მან 24 თებერვლის მთავრობის სხდომა ამ საკითხით გახსნა, ისაუბრა ომის შედეგებზე და ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია "მშვიდობის დამყარების პროცესი" უკრაინაში წარმატებით დასრულდეს.
"ჩვენ ჩვენს მეგობარ ქვეყანას, მეგობარ ხალხს ვუსურვებთ, პირველ რიგში, მშვიდობას. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად, წარმატებით დასრულდეს ის პროცესი, რომელიც არის დაწყებული და რომელიც უკავშირდება უკრაინაში მშვიდობის დამყარებას.
კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დამყარდება მშვიდობა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში“, - თქვა კობახიძემ.
მან აღნიშნა, რომ რუსეთს უკრაინის 20% აქვს ოკუპირებული, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა, ენერგეტიკა, ათ მილიონამდე უკრაინელი იქცა დევნილად და დაიღუპა უამრავი ადამიანი.
უკრაინის ომი დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალს, მას შემდეგ, რაც რუსულმა ჯარებმა უკრაინის საზღვარი რამდენიმე მხრიდან გადაკვეთეს.
საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობები ამ პერიოდიდან გართულდა. "ქართული ოცნების" მაშინდელ მთავრობას უკრაინელი მაღალჩინოსნები არასაკმარის მხარდაჭერაში ადანაშაულებდნენ, საქართველოს ხელისუფლება კი აცხადებდა, რომ შესაძლებლობის ფარგლებში აკეთებდა ყველაფერს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის, აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები და მასთან შეერთება.
საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ეროვნულ დონეზე რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, თუმცა აცხადებდა, რომ საერთაშორისო სანქციების დაცვას უზრუნველყოფს. ოპოზიცია "ქართული ოცნების" მთავრობას კრემლის პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებდა.
უკრაინის და საქართველოს მთავრობებს შორის ურთიერთობები დიდი ხანია შეწყვეტილია. ამასთან, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პერიოდულად კონტაქტი აქვს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.
რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დაახლოებით ერთ კვირაში, 2022 წლის 1 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თბილისიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია, საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინისადმი დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლის და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.
2022 წლის მარტის ბოლოს, ზელენსკიმ ხელი მოაწერა საქართველოდან ელჩის, იჰორ დოლჰოვის გაწვევის დოკუმენტს, ივნისში კი ის თანამდებობიდან საერთოდ გაათავისუფლა.
2023 წლის ივლისში, კიევი დატოვა საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და უკრაინის მოქალაქის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო საქართველოს ელჩისთვის პროტესტის გამოცხადება და 48 საათში ქვეყნის დატოვების შეთავაზება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უკრაინის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ.
2024 წლის სექტემბერში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ საქართველოდან გაიწვია დროებითი რწმუნებული მიხაილო ხარიშინი.
გუშინ, 23 თებერვალს, ცნობილი გახდა გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაცია, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ის მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს, რომელიც არ არის რუსეთის მიმართ კრიტიკული, ჰყავს ერთადერთი თანასპონსორი - საქართველოს მთავრობა.
აშშ-ის მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტი სამი აბზაცისგან შედგება, ტექსტში გამოთქმულია მოწოდება კონფლიქტის "სწრაფი დასრულებისკენ" და სინანული "სიცოცხლის დაკარგვაზე რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის კონფლიქტის მსვლელობისას".
უკრაინაში ომის დასრულების თაობაზე საუბრები აქტიურად მიმდინარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ. რუსი და ამერიკელი დიპლომატები ელ-რიადში შეხვდნენ ერთმანეთს ისე, რომ ამ პროცესში უკრაინული მხარე არ იყო ჩართული. ამის გამო აშშ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გააკრიტიკა.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ უკრაინის დახმარების სანაცვლოდ სურს იშვიათი ლითონები და სხვა რესურსებიც.
ტრამპმა ზელენსკის დიქტატორი უწოდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კი განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი "ძალიან გაბრაზებულია" ზელენსკიზე.
ზელენსკიმ კი გუშინ, 23 თებერვალს, თქვა, რომ მზადაა, დათმოს პრეზიდენტის პოსტი, თუ ეს უკრაინას მშვიდობას მოუტანს და ამის სანაცვლოდ უკრაინა ნატოს წევრი გახდება.
ფორუმი