Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მკითხველს გარიდებული მწერლის რომანი სიკვდილის შემდეგ


დღეს განსაკუთრებული სიუჟეტი მაქვს, რადგან უნდა ვილაპარაკო იმ თანამედროვე მწერალზე, რომელსაც ცხოვრებაში სტრიქონი არ დაუბეჭდავს და, მეტიც, როგორც ვატყობ, არც არავის აკითხებდა თავის ნაწერებს. 1961 წელს დაბადებული პაატა ცანკაშვილი 2016 წლის 16 თებერვალს გარდაიცვალა და მისმა სამეგობრომ სულ რამდენიმე თვის შემდეგ დაბეჭდა მისი რომანი „დონ ბერნარდო ბერტი: ჩანაწერები, 1652“. ეს წიგნი თვითგამოცემაა, მეგობრებს სხვადასხვა გამომცემლობებში არ ურბენიათ - უბრალოდ, მოაგროვეს ფული და ბეჭდური სახე მისცეს ტექსტს, რომელიც ავტორის კომპიუტერში აღმოაჩინეს, ფაქტობრივად, ბოლომდე გამზადებული, შერჩეული ვიზუალური მასალით და დაკაბადონებული.

გადმოწერა

პაატა ცანკაშვილს მე ბავშვობიდან ვიცნობდი. ხუთი წლით ჩემზე უფროსი ბიძაშვილის, მხატვარ გია რურუას თანაკლასელი იყო. მცირე ასაკში ხუთი წელი დიდი სხვაობაა და მკაფიოდ მახსოვს, უმცროსკლასელი რა გაფაციცებით ვუყურებდი და ვუსმენდი შთამბეჭდავ უფროსკლასელებს, ცოტა მერე - როგორ ვცდილობდი ჩავრთულიყავი ლაღი სტუდენტების ხალისიან შეკრებებში, შემდეგ როგორ გახდნენ ყველანი ისინი ჩემი თანასწორები... და ამ შესანიშნავ სამეგობროში ყველაზე ელვარე ადამიანი იყო პაატა ცანკაშვილი - საოცრად მომხიბვლელი ინტელექტითაც, იუმორითაც, გარეგნობითაც, ურთიერთობის ნიჭითაც... მის ირგვლივ სულ ამბობდნენ, რომ პაატა წერდა, მაგრამ რას წერდა, ვერავინ აკონკრეტებდა და, რაც მთავარია, თავად არასდროს ლაპარაკობდა ამაზე და თუ ვინმე შეეკითხებოდა, თავს არიდებდა ამ კითხვაზე პასუხს. როგორც დღევანდელი გადმოსახედიდან ვხედავ, საკმაოდ ტრაგიკომიკურადაც ცხოვრობდა: მაგალითად, 90-იან წლებში მაღალტირაჟიან გაზეთ „სერიალს“ აკეთებდა, სადაც ყველაზე პოპულარული სერიალების სცენარები წინასწარ ითარგმნებოდა და იბეჭდებოდა. ანუ იგი კონკრეტული სერიის ტელევიზიით ჩვენებამდე მაყურებელს შინაარსს აწვდიდა, დღევანდელი სლენგით რომ ვთქვათ, ასპოილერებდა, ისინი კი ამას დიდი ვნებით იღებდნენ. ერთხელ დამიძახა კიდეც, უკვე თავმომწონე პოეტი, და რედაქტორობა შემთავაზა. მივედი მეც, რადგან არავითარი შემოსავალი არ მქონდა, მაგრამ, ეტყობა, უგულოდ გავაკეთე მოცემული მასალა ან ალღო ვერ ავუღე და დამიწუნა. მახსოვს, მითხრა: მე რომ ვარედაქტირებ, ერთ გვერდს შეიძლება რამდენიმე საათი მოვანდომო და აქ ეტყობა, რომ მხოლოდ ოდნავაა გასწორებული მთავარი შეცდომები და ათ წუთში გააკეთეო.

პაატა ცანკაშვილი
პაატა ცანკაშვილი

ამდენი წლის შემდეგ, როცა მის რომანს ვკითხულობდი, კვლავ ამომიტივტივდა გონებაში მის მიერ ნათქვამი ეს ფრაზა, რადგან დავინახე, თუ რამდენად მაღალი იყო მისი პასუხისმგებლობა ენისადმი: სერიალის გაზეთის გვერდს თუ რამდენიმე საათი ანდომებდა, საკუთარი წიგნის გვერდს აშკარად დღეებს და შესაძლოა კვირებსაც კი. მოცემულ რომანზე, მისი მეგობრების ვარაუდით, დაახლოებით, ათი წელი მუშაობდა.

რა თქმა უნდა, როცა ასეთი შემთხვევაა, არ გამოდის მშრალად წიგნზე ლაპარაკი და პირველ რიგში ავტორის პორტრეტი გინდა დახატო, მაგრამ არც ისე უნდა გამოვიდეს, რომ ტექსტამდე ვერ მიაღწიო. ამიტომ ჯობს ახლა დათო ტურაშვილს მოვუსმინოთ, რომელიც ამ წიგნის მხურვალე გულშემატკივარია. ცხადია, საინტერესო იყო ისიც, თუ როგორ ჩაუვარდა პაატა ცანკაშვილის რომანი ხელში. აი, რა მითხრა მან.

დათო ტურაშვილი: სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ეს მწერალი. ბათუმში მივდიოდი და არჩილ ლეკიშვილმა, ჩემმა ნაცნობმა, მითხრა, რომ ასეთი მწერალი არსებობდა. სამწუხაროდ, აღარ არის ცოცხალი და მინდა გაჩუქოო - და ამოიღო წიგნი და მაჩუქა. პირველივე კაფეში დავჯექი და დავიწყე კითხვა. და დავიწყე და დავიწყე... გავოგნდი: ეს რანაირად არ ვიცოდი! გამიკვირდა და გამიხარდა - ხომ იცი, რომ აღმოვაჩენ ხოლმე კარგ ქართველ მწერალს, გიჟივითა ვარ. მერე დავიწყე სხვებისთვის ამის შეთავაზება. ამ ადამიანმა ძალიან მაგრად იცის ის სამყარო, ეპოქა და გარემო, რომელზეც წერს, და არის ძალიან მაგარი პროფესიონალი. გავარკვიე, რომ პროფესიით ისტორიკოსია, მაგრამ რამდენი დიპლომიანი ისტორიკოსი ვიცი, არც ისტორია იცის, არც აწმყო და არც მომავალი... ეს წიგნი მე-17 საუკუნის თბილისზეა. თავისთავად ძალიან საინტერესო ეპოქაა - ყველაზე ტრაგიკული, ტრაგიკომიკური, დრამატული... ესეც მომეწონა - ევროპა და სპარსეთი ერთად საქართველოში და თბილისში. ყველას აქვს ინტერესი იმ ავტორების მიმართ, რომლებიც უცხოელები არიან და სხვადასხვა ეპოქაში აღწერდნენ ჩვენს ქვეყანას. ამის გამო სულ მაინტერესებდა, მაგალითად, არქანჯელო ლამბერტი, კასტელი და ყველა. შენ იცი, რომ შენი ისტორია არის გარკვეულწილად იდეალიზებული. ანუ რომ იბადები და იზრდები, შენ ის გხვდება, რაც მოსწონთ თავის ისტორიაში და წარსულში...

დათო ტურაშვილი
დათო ტურაშვილი

არქანჯელო ლამბერტი ახსენა დათო ტურაშვილმა, იტალიელი მისიონერი, რომელიც მე-17 საუკუნეში 18 წელი სამეგრელოში იმყოფებოდა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1655 წელს, გამოაქვეყნა წიგნი "სამეგრელოს აღწერა". შეიძლება ითქვას, რომ იგი პაატა ცანკაშვილის ბერნარდო ბერტის პროტოტიპია. ბერტიც იტალიელი მისიონერია, რომელიც ზუსტად იმავე პერიოდში მოღვაწეობს საქართველოში, რომელშიც ლამბერტი, ოღონდ ის თბილისში, აღმოსავლეთ საქართველოშია და თავის ჩანაწერებში იქაურობას აღწერს. უფლისწულ ლუარსაბის მკვლელობა არის ის მოვლენა, რომლის გარშემოც ავტორი აგებს წიგნის სამყაროს. ანუ ჟანრობრივად პაატა ცანკაშვილის რომანი ისტორიული დეტექტივია: ისე ხდება, რომ დონ ბერნარდოს უწევს ამ მკვლელობის გამოძიება და ამის გამო ყველა სოციალურ ფენასთან კონტაქტი - მეფე როსტომით და მეფე თეიმურაზით დაწყებული, ავაზაკებით დამთავრებული. ამ ფართო დიაპაზონში საოცარი ფერადოვნებით შლის პაატა ცანკაშვილი სისხლით და ღალატით სავსე და, ამავე დროს, ბრჭყვიალა, დეკორატიულ, ეკლექტურ სამყაროს, სადაც რამდენიმე კულტურა ერთმანეთშია აზელილი და, რაც მთავარია, ეს ადამიანთა ცნობიერების და ცხოვრების პრინციპების გაორებას იწვევს. ცალთვალა იტალიელი მისიონერი, რომელიც ყოველივე ამას აკვირდება, ყოფილი ინკვიზიტორია. ის ცდილობს ამ გაორებული და სასტიკი სამყაროს ბუნებაში გაერკვეს, თუმცა საკუთარი ინკვიზიტორული საქმიანობის მიმართ თითქოს სინდისის ქენჯნა არანაირად არ აწუხებს. ერთადერთი, ინკვიზიციის მიერ დასჯილი ვინმე მიქელინა ახსენდება სულმუდამ, პოეტური პასაჟებით სევდიანად იხსენებს მას და მიმართავს... მთლიანობაში, ავტორი რომანს მოკლე თავებით აწყობს. განუწყვეტლივ ცვლის გარემოს, თხრობის მანერას. მთავარი კი ისაა, რომ ამ ტექსტს ის არ წერს მხოლოდ კონკრეტული ეპოქის აღსადგენად. ისტორიულ სივრცეს იგი იყენებს საფიქრელად. ამ სივრცეში მარადიულ საკაცობრიო კითხვებზე მის პასუხებს თითქოს მეტი სილაღე და გაქანება ეძლევა. მთელი წიგნი, ფაქტობრივად, აფორიზმებითაა დახუნძლული, ოღონდ ეს არაა მშრალი, მორალისტური აფორიზმები: პაატა ცანკაშვილი ფერწერულად, სურათ-ხატებით წერს თავის აზრებს. დაბოლოს, რა თქმა უნდა, ენა, რომელსაც იგი ჯადოქრულად ფლობს და ძველი ქართული თუ სპარსული ლექსიკით ცოცხალ სამეტყველო თუ სააზროვნო ქსოვილს ქსოვს. მოვუსმინოთ ერთხელაც დათო ტურაშვილს.

დათო ტურაშვილი: რაც შეეხება ენას, მე მაქვს ასეთი წიგნი დაწერილი - "გურჯი ხათუნი". გურჯი ხათუნი იყო თამარ მეფის შვილიშვილი, რომელიც მე-13 საუკუნეში გაათხოვეს მაშინდელი სელჯუკეთის პრინცზე. პერსონაჟების ენითაა მოთხრობილი. და მახსოვს, რამდენი ვიწვალე, რამდენი ენა ვისწავლე, იმიტომ რომ ძალიან ძნელია მე-13 საუკუნის პერსონაჟის ენა მოიგონო. და პაატა ცანკაშვილის ამ წიგნს რომ ვკითხულობდი, მივხვდი, რა შრომა დევს მასში, გარდა ინტელექტისა. ყველაფერი იცოდა, ანუ, ბორხესით დაწყებული, ნებისმიერი ფილოსოფოსით დამთავრებული და, სხვათა შორის, მარტო ეს კი არ იცოდა, როგორც მეუბნებიან, იცოდა, მაგალითად, ავიაციის განვითარების ისტორია, იცოდა, მაგალითად, სამხედრო საქმე, ანუ მე ვფიქრობ, ნებისმიერი ტიპის წიგნი შეეძლო დაეწერა. ბოლო-ბოლო, კარგ წიგნს ვინ წერს: ვისაც კარგი განათლება აქვს და კარგი ფანტაზია და წარმოსახვის უნარი. პრინციპში, ყველაზე მაგარი, რაც დამრჩა, ეს არის დიდი სევდა. კარგი წიგნებისგან რომ გრჩება ხოლმე, რომ ვერ გამოდიხარ. ვერ გამოვდივარ მე. რამდენი ხანია უკვე წავიკითხე, მაგრამ ვერ გამოვდივარ. ყველას მინდა რომ წავაკითხო, დავაფიქრო და ა.შ.

სევდა, რომელიც წიგნიდან მოდის, კიდევ უფრო იზრდება, როდესაც ავტორის ბედისწერა გახსენდება. ბოლო წლების მისი კარჩაკეტილობა, გარიყულობა შეგვიძლია დეპრესიად მოვნათლოთ, თუმცა თავად მას უკეთესი განმარტება ჰქონია ამისი და თურმე მეგობრებთან ეგზისტენციალისტურ შეჭირვებას უწოდებდა.

პაატა ცანკაშვილს რომანის გარდა მოთხრობებიც დარჩა და იმედია, მოთხრობების კრებულიც მალე გამოიცემა. ალბათ, გამომცემლობებიც გამოიჩენენ ინტერესს ამ არაორდინარული შემოქმედის მიმართ, მცირე ტირაჟით დაბეჭდილი მისი ეს რომანი თავიდან გამოვა და მკითხველამდე უკეთ მივა და, საერთოდ, მისი ტექსტების ბეჭდვა თვითგამოცემის წესით აღარ იქნება საჭირო.

XS
SM
MD
LG