მისი გათავისუფლება დაადასტურა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ. 10 აპრილს რუბიომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შედეგს მიაღწია და ამერიკელი ქსენია კარელინა, რომელიც წელიწადზე მეტხანს რუსეთს უკანონო პატიმრობაში ჰყავდა, შინ, შეერთებულ შტატებში მიფრინავს.
ქსენია კარელინა 2024 წლის იანვარში დააკავეს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში. მას ბრალად დასდეს უკრაინის არმიის დახმარება. იმავე წლის აგვისტოში სვერდლოვსკის საოლქო სასამართლომ კარელინა დამნაშავედ ცნო სახელმწიფო ღალატში და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ქსენია კარელინას ედავებოდნენ უკრაინის მხარდასაჭერად აშშ-ში დაფუძნებულ საქველმოქმედო ფონდში 51,8 დოლარის გადარიცხვას.
კარელინა ვერ მოხვდა იმ პატიმრებს შორის, რომლებიც აშშ-მა და რუსეთმა 2024 წლის აგვისტოში გაცვალეს.
გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ქსენია კარელინას სანაცვლოდ შეერთებულმა შტატებმა გაათავისუფლა რუსეთისა და გერმანიის მოქალაქე არტურ პეტროვი. ის 2023 წელს, აშშ-ის მოთხოვნით კვიპროსზე დააკავეს.
გამოძიების თანახმად, პეტროვი ამერიკული კომპანიებისგან ყიდულობდა ელექტრონიკას და სანქციებისთვის გვერდის ავლით რუსეთში აგზავნიდა.
The Wall Street Journal-ის ცნობით, კარელინას და პეტროვის გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროს დედაქალაქ აბუ-დაბიში შედგა.
განახლება: რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ გაცვლა აბუ-დაბის აეროპორტში შედგა. ამ სამსახურის თანახმად, კარელინა პრეზიდენტმა პუტინმა შეიწყალა და სანაცვლოდ რუსეთმა დაიბრუნა პეტროვი, რომელსაც აშშ-ში 20-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა.
2024 წლის 1 აგვისტოს რუსი ოპოზიციონერების და აშშ-ის და გერმანიის მოქალაქეების, სულ 16 ადამიანის, გათავისუფლების სანაცვლოდ რუსეთმა დაიბრუნა აშშ-ის და ევროპის ქვეყნების საპატიმროებში მყოფი რვა მოქალაქე, მათ შორის სპეცსამსახურების თანამშრომელი ვადიმ კრასიკოვი, რომელსაც გერმანიაში სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის.
რუსეთის მიერ 2024 წლის აგვისტოში გათავისუფლებულ და აშშ-ისთვის გადაცემულ პატიმრებს შორის იყო რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა.
მას 6,5 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი რუსული არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების გავრცელების ბრალდებით.
ფორუმი