Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის ეზოში კამერები არ არის - როგორ ამტკიცებს პროკურატურა 20 წლის ბიჭის დანაშაულს


ფრიდონ ბუბუტეიშვილი სასამართლო სხდომაზე. 2024 წლის 26 ივლისი
ფრიდონ ბუბუტეიშვილი სასამართლო სხდომაზე. 2024 წლის 26 ივლისი

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილის სასამართლო სხდომა. ის არის „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც ბრალად ედება პარლამენტის ჭიშკრის დაზიანება და ქვის სროლით მეხანძრე-მაშველის დაშავება. მას შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დანაშაულის 1 მაისს ჩადენის ბრალდებით, ის 9 მაისს დააკავეს და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წაუყენეს:

  • ​187-ე მუხლის პირველი ნაწილი - სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობა);
  • 353-ე პრიმა - თავდასხმა ხელისუფლების წარმომადგენელზე (ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა).

საგამოძიებო უწყებას არ აქვს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ასახული იქნებოდა, როგორ ხვდება ბუბუტეიშვილის ნასროლი ქვა მეხანძრე-მაშველს. ამ ფაქტის გადაღება შესაძლებელი იქნებოდა პარლამენტის ეზოდან. დღევანდელ სხდომაზე კი ზურაბ ჩხარტიშვილმა, პარლამენტის სამეურნეო სამსახურის თანამშრომელმა, თქვა, რომ შიდა ეზოში კამერები არ არის დაყენებული.

„თუ ვინმე ამბობს, რომ ამ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, ეს არის ტყუილი. მის მიერ ქვის სროლის ფაქტი ასახულია ვიდეოჩანაწერზე და ის ფაქტი, რომ ეს ქვა მოხვდა მეხანძრე-მაშველს, ამაზე მიუთითებს თავად მეხანძრე... პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე იმყოფებოდა არაერთი ადამიანი, თვითონ ფაქტი დაინახა სამმა ადამიანმა, მათ აღწერეს და ამოიცნეს“, - თქვა პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა.

მისი მოთხოვნით, სასამართლოში კიდევ ერთი მოწმე, გამომძიებელი ილია თევზაძე გამოჰკითხეს. ის პარლამენტის ეზოში მეორე დღეს, 2 მაისს, მივიდა, უშუალოდ დანაშაულის ჩადენის ფაქტს კი არ შესწრებია.

„შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს შეინიშნებოდა არეულობის კვალი. პარლამენტის ჭიშკარი იყო დაზიანებული, მომძვრალი ჰქონდა სხვადასხვა ორნამენტები, ასევე გუმბათი, რომელიც ეყარა ეზოში. ასევე ეზოში გადაყრილი იყო ფილაქნის ქვები, რომელიც, როგორც წესი, პარლამენტის გარე პერიმეტრზე არის ხოლმე დაგებული, როგორც გზის საფარი. ასევე შეინიშნებოდა სხვა საგნები“, - თქვა მოწმემ.

საქმეს განიხილავს მოსამართლე ზვიად შარაძე, რომელმაც რადიო თავისუფლებას პროცესზე ფოტოების გადაღების უფლება არ მისცა. შარაძე იყო გასული წლის მარტის აქიცების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მოსამრთლეც - მან მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 9 სექტემბერს, 15:00 საათზე გაიმართება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის ცხრა მონაწილე დააკავა სისხლის სამართლის კოდექსით. მათგან სასამართლომ ვაჟა დურგლიშვილის საქმის განხილვა დაასრულა - როგორც საქმის პროკურორმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მან 12 ივლისს აღიარა კამერის დაზიანება და მიუსაჯეს თავისუფლების ორი წლის ვადით აღკვეთა, რაც ჩაითვალა პირობითად.

ფორუმი

XS
SM
MD
LG