უწყებები, რომლებიც ასობით კამერას ფლობენ და აკონტროლებენ, მტკიცებულებებად კომერციული დაწესებულებებიდან ამოღებული კამერების ჩანაწერებს იყენებენ და თან ამტკიცებენ, რომ მათ კუთვნილ კამერებს “არაფერი დაუნახავს და არაფერი გაუგონია.”
თუკი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ა კორპუსის წინ დადგებით და გზის მეორე მხარეს გაიხედავთ, დაინახავთ ორ ახალ კამერას, მათი “თვალები” უნივერსიტეტის შენობაში შესასვლელს უყურებს, ანუ იმ ადგილს, სადაც სტუდენტები აქციებს აწყობენ ხოლმე; სპეციალურად ახალი კამერების დასანახად სტუდენტებმა ორ ხელს შორის დიდი თეთრი ბანერი გამოკიდეს წარწერით - “დიდო ძმაო, გიყურებთ”.
თუკი თეატრალურ უნივერსიტეტთან დადგებით, სადაც ორ თვეზე მეტ ხანს სასწავლებლის სტუდენტები პროტესტის ნიშნად იფიცებოდნენ და კვლავ გზის მეორე მხარეს გაიხედავთ, დაინახავთ ილიას უნივერსიტეტთან ბოძებზე მიმაგრებულის მსგავსს ორ ახალ კამერას, რომელთაგან ორივეს “მზერა” თეატრალურის შესასვლელისკენ არის მიმართული. რუსთაველზე ასეთი ათობით ახალი კამერა გაჩნდა ნოემბერ-დეკემბრის ხალხმრავალი დემონსტრაციების შემდეგ.
კოსტავას ქუჩას თუ გაუყვებით საბურთალოსკენ, აქაც ადვილად შესამჩნევია სხვადასხვა დროს დაყენებულ სათვალთვალო კამერებს დამატებული ერთი ახალი „თვალი“ რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან ჩამომავალ კიბეებსაც აკონტროლებს. აქ ყოველ საღამოს იკრიბება ათობით ადამიანი, რომელიც მსვლელობით უერთდება რუსთაველზე შეკრებილ დემონსტრანტებს.
ხალხს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობიდან პარლამენტის შენობამდე დაახლოებით ორკილომეტრიან გზის მონაკვეთს ფეხით გადის, ამ მსვლელობისას ასამდე კამერა აფიქსირებს. რამდენიმე დღეა გმირთა მოედანზეც გამოჩნდა ისეთივე ახალი კამერები, როგორიც რუსთაველსა და ჭავჭავაძეზე.
ახალი კამერებით დაიხუნძლა ფეხით გადასასვლელი ფილარმონიასთან, სადაც პერიოდულად იკრიბებოდნენ საპროტესტო მარშის მონაწილეები. ბოლო ასეთი მარში ფილარმონიიდან რუსთაველისკენ 3 მარტს გაიმართა, “დედების მარშში” მონაწილეობდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
ახალი კამერები დაამატეს რესპუბლიკის მოედანზეც იმ ადგილას, სადაც ხალხმრავალი აქციების შემდეგ მუდმივად დგას პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
კამერები იმ ქუჩებზე, სადაც აქციები ხშირად იმართება, იმგვარად არის განლაგებული, რომ “მხედველობის არეალს მიღმა” არ აღმოჩნდეს მაგალითად მიწისქვეშა გადასასვლელის კიბეები. ეს კონკრეტული კამერა ოპერასთან არსებულ გადასასვლელის კიბეებს “უყურებს.”
სათვალთვალო კამერები შეცვალეს პარლამენტის შენობაზეც - რუსთაველის გამზირისკენ ფასადზე ერთ ბოძზე შემოხვეული ათამდე კამერის ნაცვლად ახლა ორი ორი მბრუნავი “თვალი“ დგას. ამ კამერებს ობიექტივის მიახლოება და ხმის ჩაწერაც შეუძლიათ.
პარლამენტის გარშემო გარდა კამერებისა, მუდმივად დგას პოლიციის ყველაზე ცოტა, ათი მანქანა და ათობით პოლიციელი. 17 მარტს მათგან რამდენიმეს ვკითხეთ, რომელ სამსახურს ეკუთვნოდა პარლამენტის შენობაზე განთავსებულ კამერები და რომელი უწყება ინახავდა ჩანაწერებს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გვიპასუხეს, რომ ეს არ შედის მათ კომპეტენციაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წელს გამოცემული ბრძანების მიხედვით, სადაც 112-ის ფუნქციებია გაწერილი, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობა სწორედ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის საქმეა. ეს უწყება ვიდეოანალიტიკური პროგრამების საშუალებით აფიქსირებს და გასცემს დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის ჩადენის მცდელობისა და სამართალდარღვევების შემთხვევებს. 112-შივე ინახება პოლიციელების სამხრე კამერების ჩანაწერები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
კამერები აყენია პარლამენტის შენობის სახურავზეც - მათი ხედვის არეალში ხვდება პარლამენტთან ამავალი ქუჩების ის მონაკვეთები, სადაც ხალხმრავალი აქციებისას სპეცდანიშნულების რაზმები დგებიან ხოლმე და მოსახლეობასთან შეტაკებები ხდება. მაგალითად ეს კამერა ჭიჭინაძის ქუჩის კუთხეს უყურებს.
არც ერთ ახალდამონტაჟებულ კამერაზე არ არის მითითებული რომელი უწყება აკონტროლებს მას: შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თუ სახელმწიფო დაცვის სამსახური. თბილისის ქუჩებში მხოლოდ თბილისის მერიას აქვს მინიშნებები უწყვეტი ვიდეოკონტროლის შესახებ - ეს კამერები გზაზე მოძრაობის და პარკინგის წესების დარღვევებს იღებს და აღნუსხავს.
სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური ვებ-გვერდის მონაცემებით, 28 ნოემბრის შემდეგ სახელმწიფომ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა ახალ კამერებში, რომლებსაც ჩინური კომპანიები Dahua technology-ი და Hikvision-ი აწარმოებს.
- 2024 წლის 12 დეკემბერს შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა გამარტივებული შესყიდვით შეიძინა 30 მართვადი კამერა 84 963 ლარად - ამ შესყიდვის საფუძველში ნათქვამი იყო, რომ 28 ნოემბრის შემდეგ, საპროტესტო აქციებისას დაზიანდა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარედ დამონტაჟებული 115 კამერა.
- 2025 წლის 30 იანვარს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 7 ახალი კამერა და ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების ჩანწერი, 16 არხიანი ვიდეო რეგისტრატორი შეიძინა 5 510 ლარად. სად დააყენეს ეს კამერები, შესყიდვის დოკუმენტებში არ ჩანს.
- 2025 წლის 30 იანვარს შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა (112) 155 977 ლარი გადაიხადა 35 კამერის შეძენასა და მონტაჟში. ეს კამერები ხელშეკრულების მიხედვით არა თბილისის ქუჩებში, არამედ ნატახტარის და დიღმის საჯარიმო ავტოსადგომებზე დაამაგრეს.
- 2025 წლის 28 თებერვალს „112“- მა კიდევ ასი კამერა იყიდა, რომელთა ჯამური ღირებულება 329 900 ლარი იყო. ხელშეკრულებაში მითითებული არ არის, სად განათავსა სახელმწიფოს კონტრაქტორმა კომპანიამ ეს კამერები, მაგრამ აღწერილობით ის ძალიან გავს იმ ახალ თეთრ, მომრგვალებული ფორმის კამერებს, რომლებიც რუსთაველის გამზირსა და იმ ქუჩებზე გამოჩნდა, რომლებზეც პროტესტის მონაწილეები ჩაივლიან ხოლმე ფეხით. .
WizSence სერიის კამერები (მოდელი SD6CE245GB-HNR) არის მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობების სათვალთვალო მოწყობილობა, რომელსაც გარდა იმისა, რომ აქვს სახის ამოცნობის სისტემა, შეუძლია კონკრეტული სამიზნეების ამოცნობა, იქნება ეს ადამიანი თუ სატრანსპორტო საშუალება, როცა მისი ხედვის არეალში მოხვდებიან.
ამ კამერებისთვის, რომელსაც “კამერა რობოტებსაც” უწოდებენ სპეციალისტები, “ღრმა სწავლების” პირობებში შესაძლებელია ისეთი დავალებების მიცემა, როგორიცაა სიგნალის გაშვება იმ შემთხვევაში თუკი მაგალითად კონკრეტულ ტერიტორიაზე გამოჩნდება ისე ჩაცმული ადამიანი, რომელიც უცნაურად გამოიყურება. მაგალითად, რომელიმე საწარმოს ეზოში კაცი უნიფორმის გარეშე ნორმიდან ამოვარდნად შეიძლება შეფასდეს. DAHUA-ს საიტზე გამოქვეყნებული აღწერის მიხედვით, ეს კამერები მის ობიექტივში მოხვედრილ ადამიანების კატეგორიზაციასაც ახდენს ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა ასაკი, სქესი და განწყობა, რომელიც მოქალაქეებს აქვთ, იქნება ეს ბრაზი, სევდა, შიში, ბედნიერება თუ სიმშვიდე. კამერები ადამიანებს ყოფენ სხვადასხვა განმასხვავებელი ნიშნებითაც, როგორიცაა სათვალე, ულვაში, სახის ნიღაბი.
როგორც წესი, ეს კამერები დიდ პერიმეტრებს აკონტროლებენ და მათთვის მნიშვნელობა არ აქვს კლიმატს და განათების სიძლიერეს.
დაახლოებით 5 წლის წინ შექმნილ ამ კამერებს, რომლებსაც 360 გრადუსიანი ხედვის არეალი აქვთ, შეუძლიათ სამიზნეს თვალი ავტომატურად ან მექანიკურად “გააყოლონ”. ავტომატურად თვალყურის დევნება მას შეუძლია წინასწარ გაწერილი წესების მიხედვით - სამიზნის “დაჭერისას” მას აქვს მიახლოება-დაშორების და მოძრაობისას “თვალის გაყოლების” ფუნქციები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის ბოლოს უწყება მთელი ქვეყნის მასშტაბით ფლობდა 8 334 კამერას, რომელთაგან 3 039 თბილისშია დამაგრებული. ამ კამერებიდან ზოგადი ხედვის კამერაა 5 905, ნომრის ამოცნობის ფუნქცია აქვს 2 429-ს.
სახელმწიფოს არასდროს განუმარტავს, როგორ ამუშავებს და ინახავს სათვალთვალო კამერებით მოპოვებულ ინფორმაციას ან იყენებს თუ არა ამ კამერების ნაწილი სახის ამომცნობ სისტემებს. ოფიციალურად საქართველოში სახის ამომცნობი სისტემის მქონე კამერებით მხოლოდ აეროპორტი და სახელმწიფო სასაზღვრო-გამშვები პუნქტებია აღჭურვილი. ეს იმას ნიშნავს რომ ამ კამერებს გარდა სახის ამოცნობის ფუნქციისა, თან ახლავს სპეციფიკური პროგრამა, რომელიც კამერის ჩანაწერს ბიომეტრიულ მონაცემებთან ადარებს;
საპროტესტო აქციების კვალდაკვალ გაზრდილი სათვალთვალო კამერების რაოდენობა და დემონსტრანტებისთვის დაკისრებული ათასობით ჯარიმა, რომლის გამოწერის ერთადერთ საფუძვლადაც ხშირად გარე სივრცეში დამონტაჟებული კამერის ჩანაწერიდან ამოჭრილი ფოტოებია, იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ სახის ამომცნობ სისტემებს სახელმწიფო დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფის გარეშეც ხმარობს.
ორივე ჩინური კომპანია, Dahua-ც და Hikvision-იც, რომლის კამერებსაც იყენებს მასიურად სახელმწიფო, სანქცირებულია აშშ-ს მიერ, როგორც იმგვარი ტექნოლოგიების მწარმოებლები, რომელიც ავტორიტარულ რეჟიმებს ხალხის კონტროლისა და რეპრესიების საშუალებას აძლევს.
ორივე კომპანიის ტექნოლოგიებს ჩინეთის მთავრობა იყენებდა უიღურების რეპრესიულ იარაღად. ჩინეთის კომუნისტურ რეჟიმს შესაძლებლობა ჰქონდა ეთვალთვალა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისთვის, რადგან სათვალთვალო კამერებს შეეძლო უიღურების ჩინელებისგან გარჩევა. Hikvision-ის კამერებს სავარაუდოდ აპართეიდისთვის იყენებდა ისრაელის ხელისუფლებაც.
2025 წლის 12 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ იღებს სამიზნეში სახელმწიფოს კონტროლ ქვეშ მყოფი კამერა რუსთაველის გამზირზე აქციის ერთ-ერთ მონაწილეს.
ამ ვიდეოჩანაწერში, რომელიც ერთ-ერთი სამართალდარღვევის საქმეში მტკიცებულებად მოხვდა და რომელიც საკმაოდ ხანგრძლივია, ჩანს როგორ მოძრაობს „მიყვება კამერა დემონსტრანტ ქალს. შემდეგ კი, როდესაც ქალი კამერისგან ზურგით ტრიალდება და ჩანთიდან ამოღებული დოკუმენტების კითხვას იწყებს, კამერის ობიექტივი დოკუმენტზე გადადის კადრი ახლოვდება და გარჩევადი ხდება, რა წერია ქაღალდზე.
საიამ სრული ჩანაწერის მხოლოდ ფრაგმენტი გამოაქვეყნა იმის საილუსტრაციოდ, რომ აქციის მონაწილეებს რეალურ დროში უყურებენ. ამ კადრების გასაჯაროების შემდეგ პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტები კიდევ უფრო ბეჯითად ცდილობენ სახის შენიღბვას და კიდევ უფრო ფრთხილობენ ტელეფონებში მიმოწერისას თუ ინფორმაციის გაცნობისას.
ტექნოლოგიების ამგვარი გამოყენება სახელმწიფოს საშუალებას აძლევს მოქალაქეზე იმაზე მეტი ინფორმაცია მოაგროვოს და შეაგროვოს, ვიდრე ეს წესრიგის დაცვისთვის სჭირდება - იქნება ეს ამა თუ იმ ადამიანის სანაცნობო წრე, პოლიტიკური გემოვნება, ინტერესები, აღმსარებლობა თუ მიმოწერა;
მეტი კამერა მხოლოდ მეტ კონტროლს ნიშნავს თუ მეტ დაცულობასაც?
2024 წლის ბოლოს დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე ნიღბიანი სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე დაწყებული გამოძიებები აჩვენებს, რომ არა.
იმ კომუნიკაციიდან, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს აქვს იმ უწყებებთან, რომლის წარმომადგენლების მიმართაც არსებობს სამართალდარღვევის ჩადენის ვარაუდი, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან, ჩანს რომ ძალოვანი უწყებების ბაზებში მოხვედრილი გამოსახულება ამ უწყებებიდან არ გაიცემა. ყველა ის ჩანაწერი, რაც მოქალაქეებზე ძალადობის საქმეების გამოძიებაში დევს, კერძო კომპანიების და სავაჭრო ობიექტების კამერებიდან არის შეგროვებული. ამ მიმოწერიდან ირკვევა ისიც, რომ სათვალთვალო კამერები, ოღონდ საპატრიარქოს მფლობელობაში მყოფი, დამონტაჟებულია როგორც ქაშვეთის ეზოში, ასევე სამრეკლოს სახურავზე.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიებების საქმის მასალებიდან ჩანს რომ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად უწყებამ ვიდეოკადრები გამოითხოვა როგორც 112-ისგან, ასევე თბილისის მერიიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს პარლამენტიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან, ეროვნული გალერეიდან, ოპერიდან და ათობით კერძო ორგანიზაციისგან.
“გთხოვთ გვაცნობოთ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციული შენობის ეზოში და 9 აპრილის ქუჩის მხრიდან შენობის შესასვლელში დამონტაჟებულია თუ არა ვიდეოკამერები. დადებით შემთხვევაში, გთხოვთ გვაცნობოთ, აღნიშნული ვიდეოკამერები ახორციელებს თუ არა ჩაწერას, ასევე რა პერიოდის განმავლობაში და რა მისამართზე ინახება აღნიშნული ვიდეო კამერების მიერ განხორციელებული ჩანაწერები” - 2024 წლის 20 დეკემბერს გაგზავნილ ამ წერილზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი პასუხობს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციული შენობისა და 9 აპრილის ქუჩის მხრიდან შენობის შესასვლელში დამონტაებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა დაზიანებულია და ჩაწერა არ მიმდინარეობს.
“გთხოვთ გვაცნობოთ, ქ. თბილისში მდებარე 9 აპრილის ბაღში და ალექსანდროვის ბაღში არის თუ არა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და მერიისადმი დაქვემდებარებული დეპარტამენტების/სამსახურების ბალანსზე რიცხული ვიდეოსამეთვალყურეო კამერები დამონტაებული. დადებითი პასუხის შემთხვევაში, კონკრეტულად სადაა აღნიშნული კამერები დამონტაჟებული და რომელ სტრუქტურულ ერთეულში, რა მისამართზე და რა ვადით ინახება აღნიშნული კამერების ჩანაწერები” - კითხულობს სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2024 წლის 17 დეკემბერს.
თბილისის მერიიდან ამ წერილის პასუხად სპეციალურ საგამოძიებო სამსახრს ათ დღეში, 27 დეკემბერს მათ უთხრეს, რომ 9 აპრილის ბაღში მერიის უსაფრთხოების სამსახურის ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა კია განთავსებული, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საპროტესტო აქციების დროს დაზიანდა როგორც კამერები, ასევე ამ სისტემის დამაკავშირებელი ოპტიკური ქსელი, ჩანაწერი სისტემაში აღარ იძებნება.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პასუხობენ მერიის ცალკეული სტრუქტურებიც:
“ოლივერ ვორდროპის ბაღში დამონტაჟებულია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა. აღნიშნული სისტემაში, 27 ნოემბრიდან ფიქსირდებოდა ხარვეზები და ჩანაწერი არ ხორციელდებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდებოდა საპროტესტო აქციები და აქციის მონაწილეების მხრიდან ადგილი ჰქონდა აგრესიულ ქმედებებს, მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ აღნიშნულ პერიოდში ტექნიკური პერსონალის მივლინება ხარვეზის დადგენის და აღმოფხვრის მიზნით;”
“რუსთაველის გამზირზე, მეტროსადგურ რუსთაველის ფოიეს შესასვლელთან, მეტროსადგურ რუსთაველის შიდა სივრცეში და რუსთაველის #52-ში არსებული შენობის წინ მდებარე ტროტუარზე, ჯიხურ ტემპოსა და მიწისქვეშა გადასასვლელს შორის არსებულ გარე განათების ბოძზე ტრანსპორტისა და ურბანული განვითარებისა სააგენტოს სამეთვალყურეო კამერები არ გააჩნია”
“პარლამენტის შენობის გარე ფადასზე არის თუ არა დამონტაჟებული ვიდეოკამერები; დადებით შემთხვევაში, რამდენი ვიდეოკამერაა დამონტაებული, აგრეთვე სად - რომელ სტრუქტურულ ერთეულში, რა მისამართზე და რა ვადით ინახება აღნიშნული ვიდეო-კამერების ჩანაწერები” - ეს უკვე პარლამენტის აპარატის უფროსთან, ქეთევან კვინიკაძესთან 11 დეკემბერს გაგზავნილი წერილია. საკანონმდებლო ორგანოდან სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2024 წლის 29 ნოემბრის ღამის 1 საათიდან 7 დეკემბრის დილის 4 საათამდე ჩანაწერებს ითხოვდა.
“პარლამენტის აპარატს არ გააჩნია თქვენს მიერ მითითებული ვიდეოჩანაწერები” - ასე უპასუხა გამომძიებელ ბაჩანა კვარაცხელიას ქეთევან კვინიკაძემ 16 დეკემბერს.
“თბილისში, 9 აპრილის ქუჩა #4-ში მდებარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციული შენობის გარე ფასადზე არის თუ არა დამონტაჟებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერები; დადებით შემთხვევაში, რამდენი ვიდეოკამერაა დამონტაჟებული, ასევე სად - რომელ სტრუქტურულ ერთეულში, რა მისამართზე და რა ვადით ინახება აღნიშნული კამერების ჩანაწერები” - 14 დეკემბერს სუს-ში გაგზავნილ ამ წერილს თან ახლდა მოთხოვნა 29 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე ჩანაწერებზე.
“სახელმწიფი უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, გარე ფასადზე დამონტაჟებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მეშვეობით არ ხორციელდება ვიდეოემონიტორინგი/ვიდეოჩაწერა” - უპასუხა 18 დეკემბერს გამოძიებას სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსმა, სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორმა კობა კობიძემ.
სახელმწიფო უწყებების მხრიდან ვიდეოჩანაწერების გამოძიებისთვის გადაუცემლობის შედეგს კარგად აჩვენებს მაგალითად ჟურნალისტს გურამ როგავაზე თავდასხმის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებაში არსებული ვიდეომტკიცებულებები - ეს არის რამდენიმესაათიანი კადრები კომერციული ობიექტებიდან, სადაც ჟურნალისტი, რომელიც ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით გადაურჩა აქციის გაშუქებისას სიკვდილს, მხოლოდ ერთგან ჩანს, ისიც არა სრულად. გურამ როგავამ ამ ჩანაწერებიდან საკუთარი თავი ფეხსაცმლით ამოიცნო ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში - ჟურნალისტისთვის მის საქმეში არსებული მიმოწერაც კამერების ჩანაწერების ამოსაღებად და 11 საათის ხანგრძლივობის ჩანაწერებიც, რაც საქმეში დევს, სახელმწიფოს მხრიდან დაცინვად აღიქმება და ესმის როგორც ფრაზა: "ამ ქვეყანაში გამოძიების უფლებით ვერ ისარგებლებთ."