ერთ-ერთ დაკავებულს, თაკო კურატიშვილს, 9 აპრილის ქუჩაზე, პარლამენტის გვერდით მდებარე ტროტუარზე, ხელში საპროტესტო პლაკატი ეჭირა წარწერით: „ანწუხელიძე უკვდავია“. ამ დროს მასთან მოულოდნელად მივიდა რამდენიმე პოლიციელი და დააკავა. მისი დახსნა ორმა აქტივისტმა სცადა, რომელთაგან ერთ-ერთი, ლილუ შაველაშვილი, პოლიციამ იქვე დააკავა.
მოგვიანებით შსს-ის პრესცენტრში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ორივე მათგანი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
დღეს, 28 მარტს, პარლამენტში „ქართული ოცნების“ შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართა. ამ სხდომაზე გაჟღერებულმა კითხვებმა, რომლებიც წინა ხელისუფლების მიერ ომის დღეებში ჩადენილ დანაშაულებზე მინიშნებებს შეიცავდა, მოქალაქეთა ერთი ჯგუფის პროტესტი გამოიწვია. მათ პარლამენტის შესასვლელთან აქცია გამართეს.
კომისიის შესახებ
მე-11 მოწვევის პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმაციასაც არ ცნობენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, საქართველოს პრეზიდენტი და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთან დაკავშირებით კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებს, მოქალაქეები კი ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქციებს მართავენ, 5 თებერვალს შექმნა დროებითი საგამოძიებო კომისია.
კომისიას აქვს სამთვიანი მანდატი, რომელიც 5 მაისს იწურება. ის იკვლევს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში
- საპატიმროებში პატიმართა წამების საქმეებს;
- ადამიანების მკვლელობის, ძალადობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევებს;
- კორუფციასა და ბიზნესზე ზეწოლას, მედიასაშუალებების მისაკუთრებას;
- 2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარებას“ და „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებას“.
„ქართული ოცნება“ გეგმავს, საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და პარტიისთვის „მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის“ გამოტანა იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება, რისთვისაც პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა ჰქონდა განზრახული, რაც ვერ მოახერხა.
ფორუმი