გადაწყვეტილება 4 მარტს წინასასამართლო სხდომაზე გამოაცხადა მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა, რომელიც 2,5 თვეა, მოსამართლედ არის დანიშნული.
ამაღლობელის ადვოკატებმა დღეს მოითხოვეს, მათი დაცვის ქვეშ მყოფისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გაუქმებულიყო - ამაღლობელი გაეთავისუფლებინათ.
პროკურორები აცხადებდნენ, რომ ძალაშია „საფრთხე“, მზია ამაღლობელმა „ჩაიდინოს ახალი დანაშაული“, მიიმალოს და ამიტომ უნდა დარჩეს ის პატიმრობაში.
ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა განაცხადა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი არგუმენტი ამ მტკიცებების დასასაბუთებლად.
თუმცა მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა - ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.
გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში დამსწრეთა პროტესტი და შეძახილები მოჰყვა.
რა ხდებოდა განხილვისას
სასამართლო სხდომა, შესვენების ჩათვლით, 7 საათი გაგრძელდა.
სასამართლომ არ დაუშვა დაცვის მხარის შუამდგომლობები ამაღლობელის დაკავებისას გადაღებული ვიდეოების დაშვებასთან დაკავშირებით, პროკურატურის შუამდგომლობები კი დასაშვებად ცნო.
„მოიტანეს საქმე, სადაც 7 პოლიციელის გარდა არცერთი ჩვენება არ არის და ისიც კი არ უნდათ, დაასაბუთონ, აღკვეთის ღონისძიება რატომ უნდა იქნას გამოყენებული“, - მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა ჯუმბერ ქათამაძემ.
მან პროკურორებს მოუწოდა, კონკრეტულად დაასაბუთონ, რატომ მიაჩნიათ, რომ „მიმავლის საფრთხე“ არსებობს, თუმცა უშედეგოდ.
ერთ ეპიზოდში მოსამართლემ სიტყვა გააწყვეტინა ადვოკატ მაია მწარიაშვილს და თქვა, რომ ის „აგრესიულ ტონს“ იყენებდა, რაზეც მწარიაშვილმა თქვა, რომ უფლება აქვს, თავად შეარჩიოს ტონი.
დარბაზიდან ამაღლობელის კოლეგამ, ზვიად ქორიძემ მოსამართლეს ხმამაღლა მიმართა: „მოუსმინეთ ადვოკატს!“
ამის გამო ზვიად ქორიძეს შენიშვნა გამოუცხადა.
„თავდასხმას გეგმავდა“
დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელს ედავებიან, თითქოს ის „პოლიციელზე თავდასხმას“ გეგმავდა „სხვებთან კომუნიკაციით“.
როგორც ამაღლობელის კიდევ ერთი ადვოკატის, ჯუმბერ ქათამაძის სიტყვიდან გაირკვა, 15 თებერვალს გურიის პოლიციის თანამშრომელმა პოლიციელმა, ვლადიმერ ჩიტაიამ გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სერგი ჟღენტს მიაწოდა ინფორმაცია, თითქოს მზია ამაღლობელს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი პოლიციელზე თავდასხმა.
მისი პატაკის თანახმად, - თქვა ქათამაძემ, - ამაღლობელი მობილურით „კომუნიცირებდა“ პოლიციისათვის „დაუდგენელ პირებთან“, ამ კომუნიკაციის შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ ინახება ამაღლობელის მობილურში და ამიტომ მოითხოვა ტელეფონზე წვდომა პროკურატურამ.
თუმცა, ადვოკატების განცხადებით, ამ დაშვებას საფუძველი არ გააჩნია, ვერ საბუთდება და, სინამდვილეში, შესაძლოა, პროკურატურას მზია ამაღლობელის ტელეფონზე წვდომა სურდეს მისი სამსახურებრივი სენსიტიური და პირადი ინფორმაციის მოსაპოვებლად.
„უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს“
ბათუმის საქალაქო სასასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 14:00 საათის ნაცვლად ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო - პროტესტის ფონზე.
სასამართლოს შენობაში და მის გარეთ შეიკრიბნენ მზია ამაღლობელის კოლეგები, ჟურნალისტები, მისი მხარდამჭერები, უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და საელჩოების წარმომადგენლები. სასამართლოს ესწრებოდა ასევე საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი.
მზია ამაღლობელმა სხდომაზე მოსამართლის კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. „ტექნიკური ხარვეზების“ გამო, დარბაზში მისი სიტყვები სუსტად ისმოდა.
„ბათუმელები“ ავრცელებს სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელის მიერ მათთვის გადაცემულ წერილს, სადაც დაპატიმრებული მედიამენეჯერი წერს, რომ თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს:
„არა და არ ვეთანხმები ბრალს. უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს“, - წერს მზია ამაღლობელი.
„საბედნიეროდ, ჩვენს სამშობლოში დიქტატურამ საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა. ამიტომ მჯერა, მეც და სინდისის პატიმრებიც შევძლებთ ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას“, - წერს ის.
ჟურნალისტს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ეს მაშინ, როდესაც არაერთი შემთხვევა არსებობს საქართველოს სასამართლოების პრაქტიკაშივე, სადაც პოლიციელებისადმი უფრო უხეში მოპყრობა არ ჩათვლილა „პოლიციელზე თავდასხმად“, ან აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არ გამოყენებულა.
3 მარტს, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლომდე ერთი დღით ადრე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა განცხადება:
„ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ხვალ ერთ თვეზე მეტი ხნის პატიმრობის შემდეგ სასამართლოს წინაშე წარდგება. აუცილებელია მისი დაუყოვნებლივ განთავისუფლება“, - განაცხადა გერმანიის საგარეო უწყებამ.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ამ განცხადებას უწოდა „ძალიან ღია და უხეში ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში“ და დასძინა: „გერმანიას ვეღარ ვცნობთ, აბსოლუტურად შეუძლებელია გერმანიის ცნობა“.
სანქციები ბალტიის ქვეყნებისგან
3 მარტს ლიეტუვამ და ესტონეთმა სანქციები - სავიზო შეზღუდვები - დაუწესეს მზია ამაღლობელის საქმის ფიგურანტებს - მოსამართლეებს, პროკურორებსა და პოლიციელებს.
ლიეტუვის საგარეო უწყება წერს, რომ სანქცირებულებს შორის არიან „პოლიციელები, რომელთაც ცრუ ჩვენებები მისცეს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და წვლილი შეიტანეს მის უკანონო პატიმრობაში“.
ესტონეთის საგარეო უწყების გავრცელებულ სიაში კი ჩამოთვლილია ამაღლობელის საქმის ფიგურანტების სახელები:
- მზია ამაღლობელის საქმის პროკურორები - ვლადიმერ თურმანიძე და თორნიკე გოგეშვილი;
- ბათუმის პოლიციის უფროსი, რომელზე „თავდასხმასაც“ ედავებიან ამაღლობელს სილის გაწვნის გამო - ირაკლი დგებუაძე, რომელიც „დაზარალებულად“ არის ცნობილი;
- აჭარის პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელია და მისი მოადგილე დავით ათაბეგაშვილი, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მოადგილე გოჩა ვანაძე;
- მოსამართლეები - ნინო სახელაშვილი და ვერა დოლიძე.
„იდენტური ჩვენებები“
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ცნობით, ოთხი პოლიციელი - ვახტანგ ბოლქვაძე, დავით ანთაძე, არჩილ ანთაძე და ცოტნე ქართველიშვილი – სიტყვა-სიტყვით ერთნაირად აღწერენ, როგორ გააწნა სილა მზია ამაღლობელმა პოლიციის უფროსს და როგორ გაუწითლდა ლოყა და ყური ირაკლი დგებუაძეს.
გამოცემების თანახმადვე, გამოკითხვის ოქმის მიხედვით, იდენტურია:
- მათი თხრობის ქრონოლოგია;
- ლექსიკა;
- წინადადებების ფორმულირებები;
- სიტყვები, რომლითაც მომხდარს აღწერენ;
- დეტალები, რომლებზეც გაამახვილეს ყურადღება.
38-დღიანი შიმშილობა
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციამ 11 იანვარს, გვიან საღამოს, ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავა სტიკერის გაკვრის გამო, შემდეგ კი 12 იანვარს ხელახლა დააკავა, ამჯერად სისხლის სამართლის წესით.
სისხლის სამართლის წესით მისი დაკავება და საქმისათვის ასეთი კვალიფიკაციის მიცემა, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.
ჟურნალისტს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას სინდისის პატიმრად მიიჩნევენ კოლეგები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ევროკავშირი, ათობით საერთაშორისო ორგანიზაცია და არაერთი ქვეყნის მთავრობა, ასევე, ევროპის კავშირი.
მზია ამაღლობელმა დაკავების მომენტიდან შიმშილობა დაიწყო. შიმშილობის 24-ე დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის რუსთავის მე-5, ქალთა პენიტენციური დაწესებულებიდან „ვივამედში“ გადაიყვანეს.
ის „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში 38-დღიანი შიმშილობის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, 27 თებერვალს დააბრუნეს.
ვინ არის მოსამართლე?
39 წლის მოსამართლე ვიქტორ მეტრეველი, რომელიც დღეს ამაღლობელის საქმეს განიხილავს, დაახლოებით 2,5 თვეა, მოსამართლეა.
ის 2024 წლის დეკემბრიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე.
კერძოდ, მან 2024 წლის 26 დეკემბერს დადო მოსამართლის ფიცი. მოსამართლის გამოცდა 2023 წელს ჩააბარა.
მანამდე, 2023 წელს იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი კონსულტანტი - მოსამართლის თანაშემწე - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
2022-2023 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოში მთავარი კონსულტანტი - მოსამართლის მწერალი თანაშემწე.
2014-2022 წლებში კი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოში მოსამართლის თანაშემწე (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი).
ფორუმი