Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
„საქმე, რომელსაც განიხილავთ, გაყალბებულია“ - მზია ამაღლობელი მოსამართლეს ადმინისტრაციულ საქმეზე

„საქმე, რომელსაც განიხილავთ, გაყალბებულია“ - მზია ამაღლობელი მოსამართლეს ადმინისტრაციულ საქმეზე


ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა გრძელდება
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა გრძელდება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მედიამენეჯერ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა - ამჯერად განიხილება ადმინისტრაციული საქმე მის წინააღმდეგ.

ამ საქმეს მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს.

მზია ამაღლობელი პროცესს დისტანციურად ესწრება საპატიმროდან.

სხდომას ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები - ნორვეგიისა და დანიის საელჩოს თანამშრომლები.

რას ედავებიან ამაღლობელს?

მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაშია პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მაგრამ დღევანდელი პროცესი ამ საქმეს არ ეხება.

დღეს განიხილავენ ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეს - იმას, რის გამოც 11 იანვარს პირველ ჯერზე დააკავეს.

„შეურაცხყოფას აყენებდა“

სასამართლო სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, თითქოს:

  • „აქციის მიმდინარეობისას მზია ამაღლობელი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციის თანამშრომლებს;
  • იყენებდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს, როგორიცაა „რუსეთის მონები“, სხვა ისეთ სიტყვებს, რაც პოლიციისთვის იყო შეურაცხმყოფელი“;
  • არაერთი მოწოდების მიუხედავად, ის არ დაემორჩილა მოწოდებას და უწევდა მათ წინააღმდეგობას, რის შემდეგაც დააკავეს“.

ამაზე პასუხად მზია ამაღლობელმა მიმართა მოსამართლე სალიხ შაინიძეს და უთხრა, რომ საქმე, რასაც ის განიხილავს, და სამართალდარღვევის ოქმი, გაყალბებულია.

„ოქმი გაყალბებულია“

„საქმე, რომელსაც განიხილავთ და რასაც მე მოვუსმინე, გაყალბებულია... საქმეში არის ცრუ ჩვენებები და ოქმიც არის გაყალბებული. ამ საქმეში რეალობა არის მხოლოდ ის, რომ სტიკერი ნამდვილად გავაკარი, სრულიად გააზრებულად“, - თქვა მზია ამაღლობელმა.

„სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია... ეს არის სიცრუე, კანონსაწინააღმდეგო მოქმედება არ ჩამიდენია, და არც [პოლიციისგან] მოწოდებები ყოფილა, ამას ადგილი არ ჰქონდა უბრალოდ“, - განაცხადა მან.

მზია ამაღლობელმა თქვა ისიც, რომ პოლიციის სამმართველოში შეურაცხმყოფელად მოექცნენ.

„იყო საუბარი იმაზე, რომ პოლიციის თანამშრომლებს აყენებდა შეურაცხყოფასო, ესეც სიცრუეა“, - განაცხადა ამაღლობელმა და დასძინა, რომ ვერ იპოვიან ადამიანს, - გარდა ბრალდების მხარისა, - რომელიც იტყვის, რომ მას ან საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა ვინმესთვის მიუყენებია.

„ბათუმელების“ ცნობით, მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ ოქმი გაყალბებულია:

  • „ოქმს ირაკლი დგებუაძის მოადგილე, გოჩა ვანაძე აწერს ხელს, სინამდვილეში კი მზია ამაღლობელი დააკავა არა გოჩა ვანაძემ, არამედ გრიგოლ ბესელიამ – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, რაც ვიდეოკადრშიც ჩანს“.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე, სავარაუდოდ, იტყვის, დაკითხავს თუ არა ბესელიასა და ასევე, ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს. მათი დაკითხვას ამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ.

ორივე მათგანი სანქცირებულია ესტონეთისა და ლიეტუვის მიერ.

მზია ამაღლობელი ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.

სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება, 4 მარტს წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.

მზია ამაღლობელი, რომელიც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს. მან შიმშილობა კოლეგებისა და მხარდამჭერების არაერთი მოწოდების შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების რისკის ფონზე, შეწყვიტა. მოგვიანებით ის საპატიმროში დააბრუნეს.

ასობით ქართველი თუ უცხოუელი ჟურნალისტი, უფლებადამცველი ორგანიზაცია, ევროკავშირის არაერთი წევრი ქვეყნის მთავრობა და მათი წარმომადგენლები ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG