საუდის არაბეთში დასრულდა მოლაპარაკებების მეორე რაუნდი აშშ-ისა და უკრაინის გუნდებს შორის. ამის შესახებ უკრაინული მედიაორგანიზაცია „სუსპილნე“ იტყობინება მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთ წარმომადგენელზე დაყრდნობით.
„ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ ამერიკელებთან“, თქვა უკრაინული დელეგაციის წევრმა ჟურნალისტთა მცირე ჯგუფთან შეხვედრაზე, რომელთა შორის იყო AFP-ის რეპორტიორი.
ადრე მედია იუწყებოდა, რომ ერ-რიადში კვლავ მიმდინარეობს ამერიკელებსა და უკრაინელებს შორის მოლაპარაკებები. ორი დელეგაციის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი კვირას გაიმართა.
ამის შემდეგ, ორშაბათს, ამერიკისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის შედგა მოლაპარაკებები, რომლის შინაარსს, კრემლის პრესმდივნის თქმით, არ ასაჯაროებენ. თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ საუბარი, სხვათა შორის, შეეხებოდა „შავი ზღვის ინიციატივის“ განახლებას. ლაპარაკია უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულისა და სხვა ტვირთების უსაფრთხო ექსპორტზე.
Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინისა და აშშ-ის გუნდები ერ-რიადში იმყოფებიან, რათა განიხილონ ენერგეტიკის სფეროში 30-დღიანი ზავი და ცეცხლის შეწყვეტა შავ ზღვაზე.
ფორუმი