Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამთა მელაშვილის რომანი ვითომ ელენე დარიანზე


"ირინა, თამთა მელაშვილის ახალი რომანის გმირი, ელენე დარიანის საუკუნოვანი საიდუმლოს გახსნას ცდილობს, თუმცა ეს მცდელობა მისივე პირადი ცხოვრებით განპირობებული ინტერპრეტაციაა, ხოლო ალტერნატიული მითი დარიანის შესახებ ჩვენ თვალწინ იბადება" - აი, ასე წერია "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ ცოტა ხნის წინ დაბეჭდილ თამთა მელაშვილის ახალი რომანის, "აღმოსავლეთით", ანოტაციაში. კარგ მკითხველს მშვენივრად ესმის, რომ ასეთი ანოტაციები ხშირად ზედაპირულია, ან არაზუსტია, ან, უბრალოდ, წიგნის ისეთ მომენტებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც სკანდალურია, გაყიდვადია. არ ვიცი, ამ შემთხვევაში ეს გამომცემლობის მიერ ჩაგდებული ინტრიგა იყო, თუ ავტორისა თუ გამომცემლობის ერთობლივი „პროექტი“, მაგრამ წინასწარ გეტყვით, რომ ვინც ელენე დარიანის შესახებ ალტერნატიული მითის შესატყობად აიღებს ხელში ამ წიგნს, ის იმედგაცრუებული დარჩება. რომანის სიმძიმის ცენტრი არაა ამ საკამათო ლიტერატურულ მოვლენაზე დასმული, იგი სხვაგანაა გადანაცვლებული და ეს იდუმალი პოეტური ისტორია სატურნის ერთ-ერთი რგოლივითაა, რომელიც სხვა რგოლებთან ერთად არტყია მთავარ თემას. წიგნი სულ ახალი გამოსულია, არადა, უკვე ვატყობ, რომ ამის გამო მის მიმართ დამოკიდებულება შეიძლება მკვეთრად გაიყოს ორად. მართალი გითხრათ, მეც ასე დამემართა, თავიდან უფრო კრიტიკულად განვეწყვე რომანის მიმართ, მაგრამ რაღაცები ჩემს თავში რომ გადავხარშე, აქცენტები სხვანაირად დავსვი, დარიანის თემის მთავარ სატყუარად შემოგდებაც ავტორის პროვოკაციულ ჟესტად დავინახე და ამ თემის კონტექსტუალურობაც უფრო ცხადი გახდა. მაგრამ ჯობს თანდათან მივყვეთ, წიგნის ავკარგიანობაში გასარკვევევად კი „ილიაუნის“ ლიტერატურული კლუბის მენეჯერს, ჟურნალისტ მაშო სამადაშვილს გავესაუბრებით.

მაშო სამადაშვილი: წინასწარ მინდა ვთქვა, რომ თამთა ჩემი უსაყვარლესი ავტორია და, ალბათ, სამი ტექსტის დასახელება რომ მთხოვონ უახლეს ქართულ ლიტერატურაში, ერთი აუცილებლად "გათვლა" იქნებოდა. ამიტომ, ჯერ ერთი, მოლოდინი მისი ახალი ტექსტის მიმართ იყო ძალიან დიდი, პლუს თემა, რომელიც მან აიღო, რომელსაც ყველა ვკითხულობთ, ყველას გვაინტერესებს და მართლა საიდუმლოებით მოცულია და უამრავი ვერსია გვაქვს ყველას წაკითხული და წარმოდგენილიც, - მე, მაგალითად, ყველაფერი ჩემებურად მაქვს წარმოდგენილი, - ძალიან საფრთხილო იყო, ჩემი აზრით. რაც შეეხება ამ თემის დამუშავებას, მე მგონია, რომ თამთას, როგორც ავტორს, ეს შეეძლო განუზომლად უკეთესად გაეკეთებინა. პრინციპში, ყველაფერი, რასაც ჩვენ ვკითხულობთ ამ ტექსტში, რჩება შეუვსებელი ბლოგის ფორმატში, რომელიც შეიძლება სხვებმაც დაწერონ. მე მერე, როდესაც ეს წიგნი წავიკითხე, წავიკითხე თამთას ნამუშევრები ელენე დარიანზე - ბიოლის ფონდის გვერდზე არის მისი სტატია, და იმ ფორმატში უფრო სრულყოფილი იყო, ვიდრე წიგნში გაბნეული მთელი ეს ინფორმაცია. და თან არც ახალს არ ვიგებთ არაფერს, ეს ყველაფერი მე, მაგალითად, ვიცოდი და, მეორე მხრივ, ვერც ახალი მითის დაბადებას, როგორც წიგნს აწერია, ვერ ვხვდებით, იმიტომ რომ რა არის ახალი მითი? ის, რომ ბერიას შეიძლებოდა ელენე დარიანი ჰყვარებოდა? ეს? ეს არ არის ის, რასაც მკითხველი წიგნისგან ელოდება, როცა შენ ამ თემას იღებ ფოკუსად.

ანუ, მაშო სამადაშვილის აზრს თუ გავაგრძელებთ, თამთა მელაშვილს თავის რომანში შეეძლო ფანტაზია გაეხსნა, პაოლო იაშვილისა და ელენე ბაქრაძის სასიყვარულო პერიპეტიები ეჩვენებინა, მათი ურთიერთობის საკუთარი შთამბეჭდავი და ჩამთრევი ვერსიები შეეთხზა, ეროტიკული ენერგეტიკით დაემუხტა ყოველივე ეს - მხატვრულ ტექსტში მას დოკუმენტურ სიზუსტეს ვერავინ მოსთხოვდა - და პუბლიკაც კმაყოფილი დარჩებოდა ამით. ის კი სრულიად საპირისპირო გზით წავიდა: დეპრესიული ირინა თითქოს რაღაცნაირად მექანიკურად ირჩევს ამ თემას, მხოლოდ იმისთვის, რომ ამ ისტორიის კვლევით საკუთარ პრობლემებს გაექცეს, მაგრამ ყოველივე ამას ძალიან უღონოდ აკეთებს. ის გულის გამაწვრილებელი მონოტონურობა, რაც მთელ ამ პროცესს თან სდევს, რომანში ასახულია განმეორებადი ქმედებებით, ლეპტოპის გახსნა-დახურვებით, პოსტების თვალიერებით, სამზარეულოში გასვლითა და ჩაის გაკეთებით, მოულოდნელად გამქრალ საყვარელთან დარეკვებით და ოპერატორის ერთი და იმავე პასუხით: „ნომერი, რომელიც თქვენ აკრიფეთ, დროებით გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან“. ეს მონოტონურობა მთელ ტექსტს ტანში აქვს გამჯდარი. ირინას ყველა ურთიერთობა, ყველა ქმედება უსიცოცხლოა და უსიცოცხლოა ის ტექსტიც, რომელსაც იგი ქმნის. მისი კვლევა საინფორმაციო ბუკლეტის შთაბეჭდილებას ტოვებს. მაგრამ რამდენად სწორი იყო ავტორის მიერ დეპრესიულობის განვრცობა შემოქმედებით უნაყოფობამდე და სწორედ ამ უნაყოფობის მეშვეობით პროტაგონისტის სულიერი მდგომარეობის ჩვენება?

მაშო სამადაშვილი
მაშო სამადაშვილი

მოვუსმინოთ კვლავ მაშო სამადაშვილს.

მაშო სამადაშვილი: დეპრესიის და მძიმე მდგომარეობის დროს გაცილებით გახსნილია ფანტაზია და სათქმელიც ბევრი გაქვს და როცა ძალიან გულნატკენი ხარ ან გარშემო ძალიან ბევრი პრობლემაა, პირიქით, გეხსნება ეს უნარი, და ყველა დიდი ხელოვნების ნიმუში დეპრესიულ ტალღაზე და დეპრესიული ადამიანების დაწერილია. აქ, მე მგონია, რომ ეს დეპრესიაც, ეს ვაგინიზმიც, რაც ამ ქალს აქვს, - ექიმთან სცენით იწყება რომანი, - ამ ტოტალური უსუსურობის საჩვენებლად არის გაკეთებული. რომ ამ ქალს ყველა ფრონტზე აქვს პრობლემა, ვერ გამოდის ამ პრობლემებიდან და კათარზისი მის ცხოვრებაში მაინც არ დგება, მიუხედავად იმისა, რომ მისი სიყვარული სანდრო ბოლოს მოდის, წერას იწყებს, მაგრამ თვითონაც ხვდება, რომ ეს არ არის ის, რაც უნდა. ბებია უკვდება ისე, რომ ვერ ალაგებს მასთან ურთიერთობას, ანუ ვერც ერთი მიმართულებით ვერ ამთავრებს საქმეს, ფინალში ვერ გადის და, ვფიქრობ, ამ აბსოლუტურ უსუსურობაზეა ეს ტექსტი, და ეს გამონაგონიც, მგონია, რომ იმიტომ არ არის სიღრმისეულად დამუშავებული, რომ ეს ზედაპირულობა არის ამ ტექსტის ერთ-ერთი სათქმელი.

საინტერესოა, თუ როგორ აგებს თამთა მელაშვილი მთელ ამ „უსუსურობას“. ყველა ის სივრცე, რომელთანაც შეხება აქვს ირინას, ერთმანეთში გადადის, მაგრამ არაა აზელილი, ათქვეფილი. ზემოთ ვთქვი, დარიანის ამბავი სატურნის ერთ-ერთი რგოლივით არის-მეთქი და რომანის სტრუქტურაც მსგავსია: ეს სივრცეები რგოლებივითაა ერთმანეთში ჩაწყობილი. სადღაც უცებ ერთი რგოლი მთავრდება და მეორეში გადადიხარ, იქიდან მესამეში, მერე ისევ ძველ რგოლს უბრუნდები. ირინას გამოფიტული ცნობიერება და სხეული ამ მხრივ რაციონალურია, მან ზუსტად იცის თავისი სამოძრაო ტრაექტორიები, დარიანზე კვლევასაც ასეთივე რაციონალური სიმშრალით აწარმოებს. არაცნობიერად, ესაა სურვილი, ერთი საუკუნის წინანდელი მძაფრი სასიყვარულო ისტორიის საკუთარ თავში შემოტანით უწამლოს იმ ვაგინიზმს, რომელიც ტანჯავს და რომელიც აქ სიმბოლურია, ანუ გახსნას საკუთარი დახშულობა, მაგრამ ამისთვის, ალბათ, საჭიროა, რომ მან პაოლო იაშვილის და ელენე ბაქრაძის აჩრდილებს საკუთარი ფერები შესძინოს, მისი უმწეო სიხარული კი მხოლოდ ბლოგის მიმართ გაზრდილ ყურადღებას, კომენტარებსა და მოწონებებს მოაქვს, რაც გულისმომკვლელად სასაცილოა.

რაც შეეხება იმ სივრცეებს, სადაც ირინა მოძრაობს, ამის შესახებ კვლავ მაშო სამადაშვილს მოვუსმინოთ.

მაშო სამადაშვილი: ერთი პლუსი, რა თქმა უნდა, არის ამ გოგოს ბექგრაუნდი - ოჯახი. გარდა იმისა, რომ საინტერესოდ დახატული პერსონაჟებია, რაღაცნაირად ეპოქის ძალიან კარგი ანარეკლიც არის. იგივე ეს მამის "მხედრიონში" ყოფნის პატარა დეტალია, დედასთან მისი დამოკიდებულება, მოსამართლე ბებია თინა, რომელიც არის ჯადოსნურად კარგი პერსონაჟი და ერთ-ერთი საუკეთესო. და, ნამდვილად, თამთას სახეების შექმნა არ ეშლება და ესაა უდავოდ წიგნის დიდი პლუსი. და ასევე პროფესორი, რომელთანაც დადის ხოლმე ირინა, არის სრულიად არაჩვეულებრივი, მიუხედავად იმისა, რომ მიმკრთალად ჩანს და არ არის ძირითადი პერსონაჟი, არის ნამდვილად დაუვიწყარი და ამ სტერეოტიპულ საზოგადოებაზე ძალიან კარგად გაცინებს. კიდევ ერთი პლუსი მგონია ამ რომანის თანამშრომელი გოგონები. მათი დიალოგები არის ძალიან სიმპტომატური, და, მით უმეტეს, ქალებისთვის, ალბათ, ძალიან გასაგები, და როდესაც ვკითხულობდი, ძალიან ახლოს მოდიოდა ეს ტკივილი, რადგან ასეთი ადამიანი ჩვენს გარშემო ძალიან ბევრია და თვალწინ მიდგებოდა ჩემი ნაცნობები, როცა ვკითხულობდი.

შეიძლება ითქვას, რომ ეს „ქალური პრობლემების“ რომანია და მას კაცები ნაკლებად გაუგებენ? აი, რა აღნიშნა ორიოდე დღის წინ პოეტმა ეკა ქევანიშვილმა თავის ფეისბუკ-გვერდზე: „ვფიქრობდი: უფფ, როგორ არ მოეწონებათ კაცებს ეს წიგნი. ვიცოდი კი, ფეხებზე ეკიდებოდა ეს ამ წიგნის ავტორს, მან ეს წიგნი ქალებისთვის დაწერა. გამოკვეთილად ქალებისთვის. უნდა ეთქვა. ვიცოდი, რომ იტყოდა, ველოდი. მინდოდა, კიდევ უფრო მწარედ ეთქვა, კიდევ უფრო უსირცხვილოდ ეთქვა ყველაფერი, რაც არ ითქმის, რასაც ვერ ვბედავთ, რაც ტეხავს. არ მეყო, კიდევ მინდოდა“.

ჰო, შეიძლება ასეცაა. და ამიტომაც მოხდა, რომ თავიდან ვერც მე ავუღე ალღო ამ ტექსტს. უსახური მეჩვენა. მეჩვენა, რომ კარგი იდეა "ჩააგდო" თამთა მელაშვილმა. ერთ მეგობარ მამაკაც ლიტერატორს რომ დაველაპარაკე, მასაც ზუსტად იგივე რეაქცია ჰქონდა. არადა, უკვე ვეჭვობ, რომ სპეციალურადაა ეს ყველაფერი ასე „ჩაგდებული“. ჯერ კიდევ ბევრს არ წაუკითხავს ეს წიგნი, ვნახოთ, როგორი იქნება რეაქციები, გაიყოფა თუ არა მკითხველთა ბანაკი ორად. და გაიყოფა თუ არა სქესობრივი ნიშნით. საინტერესოა.

XS
SM
MD
LG