პოლიციელებმა ელენე ხოშტარია დაკავებისას ავტომობილში ჩასვეს და გადაიყვანეს. ჯერ უცნობია, სად და რა მუხლით არის დაკავებული.
„მონებო! რუსებო“ - სკანდირებდნენ ხოშტარიას დაკავებისას დემონსტრანტები.
ხოშტარიას დაკავების შემდეგ ინციდენტი იყო რუსთაველის გამზირზე, ეროვნული მუზეუმის მიმდებარედ. პოლიცია დემონსტრანტების დაკავებას ცდილობდა.
რადიო თავისუფლება ცდილობს შსს-სთან დეტალების დაზუსტებას. ინფორმაცია განახლდება.
მცირე ხნით ადრე პოლიციამ პარლამენტთან ორი მოქალაქე დააკავა. ერთ-ერთ მათგანს, თაკო კურატიშვილს 9 აპრილის ქუჩაზე, პარლამენტის გვერდით მდებარე ტროტუარზე, ხელში საპროტესტო პლაკატი ეჭირა წარწერით: „ანწუხელიძე უკვდავია“.
ამ დროს მასთან მოულოდნელად მივიდა რამდენიმე პოლიციელი და დააკავა. მისი დახსნა ორმა აქტივისტმა სცადა, რომელთაგან ერთ-ერთი, ლილუ შაველაშვილი, პოლიციამ იქვე დააკავა.
დღევანდელი დემონსტრაცია, - რომელიც 2024 წლის 28 ნოემბრიდან დაწყებული აქციების ნაწილია, - ასევე უკავშირდება „ქართული ოცნების“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიას, სადაც დღეს 2008 წლის ომის ფიგურანტი სამხედრო მაღალჩინოსნები გამოჰკითხეს.
მე-11 მოწვევის, სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტმა 5 თებერვალს შექმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელსაც აქვს სამთვიანი მანდატი, რომელიც 5 მაისს იწურება. კომისია იკვლევს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში:
- საპატიმროებში პატიმართა წამების საქმეებს;
- ადამიანების მკვლელობის, ძალადობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევებს;
- კორუფციასა და ბიზნესზე ზეწოლას, მედიასაშუალებების მისაკუთრებას;
- 2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარებას“ და „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებას“.
„ქართული ოცნება“ გეგმავს, საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა.
ფორუმი