აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი დანიის ნახევრად ავტონომიურ რეგიონს, გრენლანდიას, სტუმრობს 28 მარტს. აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, სურს, კუნძული აშშ-ის კონტროლის ქვეშ მოექცეს.
ვენსის გრენლანდიაზე სტუმრობის თავდაპირველი გეგმა შეიცვალა. მის გამო აღშფოთება გამოხატეს დანიის, რომლის ტერიტორიაცაა კუნძული, და საკუთრივ გრენლანდიის ხელისუფლებებმა. ვენსი ეწვევა კუნძულის ჩრდილოეთში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას პიტუფიკში.
ტელეარხ TV2-ის ცნობით, ამერიკელთა დელეგაცია კუნძულზე ჩავა ევროპის დროით ნაშუადღევს, საქართველოს დროით საღამოს რვის ნახევარზე.
პიტუფიკი ევროპიდან არქტიკისკენ უმოკლეს გზაზე მდებარეობს და სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს აშშ-ის სარაკეტო თავდასხმის წინასწარი შეტყობინების სისტემისთვის. 1951 წლის შეთანხმებით, აშშ-ს აქვს უფლება, ნებისმიერ დროს
ესტუმროს თავის სამხედრო ბაზას, მაგრამ უნდა შეატყობინოს გრენლანდიასა და კოპენჰაგენს.
თავიდან იგეგმებოდა, რომ ვენსის ცოლი, უშა, სახელმწიფო უშიშროების საკითხებში მრჩეველ მაიკ უოლცთან ერთად, ძაღლების პოპულარულ რბოლას დაესწრებოდა, მაგრამ გრენლანდიის და დანიის ხელისუფლებმა ისინი არ დაპატიჟეს.
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა თავიდან ამ ვიზიტის თავდაპირველ გეგმებს „მიუღებელი“ უწოდა. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი შემდეგ მიესალმა შეცვლილ გეგმას, რომლის თანახმად, გრენლანდიას უოლცთან ერთად ეწვევა ენერგეტიკის მინისტრი კრის რაიტი, იტყობინება TV2 ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
დონალდ ტრამპმა 26 მარტს დაადასტურა თავისი სურვილი გრენლანდიის დაკავების შესახებ და თქვა, რომ აშშ-ს სჭირდება სტრატეგიულად განლაგებული კუნძული ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. „მე მგონია, წავალთ იმდენად შორს, რამდენადაც გვჭირდება. გრენლანდია ჩვენ გვჭირდება, ჩვენ მთელ მსოფლიოს ვჭირდებით, დანიის ჩათვლით“, - თქვა ტრამპმა.
ფორუმი