Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რუსეთის მორიგ შეტევას ნგრევა მოჰყვა ხარკოვის და სუმის ოლქებში

რუსეთის მორიგ შეტევას ნგრევა მოჰყვა ხარკოვის და სუმის ოლქებში


რუსეთის ავიადარტყმის შედეგად უკრაინის სუმის ოლქში განადგურებული სახლი. 2025 წლის 27 მარტი
რუსეთის ავიადარტყმის შედეგად უკრაინის სუმის ოლქში განადგურებული სახლი. 2025 წლის 27 მარტი

რუსეთის ჯარებმა გასულ ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ხარკოვსა და მის მახლობლად მდებარე ზოლოჩევის რაიონზე. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დღეს, 27 მარტს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ხარკოვში დაშავდა 12 მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო ზოლოჩევში - 8.

ნაწილობრივ დანგრეული და დაზიანებულია ათზე მეტი მრავალსართულიანი და კერძო სახლი, ადმინისტრაციული შენობა, საწარმო, საწყობები, სტადიონი და ელექტროგადამცემი ხაზები.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დრონებით შეტევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა ქალაქ დნეპრში. დაზიანებულია ათზე მეტი მრავალსართულიანი სახლი, საგანმანათლებლო დაწესებულება და რამდენიმე საწარმო.

დილით ავიადარტყმა იყო სუმის ოლქის დაბა კრასნოპოლიეზე. საოლქო პოლიციის ცნობით, დანგრეულია კერძო სახლი. დაიჭრა ერთი ადამიანი.

გასულ ღამით დრონებით შეტევა იყო სუმის ოლქის ქალაქ კონოტოპზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაარტყეს ადგილს, სადაც დრონებით რამდენიმე საათით ადრე განხორციელებული შეტევის შემდეგ მაშველები მუშაობდნენ. დაიჭრა ერთი ადამიანი.

განახლება: უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 27 მარტს გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა გამოიყენა ერთი ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერი" და სხვადასხვა ტიპის 86 დრონი.

სარდლობის თანახმად, საჰაერო და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა 42 ე.წ. დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს უკრაინის სამხრეთ, ჩრდილოეთ და ცენტრალურ რეგიონებში, ხოლო 26 „უპილოტო-იმიტატორი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG