Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
მამუკა ხაზარაძეს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს

მამუკა ხაზარაძეს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს


მამუკა ხაზარაძე - პარტია „ძლიერი საქართველოს“ დამფუძნებელი
მამუკა ხაზარაძე - პარტია „ძლიერი საქართველოს“ დამფუძნებელი

„ქართული ოცნების“ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს ოპოზიციონერ ლიდერს პარტია „ძლიერი საქართველოდან“, მამუკა ხაზარაძეს. ამით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მამუკა ხაზარაძის ადვოკატი იყო მისი თანაგუნდელი ლევან სამუშია, რომელიც მოითხოვდა, პოლიტიკოსი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დაეტოვებინათ. თავად ხაზარაძემ არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, აპირებს თუ არა გირაოს გადახდას.

მამუკა ხაზარაძეს „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს ელოდნენ, როცა გამოკითხვა ტარდებოდა შპს „მაგნატის“ საქმეზე. იმის გამო, რომ ის მოქმედი პარლამენტის ლეგიტიმურობას არ ცნობს, სხდომაზე არ გამოცხადდა.

კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა მისი საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გაუგზავნა. პროკურატურის განმარტებით, „გამოძიებით დადგინდა“, რომ ხაზარაძე პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდა.

ხაზარაძეს ბრალი გუშინ, 1 აპრილს, წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, - „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის“ მუხლით.

ბრალის წაყენებას ელოდება კიდევ ორი პოლიტიკოსი:

  • ბადრი ჯაფარიძე, ხაზარაძის თანაგუნდელი;
  • ირაკლი ოქრუაშვილი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი.

ხაზარაძის მსგავსად, ისინიც არ გამოცხადდნენ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

კომისიის შესახებ

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შემსწავლელი კომისიის შექმნაზე „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 9 იანვარს ისაუბრა. მამუკა მდინარაძის თქმით, კომისია შეისწავლიდა:

  • საპატიმროებში პატიმართა წამების საქმეებს;
  • ადამიანების მკვლელობის, ძალადობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევებს;
  • კორუფციას და ბიზნესზე ზეწოლას, მედიასაშუალებების მისაკუთრებას;
  • 2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარებას“ და „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებას“;
  • მდინარაძემ აღნიშნა, რომ „2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები“.

კომისია სამი თვის ვადით 5 თებერვალს შეიქმნა, რასაც მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ 83-მა წარმომადგენელმა. კომისიაში სულ რვა წევრი მუშაობს:

„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და პარტიისთვის „მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის“ გამოტანა იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება, რისთვისაც პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა ჰქონდა განზრახული, რაც ვერ მოახერხა.



ფორუმი

XS
SM
MD
LG