Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო - მან ციხიდან წერილი გამოგზავნა

გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო - მან ციხიდან წერილი გამოგზავნა


გიორგი ჩიკვაიძე 11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან.
გიორგი ჩიკვაიძე 11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან.

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს, შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ ის წერს ციხიდან გამოგზავნილ წერილში, რომელიც რადიო თავისუფლებას მისმა ძმამ, დიმიტრი ჩიკვაიძემ მიაწოდა.

„მე არ შევეგუები ამ სისტემის მიერ ჩაგვრას! დღეიდან გადავდივარ სრულ შიმშილობაზე.

ამჯერადაც ვიქნები გამორჩეული ჩემს პრინციპულობაში, თუნდაც ეს დამიჯდეს სიცოცხლის ფასად, ამას გავაკეთებ ჩემი ქვეყნის სიყვარულისთვის“, - წერს გიორგი ჩიკვაიძე.

ის მიმართავს ოჯახის ახლობლებსა და ნაცნობებს:

„ყველა ვინც დუმხართ, ხართ ამ პროცესის მონაწილე. მეგობრებო, არ გაჩერდეთ. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე“.

გუშინ, 11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, იზა კელენჯერიძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თანხების უკანონოდ მითვისება-გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულ ბიზნესმენს გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება - გირაო, პატიმრობით შეუცვალა. მის ბიზნესპარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს კი გირაო ძალაში დაუტოვა.

პროკურორი ამბობდა, რომ ბიზნესმენების წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობაზეც, რის გამოც უნდა შეცვლილიყო მათი აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობით:

„მიღებულია ინფორმაცია საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასთან დაკავშირებით, ის [გიორგი ჩიკვაიძე] იმყოფებოდა სადახლოსთან ახლოს 6-7 მარტს, რაზეც დაიწყო გამოძიება. მიმდინარე გამოძიება ახალი გარემოებაა აღკვეთის ღონისძიების გადასახედად“.

მოსამართლე იზა კელენჯერიძის გადაწყვეტილებით, გიორგი ჩიკვაიძეს სხდომათა დარბაზშივე დააკავეს, ირაკლი პაპიაშვილი კი გაათავისუფლეს.

გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის საქმე

38 წლის ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო და საარჩევნო კამპანიაში ეხმარებოდა, რამდენიმე თვეა ხელისუფლებას რეკეტსა და „ბიზნესის ახევის“ ხელშეწყობაში ადანაშაულებს, „ფიზიკური ლიკვიდაციის“ რისკზე საუბრობს.

ბიზნესპარტნიორების, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე აღძრა მათი ყოფილი კლიენტის, სამშენებლო კომპანია ETS Building-ის მფლობელის, ელგუჯა თურმანიძის მიმართვის საფუძველზე. ბიზნესმენებს ფულის მითვისება-გაფლანგვას ედავებიან.

ETS Building-ის ადვოკატებმა 16 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე აღწერეს, რა უძღოდა 2024 წლის იანვარში ჩიკვაიძის წინააღმდეგ პროკურატურაში მათი საჩივრის შეტანას. ვიტალი ხალვაშის თქმით, გიორგი ჩიკვაიძის კომპანიას, „რამზეს ჯორჯიან იახტინგ პლათფორმს“, გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, 1 155 019 ლარის სანაცვლოდ უცხოეთიდან იახტა უნდა ჩამოეყვანა „ელთ ბილდინგისთვის“. ადვოკატის განცხადებით, ჩიკვაიძის კომპანიას თანხა ოთხ ტრანშად ჩაურიცხეს, თუმცა მან იახტის ჩამოყვანა ვერ უზრუნველყო, ხოლო თანხა საკუთარ საჭიროებებზე დახარჯა - მათივე თქმით, უკან დაუბრუნდათ მხოლოდ 50 000 ევრო.

გიორგი ჩიკვაიძე ელგუჯა თურმანიძეს უწოდებს პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის „ხელის ბიზნესმენს“ და ამ კავშირებით ბოროტად სარგებლობაში ადანაშაულებს. ჩიკვაიძის თქმით, მას შემდეგ, რაც თურმანიძემ ჯერ რამდენჯერმე ნარკოტიკები შესთავაზა მას და მის პარტნიორს, შემდეგ კი ფულის გათეთრების სქემაში ჩაბმა, - რაზეც ყოველ ჯერზე უარით გაისტუმრა, - „გადავწყვიტეთ, რომ გაგვეწყვიტა მასთან კონტრაქტი და ყველანაირი ურთიერთობა და გავუწყვიტეთ ჩვენს შორის არსებული კონტრაქტი“.

პროკურატურამ გიორგი ჩიკვაიძეს და მის პარტნიორს, ირაკლი პაპიაშვილს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა“, „დ“, III -„ბ“ მუხლით წარუდგინა, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას. თავდაპირველად სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 50 000-50 000 ლარი და საზღვრის კვეთის აკრძალვა შეუფარდა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG