"გეგმა არის ერთი და უალტერნატივო - ახალი არჩევნები", - თქვა მან და დაამატა, რომ საქართველოში არის "ღრმა კრიზისი", რომელიც ოთხი თვეა, გრძელდება.
"ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა გამოსავალი, მშვიდობიანი გამოსავალი არ არსებობს, თუ არა არჩევნები. არჩევნები ნიშნავს, რომ შენ უბრუნდები ხალხს და ხალხს ეკითხები, შენ როგორ გინდა? შენი ნება რა არის? საქართველოს ხალხის ნებაა თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი.
ასე რომ, ეს არჩევნები დაინიშნება, ამაზე კითხვის ნიშანიც არ დგას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
"რა უნდა იყოს გეგმა?" - იკითხა მან და თავადვე უპასუხა: "მომზადება არჩევნებისთვის". მან ამის განსამარტად რამდენიმე საკითხს გაუსვა ხაზი:
- "ერთი, რომ უნდა მოვამზადოთ არჩევნების პირობები - ამისთვის მზად ვართ პრაქტიკულად და მომავალ დღეებში გაეცნობით დოკუმენტს, რა უნდა იყოს არჩევნების პირობები.
- მეორე - უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ დღესვე უნდა მოვამზადოთ კომისიის წევრები და დამკვირვებლები, მთელი ჯარი იმისთვის, რომ მეორედ ვერავინ შეძლოს არჩევნების გაყალბება. ეს ჩვენი ყველას გასაკეთებელია.
- მესამე - ამაზე ვმუშაობ. ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ჩვენი სანდო პარტნიორებისაგან ყველანაირი დახმარება იმისთვის, რომ ის ფორმები გაყალბების, რაც გამოიყენეს, ვეღარ გამოიყენონ. ეს ეხება ტექნოლოგიურ არჩევნებს, ბევრ რამეს", - თქვა მან.
უწყვეტი პროტესტის 90-ე დღეს, 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღეს, თბილისში რამდენიმე მარში გაიმართა ჯერ გმირთა მოედნის მიმართულებით, შემდეგ კი გმირთა მოედანზე გაერთიანებული დემონსტრანტები ასევე მსვლელობით გაემართნენ რუსთაველის გამზირისკენ.
"დუმდა სიონი, არ დუმდა ხალხი" - ეს არის დღევანდელი შეკრების მთავარი ლოზუნგი.
აქციის მონაწილეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ფიცი დადეს.
მესამე თვეა, საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის დაბრუნების, ახალი საპარლამენტო არჩევნების და უკანონოდ დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების მოთხოვნებით.
აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების" მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
ფორუმი