რუსეთის ხელისუფლება უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყება. მათ შორის - ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაზე. დროებით დახურეს ვლადიკავკაზის და გროზნოს აეროპორტები.
ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაურის, სერგეი მენიაილოს ტელეგრამ-არხზე 9 აპრილს, დილის რვის ნახევრისთვის გამოქვეყნებული ცნობით, საჰაერო თავდაცვამ მოზდოკის რაიონში შეტევა მოიგერია და 15 დრონი გაანადგურა. მენიაილოს სამიზნე არ დაუკონკრეტებია. მისი მტკიცებით, მსხვერპლი და ნგრევა არ არის.
მოზდოკის რაიონში მდებარეობს რუსეთის სტრატეგიული ავიაციის ბაზა, რომელსაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა დრონებით შეუტიეს 2024 წლის ივნისში.
ტელეგრამ-არხი ASTRA ადგილობრივ მცხოვრებთა ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ დღევანდელი შეტევის სამიზნეც მოზდოკის სამხედრო აეროდრომი იყო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, 8 აპრილის საღამოს რვა საათიდან 9 აპრილის დილის ექვს საათამდე „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს” 158 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის 67 კრასნოდარის მხარეში, 29 - როსტოვის ოლქში, 15 - ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში, 11 - ვორონეჟის ოლქში, 10 - კურსკში და დანარჩენი - ბელგოროდის, პენზის, სარატოვისა და ორიოლის ოლქებში, სტავროპოლის მხარეში, ყირიმში და აზოვის ზღვისა და შავი ზღვის თავზე.
რუსეთის ხელისუფლება თითქმის არაფერს ამბობს დრონებით შეტევის შედეგებზე.
კრასნოდარის მხარის ხელისუფლება გელენჯიკის რაიონში, საწყობებში ხანძრის შესახებ იუწყება, თუმცა არ აკონკრეტებს, გამოიწვია თუ არა ხანძარი დრონებით დარტყმამ.
როსტოვის ოლქის გუბერნატორ იური სლიუსარის თანახმად, დრონი აღმოაჩინეს ერთ-ერთი მრავალსართულიანი სახლის „სარეცხის თოკზე“ და დეტონაციის საფრთხის გამო მობინადრეთა ევაკუაცია განხორციელდა.
უკრაინას რუსეთზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.
ფორუმი