქტოროუ და ეს ყველაფერი ერთი ოჯახის ისტორიის ირგვლივ იყრის თავს, თუმცა მთელ ამ ისტორიათა შორის საბოლოოდ მაინც იკვეთება წამყვანი თემა, რომელიც ზანგ მუსიკოს კოლჰაუსს ეხება. დოქტოროუ გვაჩვენებს ჩიხს, ვინაიდან უსამართლოდ შეურაცხყოფილი კოლჰაუსი ცივილიზებურად ვერც ერთ ინსტანციაში ვერ ახერხებს გაარღვიოს თეთრკანიანთა რეჟიმი, ღირსების გრძნობა კი უკან დახევის საშუალებას არ აძლევს, ამიტომ თანდათან ბოროტდება და ბოლოს ტერორისტად იქცევა. ერთხელაც მოვუსმინოთ თამარ სუხიშვილს.
თამარ სუხიშვილი: მთავარი თემაა კოლჰაუსის ისტორია და, სხვათა შორის, მთავარი პერსონაჟი რომანში შემოდის 21-ე თავში და სულ რომანი არის 40 თავი. აქ ცოტა არ იყოს პაროდირებულია 60-იანი წლების ფერადკანიანათა ტერორის ფაქტები, რასაც ადგილი ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ ერთ-ერთი კრიტიკოსის სიტყვებს მოვიშველიებდი, რომ მართალია, დოქტოროუ სულ გვაწვდის ამ რეალურ ფაქტებს, მაგრამ თამაშობს სულ ამ რეალური ფაქტებით და დაახლოებით ისევე გვასულელებს ჩვენ, მკითხველებს, როგორც ცნობილი ილუზიონისტი ჰარი ჰუდინი ასულელებდა აუდიტორიასო. კოლჰაუსი რეალური პერსონაჟია, მაგრამ უკვე ძნელი სათქმელია, სად გადის ზღვარი ილუზიასა და რეალობას შორის.
ერთი სიტყვით, ილუზიისა და რეალობის ეს ბრწყინვალე მუტაცია, ედგარ ლორენს დოქტოროუს "რეგტაიმი", უკვე ქართულ ენაზეა შესანიშნავად თარგმნილი და ის თავის გემოვნებიან მკითხველს ელის.