Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობოები მორიგ შეკრებას აანონსებენ: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!"


არასამთავრობოები აქციას აანონსებენ და ყველას მოუწოდებენ შეერთებისაკენ.
არასამთავრობოები აქციას აანონსებენ და ყველას მოუწოდებენ შეერთებისაკენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც „აგენტების კანონს“ ეწინააღმდეგებიან, საზოგადოებას მოუწოდებენ, კიდევ ერთხელ შეიკრიბონ პარლამენტის წინ დღეს, სამშაბათს, 30 აპრილს, 19:00 საათზე; ისინი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ დემონსტრაციას.

დღეს, სამშაბათს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე იწყებს „აგენტების კანონის“ მეორე მოსმენით განხილვას.

30 აპრილს გავრცელებულ საერთო განცხადებაში 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია მიუთითებს, რომ „სამოქალაქო საზოგადოება კვირების განმავლობაში დეტალურად განმარტავდა, თუ რატომ არის რუსული კანონი ანტიკონსტიტუციური, ქართული დემოკრატიის დასასრული და ევროკავშირში ინტეგრაციის საერთო-ეროვნული სწრაფვის შეგნებულად დამაზიანებელი“. „თუმცა, რუსული კანონის მავნე შედეგებში საზოგადოების დარწმუნებას ხელისუფლების გუშინდელ განცხადებებზე უკეთ ვერავინ შეძლებდა“, - აცხადებენ ისინი.

განცხადება არასამთავრობოების სახელით წაიკითხა „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED-ის) აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ივანიშვილის სიტყვაში „ხელისუფლებამ ღიად დააფიქსირა, რომ რუსული კანონის მიღებით ისინი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიების გამოცხადებას გეგმავენ. ისინი აანონსებენ არჩევნების მიტაცებას, ცენზურას და საბჭოთა სტილის ტოტალიტარულ რეჟიმს. მათ განაცხადეს, რომ დასავლეთს ხედავენ მტრად, ხოლო ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი ქვეყანა, რუსეთი, არც კი უხსენებიათ ამ კონტექსტში. ყველამ ნათლად გაიგო, რომ რუსული კანონის მიღების მიზანი არა ყბადაღებული „გამჭვირვალობა“, არამედ ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლა და რუსეთიზაციის გაფორმებაა“.

განცხადების თანახმად, „დღეს ხელისუფლება ამ ანტიკონსტიტუციური კანონის მისაღებად მორიგ ნაბიჯს დგამს და რუსული კანონის მეორე მოსმენით პლენარულ განხილვას გეგმავს“, რის გამოც აწყობენ არასამთავრობოები მორიგ შეკრებას.

„ჩვენ, ამ ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების წევრები და მოქალაქეები:

  • შევეწინააღმდეგებით კანონის მეორე მოსმენით მიღების მცდელობას და კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ხელისუფლებას, რომ რუსული კანონით კონსტიტუციის ღალატი და ევროკავშირზე უარის თქმა არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი.
  • მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, კვლავ შეასრულონ საკუთარი მოვალეობა ხალხის წინაშე და კიდევ უფრო მტკიცედ იბრძოლონ პარლამენტში რუსული კანონის წინააღმდეგ.
  • მოვუწოდებთ ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისთვისაც ქვეყნის დამოუკიდებლობა, კონსტიტუცია და საქართველოს ევროპული გზა მნიშვნელოვანია, შევიკრიბოთ პარლამენტის წინ 19:00 საათზე“.

არასამთავრობოები აცხადებენ, რომ თვალს მიადევნებენ, თუ როგორ იმოქმედებს ხელისუფლება და „ვიმოქმედებთ არსებული სიტუაციის შესაბამისად, ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებისა და ქართველი ხალხის გაცხადებული ნების შესაბამისად“.

გუშინ, 29 აპრილს, თბილისში „ქართული ოცნების“ ორგანიზებულ კონტრაქციაზე ბიძინა ივანიშვილმა პირადად ჩამოაყალიბა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების „ქართული ოცნებისეული“ ხედვა, რომელიც შეთქმულების თეორიას ეფუძნება. ამ ხედვის თანახმად:

  • 2004-12 წლებში საქართველოს მართავდა „უცხოური აგენტურა“, რომელსაც „გლობალური ომის პარტია“ აკონტროლებდა;
  • წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ლიდერებად „ენჯეოების ხელით მოწყობილი რევოლუციის შემდეგ დაინიშნნენ“;
  • მათ დღემდე ამოძრავებთ სურვილი, „საქართველოში იგივე ადამიანების არაჰუმანური, სადისტური დიქტატურა დააბრუნონ“;
  • „გლობალური ომის პარტიისთვის“ საქართველოსაც და უკრაინასაც „მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს“ და სწორედ ამ ძალამ დააპირისპირა რუსეთთან ჯერ საქართველო, ხოლო შემდეგ - უკრაინა.
  • ივანიშვილის განმარტებით, „აგენტების“ და „ლგბტ პროპაგანდის“ საწინააღმდეგო კანონპროექტების ინიციირებისთვის დრო „იდეალურად არის შერჩეული“ და ერთ-ერთი მიზანია - „აგენტურას“ ძალები გამოაცალოს შემოდგომის არჩევნებისთვის - „ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების“ კიდევ ერთი მცდელობის მოლოდინში.

„აგენტების კანონი“, - ოფიციალურად, „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“, - საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცა - 83 ხმით.

13 თვით ადრე, 2023 წლის მარტში, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

კანონი ეხება საქართველოში არსებულ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და არაერთ მედიასაშუალებას, მათ შორის - რადიო თავისუფლებასაც.

კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ თბილისში საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო.

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG