Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
პრეზიდენტმა ტრამპმა ირანთან პირდაპირი მოლაპარაკების შესახებ განაცხადა

პრეზიდენტმა ტრამპმა ირანთან პირდაპირი მოლაპარაკების შესახებ განაცხადა


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან პირდაპირი მოლაპარაკების შესახებ 7 აპრილს განაცხადა თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან პირდაპირი მოლაპარაკების შესახებ 7 აპრილს განაცხადა თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ კვირის ბოლოს ირანთან უმაღლესი დონის პირდაპირი მოლაპარაკება გაიმართება. ირანი ამერიკელებთან დაგეგმილ შეხვედრას ადასტურებს, თუმცა უარყოფს, რომ ეს პირდაპირი მოლაპარაკება იქნება.

7 აპრილს, თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ პირდაპირი მოლაპარაკება დაიწყეს ირანთან და შაბათს, 12 აპრილს, გაიმართება მაღალი დონის ძალიან მნიშვნელოვანი პირდაპირი შეხვედრა. რაიმე დამატებითი დეტალი ტრამპს არ უთქვამს.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება ირანის ინტერესებშია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ის დიდ საფრთხეში აღმოჩნდება.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ დაადასტურა, რომ ამ შაბათს ომანში გაიმართება ირანის და აშშ-ის მაღალი დონის შეხვედრა. ამასთან, არაყჩი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ეს არ იქნება პირდაპირი შეხვედრა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი არ აკონკრეტებს, კიდევ ვინ მიიღებს მონაწილეობას ამ მოლაპარაკებაში. აბას არაყჩის განცხადებით, ომანში დაგეგმილი შეხვედრა არის შესაძლებლობაც და გამოცდაც და ბურთი ამერიკის მოედანზეა.

CNN-ი და Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ 12 აპრილს დაგეგმილ მოლაპარაკებაზე დელეგაციებს უხელმძღვანელებენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაყჩი.

აშშ ირანისგან წლებია მოითხოვს ბირთვული პროგრამის შეწყვეტას.

2025 წლის მარტის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის გაუგზავნა წერილი მოლაპარაკებების დაწყების წინადადებით.

8 მარტს აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ არ აპირებენ მოლაპარაკებას „აგრესიულ მთავრობებთან“ და, რომ პრობლემა მხოლოდ ბირთვული პროგრამა არ არის, რადგან „მათ აქვთ მოლოდინი ირანის თავდაცვისა და სარაკეტო პროგრამებსა და საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებით".

მარტში პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ვაშინგტონი და თეირანი ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, შეერთებული შტატები ირანს დაბომბავს.

სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანმა უარყო შეერთებულ შტატებთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობა, მაგრამ სურს ომანის შუამავლობით გააგრძელოს არაპირდაპირი მოლაპარაკება. თეირანში ისიც განაცხადეს, რომ მოლაპარაკება ვერ გაგრძელდება, თუ აშშ ირანის საწინააღმდეგო სანქციებს არ შეარბილებს.

ირანის ბირთვულ პროგრამაზე თეირანისა და ვაშინგტონის პირდაპირი მოლაპარაკებები 2015 წლის შემდეგ აღარ გამართულა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG