აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა წევრებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის დახმარების გაგრძელებას და რუსეთისთვის ახალი შეზღუდვების დაწესებას, თუ ის უარს უტყვის ომის დასრულებაზე, ან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მას დაარღვევს.
კანონპროექტის ავტორები არიან დემოკრატი კონგრესმენები გრეგორი მიკსი და სტენი ჰოიერი, რომლებსაც შეუერთდნენ კონგრესმენები უილიამ კიტინგი, ჯერალდ კონოლი და ლოიდ დოგეტი.
კანონპროექტი ითვალისწინებს უკრაინის დახმარებას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ქვეყნის აღსადგენად და რუსეთისთვის ახალი, მკაცრი სანქციების დაწესებას, მათ შორის საფინანსო დაწესებულებებისა და ნავთობისა და სამთო მრეწველობის სფეროებისთვის.
კანონპროექტის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტს ეზღუდება სანქციების ერთპიროვნულად, კონგრესის გარეშე გაუქმების უფლება. კერძოდ, პრეზიდენტს სანქციების მოხსნა შეეძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონგრესს დაარწმუნებს, რომ რუსეთმა შეწყვიტა უკრაინის წინააღმდეგ ომი, ან მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების დამრღვევი მოქმედებები და კონგრესი ამას დაეთანხმება.
სანქციების მოქმედება დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს რუსეთის მიერ ომის განახლების, ან შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში.
2025 წლის 1 აპრილს, აშშ-ის კონგრესის ზედა პალატას, სენატსაც წარედგინა უკრაინის მხარდამჭერი, ახალი ორპარტიული კანონპროექტი.
რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის და დემოკრატი სენატორის, რიჩარდ ბლუმენტალის მიერ ინიციირებული კანონპროექტით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები ამოქმედდება, თუ ის უარს იტყვის უკრაინაში მყარი მშვიდობის მისაღწევად კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებზე და მშვიდობის დამყარების შემდეგ ისევ მიმართავს უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფისკენ მიმართულ ქმედებებს, მათ შორის სამხედრო შეჭრას.
ფორუმი