Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
თბილისში რამდენიმე საპროტესტო მარში გმირთა მოედანზე გაერთიანდა

თბილისში რამდენიმე საპროტესტო მარში გმირთა მოედანზე გაერთიანდა


პროევროპული აქციის 90-ე დღე. 25 თებერვალი, 2025 წელი
პროევროპული აქციის 90-ე დღე. 25 თებერვალი, 2025 წელი

25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღეს, თბილისში რამდენიმე მარში გაემართა გმირთა მოედნის მიმართულებით.

მსვლელობის მონაწილეები დაიძრნენ გეგეშიძის პარკიდან, ამაღლების ქუჩიდან, ავლაბრის მეტროდან, ვაკის პარკიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან, სადგურის მოედნიდან და სპორტის სასახლიდან.

საბოლოოდ, დემონსტრანტები გმირთა მოედანზე გაერთიანდნენ, შემდეგ კი იგეგმება, რომ ასევე მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლონ.

მომიტინგეებს ხელში უჭირავთ პლაკატები, რომლებზეც პროევროპული აქციების დროს დაკავებულთა სახელები წერია.

"დუმდა სიონი, არ დუმდა ხალხი" - ეს არის დღევანდელი შეკრების მთავარი ლოზუნგი.

აქციის მონაწილეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან დადეს ფიცი, რომლის ავტორია მწერალი ლაშა ბუღაძე:

"ჩვენი გმირების წინაშე, ვინც ჯავშნად გვედგა, ვინც ანდერძად დაგვიტოვა სახელოვნად გამარჯვება, ვინც არ დანებდა, ვინც 100 წლის წინ იბრძოლა ჩვენი თავისუფლების მტრების წინააღმდეგ, მათი სულების წინაშე, რომლებიც დღეს დაგვცქერიან ჩვენ, წარსულის და დღევანდელი გმირების, - 49 სინდისის პატიმრის სახელით, ისტორიისა და მომავლის წინაშე ვფიცავთ: არ მივატოვებთ სიმართლისათვის დევნილებს!

სიტყვით და საქმით ხელს გავუწვდით მათ და მათ ოჯახებს! ვფიცავთ - ვიქნებით ერთად! ვფიცავთ - ვიბრძოლებთ ბოლომდე!"

მესამე თვეა, საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის დაბრუნების, ახალი საპარლამენტო არჩევნების და უკანონოდ დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების მოთხოვნებით.

აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების" მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG