Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
სასამართლომ „ბათუმელ მედროშეს“ უარი უთხრა ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე

სასამართლომ „ბათუმელ მედროშეს“ უარი უთხრა ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე


თემურ ქათამაძე სასამართლო სხდომაზე
თემურ ქათამაძე სასამართლო სხდომაზე

თბილისის საქალაქო სასამართლომ თემურ ქათამაძეს, რომელიც საზოგადოებაში „ბათუმელი მედროშის“ სახელით არის ცნობილი, უარი უთხრა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე. გადაწყვეტილება დღეს, 18 მარტს, გახდა ცნობილი.

საერთაშორისო დაცვის მინიჭების შემთხვევაში ადამიანს მიენიჭება ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან სხვა დაცვის სტატუსი.

„სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა. შესაბამისად, არ გაუქმდა სამინისტროს გადაწყვეტილება მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე და არ მიენიჭა მას აღნიშნული სტატუსი. ჩვენ სასამართლო პროცესზე ვითხოვდით მათ შორის მოწმეების დაკითხვას, რომლებიც ისაუბრებდნენ და დაადასტურებდნენ იმ საფუძვლებს, რომლებიც წარმოადგენს მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას, თუმცა სასამართლომ ამ მოწმეების დაკითხვაზე შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა, უარი გვითხრა“, - თქვა სხდომის დასრულების შემდეგ თემურ ქათამაძის ადვოკატმა.

თემურ ქათამაძე ამ დავის ფარგლებში ასაჩივრებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, რომლითაც უარი უთხრეს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.

თემურ ქათამაძე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებზე ბათუმში საქართველოს დროშით ხელში იდგა - ჯერ კიდევ „აგენტების კანონის” წინააღმდეგ პროტესტის დროიდან დაწყებული, ბოლო, უწყვეტი აქციების ჩათვლით.

  • თემურ ქათამაძე თავდაპირველად 11 იანვარს დააკავეს ადმინისტრაციული წესით და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
  • 16 იანვარს გათავისუფლებული თემურ ქათამაძე მყისიერად ისევ დააკავეს - შს სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

მუჰაჯირების შთამომავალი, 56 წლის თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] 48 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG