Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
აშშ რუსეთსა და უკრაინას შეუთანხმდა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

აშშ რუსეთსა და უკრაინას შეუთანხმდა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ


რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდები სევასტოპოლის ნაპირთან. (საარქივო ფოტო)
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდები სევასტოპოლის ნაპირთან. (საარქივო ფოტო)

თეთრმა სახლმა განცხადება გაავრცელა 24 მარტს ერ-რიადში ამერიკისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის შედეგების შესახებ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები და რუსეთი შეთანხმდნენ უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფაზე, ძალის გამოყენების აღმოფხვრაზე და შავ ზღვაში კომერციული გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების აღკვეთაზე.

შეერთებული შტატები ასევე აპირებს დაეხმაროს რუსეთს, აღადგინოს მსოფლიო ბაზარზე წვდომა სოფლის მეურნეობისა და სასუქების ექსპორტისთვის, შეამციროს საზღვაო დაზღვევის ღირებულება და პორტებსა და გადახდის სისტემებზე წვდომა გააუმჯობესოს ასეთი ოპერაციებისთვის. შეერთებული შტატები და რუსეთი აპირებენ შეიმუშაონ ზომები პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ პუტინს შორის შეთანხმების განსახორციელებლად, რომელიც რუსეთსა და უკრაინაში ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების აკრძალვას ეხება.

რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები რიადში 24 მარტს გაიმართა და 12 საათს გაგრძელდა.

თეთრმა სახლმა მსგავსი განცხადება გაავრცელა ამერიკისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ, რომელიც ასევე რიადში შედგა სამშაბათს.

მასში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები რჩება სამხედრო ტყვეების გაცვლის ხელშეწყობის, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლებისა და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების ერთგული. ვაშინგტონი ასევე მიესალმება მესამე ქვეყნების შუამავლობას ენერგეტიკისა და საზღვაო ხელშეკრულებების განსახორციელებლად.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა სამშაბათს დაადასტურა, რომ კიევი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა იმის სანაცვლოდ, რომ რუსეთი და უკრაინა თავს შეიკავებენ ერთმანეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებისგან. უმეროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევი შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილს მიღმა რუსეთის სამხედრო გემების მოძრაობას განიხილავს, როგორც ამ შეთანხმების სულისკვეთების დარღვევას.

„ამერიკის მხარეს ცალკე გადავეცით იმ ობიექტების სია, რომლებიც მიგვაჩნია სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებად.“ – განაცხადა დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების კომენტირებისას. ის ასევე გამოვიდა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების შემსუბუქების წინააღმდეგ. კრემლი ამბობს, რომ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც „როსსელხოზბანკსა“ და რუსეთის სურსათისა და სასუქების მწარმოებლებს სანქციები მოიხსნებათ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG