Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე „იახტის საქმეზე“ „ელთ ბილდინგის“ ბრალდებებს უარყოფს


ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე
ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე

კომპანია „ელთ ბილდინგი“ გამოეხმაურა ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებას იახტის შეძენის საქმეზე. ჩიკვაიძე, რომელმაც ბრალმდებლები ზეწოლაში დაადანაშაულა, აცხადებს, რომ პროკურატურის წინააღმდეგ მასალებს არჩევნებამდე გამოაქვეყნებს. მანამდე ის საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას გეგმავს.

„ელთ ბილდინგის“ ადვოკატებმა დეზინფორმაცია უწოდეს ჩიკვაიძის 12 სექტემბრის სატელევიზიო განცხადებებს და ამტკიცებენ, რომ მან იახტის შესაძენად ჩარიცხული თანხა საკუთარი მიზნებისთვის დახარჯა. შემდეგ კი, როგორც ადვოკატი ვიტალი ხალვაში განმარტავს, ჩიკვაიძემ სცადა, საქმეს სამოქალაქო სამართლის კვალიფიკაცია მისცემოდა.

კომპანიის ადვოკატებმა 16 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე აღწერეს, რა უძღოდა 2024 წლის იანვარში ჩიკვაიძის წინააღმდეგ პროკურატურაში მათი საჩივრის შეტანას. ხალვაშის თქმით, გიორგი ჩიკვაიძის კომპანიას, „რამზეს ჯორჯიან იახტინგ პლათფორმს“, გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, 1 155 019 ლარის სანაცვლოდ უცხოეთიდან იახტა უნდა ჩამოეყვანა „ელთ ბილდინგისთვის“. ადვოკატის განცხადებით, ჩიკვაიძის კომპანიას თანხა ოთხ ტრანშად ჩაურიცხეს, თუმცა მან იახტის ჩამოყვანა ვერ უზრუნველყო, ხოლო თანხა საკუთარ საჭიროებებზე დახარჯა.

პრესკონფერენციაზე გაავრცელეს ჩიკვაიძის კომპანიის ტრანზაქციები, რომლებიც, მათი თქმით, სასამართლომ მტკიცებულებად დაუშვა.

„ამონაწერის მიხედვით, კომპანიის ბრუნვა, სანამ იახტის თანხა ჩაერიცხებოდათ, შეადგენდა 1,83 ლარს. პირველი ტრანშის ჩარიცხვის შემდეგ, ამ პირებმა თანხა მოიხმარეს პირადი დანიშნულებით... თანხის 60% მოხმარდა მათი ძველი კრედიტორების მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულებას, თანხის ნაწილი გამოიყენეს პირადი დანიშნულებით, გაიცა ხელფასები და ნაწილი გაიცა საქვეანგარიშოდ. მეორე ტრანშის ეტაპზე მათი ანგარიში შეადგენდა 50 ცენტს. მეორე ტრანშის გადარიცხვის შემდეგ, თანხა გამოიყენეს არამიზნობრივად და არ შეიძინეს იახტა. ისევ ძველი კრედიტორები დააკმაყოფილეს, ისევ პირადი მიზნობრიობისთვის გამოიყენეს ეს თანხა, გაიტანეს საქვეანგარიშოდ. მესამე და მეოთხე ტრანშის თანხასაც იგივე ბედი ეწია. ეს ტრანზაქციები ადასტურებს, რომ კომპანიის თანხა უკანონოდ მიითვისეს“, - თქვა ვიტალი ხალვაშმა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დასტურდება, რომ იახტა არასდროს ყოფილა შეძენილი. საბოლოოდ, „ელთ ბილდინგის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ გიორგი ჩიკვაიძის კომპანიამ მათ ანგარიშზე მხოლოდ 50 000 ევრო დააბრუნა. ამ ნაბიჯს კომპანიის ადვოკატები უკავშირებენ, მათი აზრით, ჩიკვაიძის სურვილს, რომ დავა სამოქალაქო სამართლის კვალიფიკაციით გაგრძელებულიყო.

„ჩიკვაიძემ იცოდა, რომ ვალდებულებას ვერ შეასრულებდა, გადმორიცხა თანხა, რადგან იცოდა, რა პასუხისმგებლობა ელოდა. სურდა, საქმეს მისცემოდა სამოქალაქო სამართლის კვალიფიკაცია, იმიტომ რომ არც მას და არც მის პარტნიორს, ირაკლი პაპიაშვილს, არც მათ საწარმოს, არც სხვა საწარმოებს, რომლებშიც წილები აქვთ, არც მოძრავი და არც უძრავი ქონება არ გააჩნიათ და არც საბანკო ანგარიშზე აქვთ ბრუნვა ერთი თეთრის. შესაბამისად, სამოქალაქო სამართლით რომ წასულიყო საქმე, მას უბრალოდ თანხის გადახდა დაეკისრებოდა და არა რაიმე სხვა პასუხისმგებლობა... ხელში მხოლოდ სააღსრულებო ფურცელი შეგვრჩებოდა“, - თქვა ადვოკატმა და დაამატა, რომ ამიტომ მათ პროკურატურას საჩივრით მიმართეს.

ETS Building-ის ადვოკატების, ვიტალი ხალვაშის და არჩილ შაბაშვილის პრესკონფერენცია. 16 სექტემბერი, 2024 წელი
ETS Building-ის ადვოკატების, ვიტალი ხალვაშის და არჩილ შაბაშვილის პრესკონფერენცია. 16 სექტემბერი, 2024 წელი

პროკურატურამ გიორგი ჩიკვაიძეს და მის პარტნიორს, ირაკლი პაპიაშვილს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით წარუდგინა, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას. სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 50 000-50 000 ლარი და საზღვრის კვეთის აკრძალვა შეუფარდა.

პროკურატურამ გამოაქვეყნა გიორგი ჩიკვაიძისა და „ელთ ბილდინგის“ ხელმძღვანელ პირებს შორის საუბრის ჩანაწერი. როგორც განცხადებაში წერია, ჩიკვაიძე და პაპიაშვილი „სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, მათ შორის, თურქეთის პორტში მომხდარი შტორმის შედეგად იახტის ძრავის დაზიანების და მისი შეკეთების საბაბით უვადებდნენ იახტის გადაცემის ვადებს, უგზავნიდნენ თითქოსდა მათთვის შეძენილი იახტის ვიდეოებს და ლოკაციებს“.

ჩიკვაიძის პასუხი

„აბსურდი და სისულელე“ უწოდა გიორგი ჩიკვაიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში „ელთ ბილდინგის“ ადვოკატების განცხადებას, რომ მან იახტის შესაძენად ჩარიცხული თანხა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა.

„ჩვენ 19 იახტა გვყავს გაყიდული, მათი დიდი უმეტესობა - საქართველოში. იმ პერიოდისთვის შემოსავლების სამსახურს აქვს ჩატარებული ჩვენთან აუდიტი და კომპანიაში ჩვენი ძირითადი ბალანსი რაც იყო, ყველაფერი არის ერთ-ერთზე დასმული. ამაზე აპელირება არის ყველაზე დიდი სისულელე, რასაც ისინი აკეთებენ“, - გვითხრა ჩიკვაიძემ და „საქმის შეკერვაში“ დაადანაშაულა ერთ-ერთი პროკურორი, რომელიც მან „ელთ ბილდინგის“ დამფუძნებლის, ელგუჯა თურმანიძის ბიძაშვილად მოიხსენია.

ჩიკვაიძის თქმით, არსებობდა „ელთ ბილდინგთან“ თანხის დაბრუნებაზე შეთანხმება, თუმცა მან ილაპარაკა ხელისშემშლელ გარემოებებზე.

„ელგუჯა თურმანიძე მოითხოვდა, რომ თანხა მათთვის მიგვეწოდებინა ესპანეთში, ქეშის სახით, ან ესტონეთში მითითებულ კომპანიაზე, რაც ირიბად გამოდიოდა თანხის გათეთრება. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ მათთან ყოველგვარი ურთიერთობის გაწყვეტა... შემდეგ მათგან დამოუკიდებლად დავიწყეთ პირველი ტრანშის გაშვება. დაჯდა თუ არა 50 000 ევრო მათ ანგარიშზე, მეორე დღეს ჩნდება აჭარის პროკურატურა“, - გვითხრა ჩიკვაიძემ.

ბიზნესმენი უკმაყოფილოა იმით, რომ საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მიეცა. „სამოქალაქო საქმე, სადაც ერთი მეორეს არ უსრულებს დავალებას და უღიარებს, რომ ეს თანხა აქვს ჩარიცხული, აქედან პირველი ტრანში გაშვებული აქვს, როგორ ხდება სისხლის სამართლის საქმე?!“ - აღნიშნავს გიორგი ჩიკვაიძე. მისი თქმით, ვერაფერი ადასტურებს იმას, რომ თანხა სხვა მიზნებისთვის დაიხარჯა.

ბიზნესმენი კომპანიას მანიპულაციაში ადანაშაულებს და აცხადებს: „კარგია, რომ ეს ბრიფინგი ჩაატარეს, კარგია, რომ ჩვენ ყველა ძირითადი გასაღები ხელში დაგვაჭერინეს და ამას უახლოეს პერიოდში სასამართლოს მსვლელობისას ნახავენ“.

შეკითხვაზე, როდის გამოაქვეყნებს პროკურატურის წინააღმდეგ მასალებს, რომელთა შესახებაც მან გასულ კვირას საჯაროდ განაცხადა, ჩიკვაიძემ გვიპასუხა, რომ გეგმავს საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას და მასალები არჩევნებამდე გამოქვეყნდება: „ყველა თემა მოძრაობის ფარგლებში იქნება გამოტანილი“.

ჩიკვაიძის განცხადებით, „ამ კორუმპირებული რეჟიმის სამხილებლად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. საიდან იღებს ჩვენი დასჯის ინიციატივა, ერთი თემა კონკრეტულად ამ ამბავს ეხება. რა თქმა უნდა, იქნება საჯარო, რაც გამოქვეყნდება.

უახლოეს მომავალში გვექნება მოძრაობის პრეზენტაცია, ამ მოძრაობის ფარგლებში ყველა თემა იქნება გამოტანილი. ძირითადი იქნება პროკურატურის ნაწილი, თუმცა არა მარტო ის. ეს საკითხები აუცილებლად გაჟღერდება არჩევნებამდე“. ბიზნესმენი ამბობს, რომ კიდევ ექვსი საქმე აქვთ გამზადებული, რომლებშიც პროკურატურის ერთი და იგივე ბრალდება მეორდება.

2024 წლის 12 სექტემბერს, ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ „ტვ პირველის“ ღამის ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“, მასა და თავის პარტნიორზე ზეწოლის შესახებ ისაუბრა.

„2022 წელს ჩვენ დაგვავალეს ძალიან ანტისახელმწიფოებრივი დავალება, რაზეც ჩვენ ვთქვით უარი“, - თქვა ჩიკვაიძემ, თუმცა ჯერჯერობით არ აზუსტებს, ვისგან მოდიოდა ეს დავალება და რას სთხოვდნენ. თუმცა ჩიკვაიძის მონათხრობის თანახმად, სწორედ ამ „დავალებაზე“ უარს მოჰყვა ზეწოლა რამდენიმე თვეში.

38 წლის გიორგი ჩიკვაიძე წლებია, იახტების ბიზნესშია. მისი დაფუძნებულია „აზიმუტ იახტები საქართველო“ და „რამზეს იახტსი“, ასევე „რამზეს ჯორჯიან იახტინგ პლათფორმი“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG