Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რიუტემ პუტინი გააფრთხილა, რომ პოლონეთზე თავდასხმას ნატოს "დამანგრეველი" დარტყმა მოჰყვება

რიუტემ პუტინი გააფრთხილა, რომ პოლონეთზე თავდასხმას ნატოს "დამანგრეველი" დარტყმა მოჰყვება


ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე. სარაევო, 10 მარტი, 2025.
ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე. სარაევო, 10 მარტი, 2025.

ნატო „დამანგრეველ“ დარტყმას განხორციელებს ალიანსის რომელიმე წევრი ქვეყნის, მათ შორის პოლონეთის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესიის საპასუხოდ. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ განაცხადა ოთხშაბათს ვარშავაში ვიზიტისას.

ამ განცხადების ფონია ზოგიერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით ცენტრალურ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპაში, გავრცელებული შიში იმის თაობაზე, იქნება თუ არა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლით ნაკისრი ვალდებულებების ერთგული. ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში, კერძოდ, შეშფოთებული არიან რუსეთის შესაძლო აგრესიის გამო.

„ჩვენი რეაქცია დამღუპველი იქნება. ეს აბსოლუტურად მკაფიო უნდა იყოს ვლადიმირ ვლადიმროვიჩ პუტინისთვის ან ნებისმიერი სხვისთვის, ვისაც სურს ჩვენზე თავდასხმა“, - განაცხადა რიუტემ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ტუსკმა დაადასტურა, რომ ნატოს გარანტიები ძალიან მნიშვნელოვანია პოლონეთისთვის.

პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურის (BBN) ხელმძღვანელმა დარიუშ ლუკოვსკიმ ადრე გამოთქვა მოსაზრება, რომ პოლონეთი, თუ მას საკუთარ ძალებზე მოუწევს დაყრდნობა, შეძლებდა აგრესიის შეკავებას არა უმეტეს ორი კვირის განმავლობაში, თუკი გავითვლისწინებთ მისი არსენალის მდგომარეობას.

ტუსკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის წარმომადგენლები ყოველთვის ხაზს უსვამდნენ, რომ შეერთებული შტატები მზადაა დაიცვას თავისი მოკავშირეები მათ წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში. The New York Times იუწყება, რომ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ნატოს მოკავშირეები პირადად დაარწმუნეს მე-5 მუხლისადმი ერთგულებაში. თუმცა, როგორც იგივე გამოცემა აღნიშნავს, პრეზიდენტმა ტრამპმა მანამდე ორაზროვანი განცხადებები გააკეთა, კერძოდ, თქვა, რომ შეერთებული შტატები შესაძლოა არ დაეხმაროს მათ, ვინც, მისი აზრით, არასაკმარისი ინვესტიცია ჩადო საკუთარ თავდაცვაში.


ფორუმი

XS
SM
MD
LG