Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
"შემთხვევა შესაძლოა უეფას მხრიდან სანქციების მიზეზი გახდეს" - კობიაშვილი „დინამო არენაზე“ მომხდარ ინციდენტზე

"შემთხვევა შესაძლოა უეფას მხრიდან სანქციების მიზეზი გახდეს" - კობიაშვილი „დინამო არენაზე“ მომხდარ ინციდენტზე


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი განცხადებას ავრცელებს თბილისში, „დინამო არენას“ სტადიონზე 23 მარტს, სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართული საპასუხო მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარ ინციდენტზე.

კობიაშვილი “მიუღებლად” აფასებს სტუმარი გუნდის გულშემატკივრების მიმართ განხორციელებულ ქმედებას.

“ამ სრულიად მიუღებელი ქმედების გამო, შეურაცხვყავით როგორც სტუმარი გუნდის გულშემატკივარი, ისე საშუალება არ მიეცა ჩვენს ნაკრებს, ერთგულ ქომაგებთან ერთად ეზეიმა გამარჯვება. მსგავსი ქმედება აზარალებს ფეხბურთს და ჩრდილს აყენებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. აღნიშნული შემთხვევა შესაძლოა უეფას მხრიდან სანქციების მიზეზი გახდეს, შესაბამისად დააზარალოს ჩვენი ნაკრები და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი", - წერს ის.

კობიაშვილი მადლობას უხდის სტუმართა გუნდს და მათ გულშემატკივრებს, “რომლებმაც როგორც თბილისში, ისე ერევანში მეგობრული გარემო შექმნეს” და გამოთქვამს იმედს, რომ “როგორც საქართველო, ისე სომხეთი, 2029 წელს 20 წლამდე ნაკრებთა ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი იქნება”.

“განსაკუთრებული მადლობა ჩვენი საფეხბურთო ნაკრების თითოეულ წევრს, გუნდის სრულ შემადგენლობას, სამწვრთნელო შტაბს, რომლებმაც პლეი-ოფის ორივე შეხვედრაში საოცარი თავდადება და გამარჯვებულის მენტალიტეტი გამოავლინეს”, - წერს ლევან კობიაშვილი სოციალურ ქსელში.

23 მარტს, ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩის დასრულების შემდეგ, „დინამო არენას“ სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრის ნაწილი შეიჭრა. მათი შეკავება დაცვის სამსახურმა ვერ შეძლო.

გარდა ამისა, ტრიბუნებზე ქართველები სომეხ გულშემატკივრებს დაუპირისპირდნენ - ჩანდა შეურაცხმყოფელი ჟესტიკულაცია და ფიზიკური ძალადობა. მათ შორის, ხელი მოხვდა პოლიციელებს, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჰკითხა, დაიწყო თუ არა გამოძიება ამ ძალადობის ფაქტების შესახებ. პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.

გუშინ საქართველოსა და სომხეთს შორის გამართული საფეხბურთო მატჩი მასპინძელი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ექვსი გოლის გატანა შეძლო, სომხეთის ნაკრებმა კი - მხოლოდ ერთის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG