სარაევოში ინტერპოლოს წარმომადგენლობამ დაპატიმრების ორდერი გასცა ბოსნიისა და ჰერცეგოვინის შემადგენლობაში არსებული ერთეულის, რეპუბლიკა სრპსკას ლიდერის, მილორად დოდიკის სახელზე. დოდიკს - რომელიც გამოდის ამ ერთეულის გამოყოფის ინიციატივით - ბრალად ედება "ბოსნიისა და ჰერცეგოვინის საკონსტიტუციო წესრიგის დარღვევა". ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო როიტერსი.
მიმდინარე კვირის დასაწყისში დოდიკმა უგულებელყო ქვეყნის ფარგლებში გაცემული დაპატიმრების ორდერი და დაკითხვაზე გამოძახების შეტყობინება - მან გადაკვეთა მეზობელ სერბეთთან საზღვარი და შემდეგ ისრაელში გაემგზავრა, იერუსალიმში დანიშნულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
თებერვალში სარაევოს სასამართლომ დოდიკს დაუსწრებლად მიუსაჯა ერთი წლით პატიმრობა და ექვსი წლით აუკრძალა მუშაობა პოლიტიკის სფეროში. დოდიკი დამნაშავედ სცნეს საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთაშორისო თანამეგობრობის უმაღლესი წარმომადგენლის, კრისტიან შმიდტის გადაწყვეტილებების უგულებელყოფაში.
დოდიკის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მას მერე, რაც 2023 წელს მან ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც ბოსნიის საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებები და შმიდტის გადაწყვეტილებები არ იქნებოდა გათვალისწინებული რეპუბლიკა სრპსკაში. ბიბისის თანახმად, დოდიკმა დანაშაული არ აღიარა და განაჩენის გამოტანის შემდეგ მონაწილეობდა იმ კანონების მიღებაში, რომლებიც ფედერალური პოლიციისა და ბოსნიის სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს მის ერთეულში შესვლას უკრძალავდა. მოგვიანებით ეს კანონები ბოსნიისა და ჰერცეგოვინის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა.
დოდიკისთვის გამოტანილმა განაჩენმა ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში ბიძგი მისცა 1990-იანი წლების ომის შემდეგ ყველაზე ღრმა დაძაბულობას.
ფორუმი