„საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაცია“ შეშფოთებას გამოხატავს „ქართული ოცნების“ ინიციირებული, ნარკოკანონმდებლობის გამკაცრებაზე მიმართული რეფორმის გამო.
რეფორმის ავტორები ქვეყანაში არსებულ ნარკოვითარებას ხსნიან „ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მძიმე შედეგებით“, თუმცა „ადიქტოლოგთა ასოციაცია“ ამ მტკიცების საპასუხოდ აცხადებს:
„სინამდვილეში, საქართველოს ნარკოპოლიტიკა, საბჭოთა ინერციით, ტრადიციულად იყო და არის დამსჯელობითი“.
ორგანიზაციის თანახმად, საქართველოში არსებული ნარკოვითარების მიზეზები არის:
- მკურნალობა-რეაბილიტაციის და პრევენციის შესაძლებლობების არასაკმარისი განვითარება;
- ფსიქიკური ჯანმრთელობის გავრცელებული პრობლემების უფასო სერვისების არარსებობა;
- სიღარიბის გამო მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელმისაწვდომობის არარსებობა;
- უმუშევრობის გამო მშობლების ემიგრაცია და შვილების „დისფუნქციურ ოჯახურ გარემოში“ გაზრდა;
- მოსახლეობის მიერ ალკოჰოლის პრობლემური მოხმარების მაღალი დონე.
„ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი წამალდამოკიდებულებისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების რისკის ფაქტორებია. სწორედ ამის გამოა ჩვენს ქვეყანაში არასაკმარისად კარგი ნარკოვითარება, და არა „ლიბერალური ნარკოპოლიტიკის” გამო, რომელსაც ადგილი ჩვენს ქვეყანაში არასდროს ჰქონია“, - მიიჩნევენ ასოციაციაში.
ამასთან, „ადიქტოლოგთა ასოციაცია“ აცხადებს, რომ ინიციირებული რეფორმა „არ ითვალისწინებს სამეცნიერო მტკიცებულებასა და არ ემყარება პროფესიულ ცოდნას“.
„ისტორიულმა გამოცდილებამ მრავალ ქვეყანაში აჩვენა, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა არ არის ეფექტური ნარკოტიკების მოხმარების შემცირების თვალსაზრისით. მიუხედავად მკაცრი სასჯელებისა და დასჯაზე ორიენტირებული მიდგომებისა, მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში ამ გზით ვერ მოხერხდა მომხმარებელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება“, - აცხადებს საა.
ასევე აღნიშნავს, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ხშირად იწვევს ნარკოტიკების მოხმარების გადასვლას მიწისქვეშა სივრცეში, სადაც ადამიანები მოკლებულნი არიან ჯანმრთელობის სერვისებსა და უსაფრთხო გარემოს.
„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ქუჩის ნარკოტესტირების გამკაცრება, რომელიც არა მხოლოდ ნარკოტიკების მომხმარებელთა, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის დაკანონების საფუძველი გახდება“, - წერია ასოციაციის მიერ 24 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.
„ცვლილებების შინაარსი აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ოფიციალურად მიღებულ და ძალაში მყოფ ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის 2021–2026 წლების ეროვნულ სტრატეგიას და ნარკოპოლიტიკის 2023–2030 წლების ეროვნულ სტრატეგიას. ორივე სტრატეგიული დოკუმენტი ხაზს უსვამს ზრუნვაზე, ადამიანის უფლებებზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებს, მაშინ როცა შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები გადახრილია ამ მიმართულებებისგან და უბრუნდება რეპრესიულ და არაეფექტურ პრაქტიკებს“, - წერს ასოციაცია.
„ქართული ოცნება“, რომელიც წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას ამსუბუქებდა, ახლა აცხადებს, რომ იწყებს „ანტინარკოტიკულ რეფორმას“ - უპრეცედენტოდ ამკაცრებს კანონს, რომელიც ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულს დასჯის, და იძულებით მკურნალობაზეც ფიქრობს.
17 მარტს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „რეფორმის“ ფარგლებში პარტიას შემოაქვს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიხედვით, შესაძლებელი იქნება, რომ ნარკოდანაშაულზე სასჯელის სახით პირს „სავალდებულო მკურნალობა“ შეეფარდოს.
ფორუმი