ის შეიცავს ინფორმაციას 166 ათასი პაციენტის შესახებ, რომლებმაც რუსეთისა და ანექსირებული ყირიმის სამხედრო ჰოსპიტლები გამოიარეს - 2022 წლის იანვრიდან 2024 წლის ივნისის შუა რიცხვებამდე.
მონაცემთა ბაზა ნაწილობრივ შეიცავს მონაცემებს იმ დაჭრილების შესახებაც, რომლებიც მკურნალობდნენ სამოქალაქო საავადმყოფოებში, თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკისა (ლსრ) და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (დსრ) ტერიტორიებზე, ასევე ბელარუსსა და უკრაინაში, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ეს დოკუმენტი რადიო თავისუფლებას საფრანგეთში გაქცეულმა სამხედრო ექიმმა ალექსეი ჟილიაევმა მიაწოდა.
ხშირ შემთხვევაში ბაზა შეიცავს არა მხოლოდ პერსონალურ მონაცემებს, არამედ სამხედრო ნაწილების რაოდენობასა და ქვედანაყოფების სახელებსაც, ასევე წოდებებს, დაზიანების სიმძიმესა და თარიღებს, ჰოსპიტალში მიღებისა და გაწერის მონაცემებს, პირად სამკერდე ნომრებს. იგი შეიცავს ინფორმაციას დიაგნოზებისა და მკურნალობის შედეგის, მათ შორის სიკვდილიანობის შემთხვევების შესახებაც.
მონაცემთა ბაზაში შეყვანილია რამდენიმე ასეული, სავარაუდოდ, დაჭრილი უკრაინელი სამხედრო ტყვის მონაცემები (მათ აღნიშნავენ აბრევიატურით „უშძ“ - უკრაინის შეიარაღებული ძალები). ამ ადამიანების სია უკრაინელ ჟურნალისტებს გადავეცით.
ეს მონაცემები შესაძლებლობას იძლევა გავიგოთ:
- როგორ იცვლებოდა რუსული ნაწილების შემადგენლობა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ: მაგალითად, ოფიცრების რაოდენობა დაჭრილებში მას შემდეგ შემცირდა, რაც რუსულმა არმიამ ომის პირობებთან ადაპტაცია მოახერხა.
- რომელი სამხედრო ნაწილები მონაწილეობდნენ ომის ამა თუ იმ ეტაპზე.
- არალეტალური დანაკარგის დინამიკა და მათი კავშირი ბრძოლის ველზე მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებთან.
- საშუალოდ რა დროს დაყოფს ჰოსპიტალში ჯარისკაცი მსუბუქი ჭრილობით, მძიმე ჭრილობით, საშუალო სიმძიმის ჭრილობით.
- დაჭრილების საშუალო ასაკი.
- რომელი რეგიონები და ჰოსპიტლები იყო ძირითად დატვირთული.
რას ვერ გავიგებთ:
- ომის დროს დაჭრილების მთლიან რაოდენობას. პენტაგონის, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროსა და ვლადიმირ ზელენსკის მონაცემებით, დღეს რუსულ მხარეს 600 ათასი დაჭრილი ჰყავს (მთელი ომის განმავლობაში). ჩვენს ხელთ არსებულ ბაზაში მსუბუქად დაჭრილები არ მოხვედრილან, ისინი საველე ჰოსპიტლიდან მალევე ფრონტზე ბრუნდებოდნენ. ამასთან, ამ ბაზაში მონაცემები მხოლოდ 2024 წლის ივნისამდეა.
კიდევ რა უნდა გავითვალისწინოთ:
- ბევრი დაჭრილი არ ნიშნავს, რომ იმავე პერიოდში ან იმავე ქვედანაყოფში მეტი ადამიანი დაიღუპა. ხანდახან პირიქითაც ხდება: რაც უფრო ნაკლებია ევაკუირებული დაშავებულების რაოდენობა, მით უფრო ნაკლებია დაჭრილებისაც, დაღუპულების კი, ბუნებრივია, მეტი.
- ბაზაში აღრიცხულები არიან არა მხოლოდ მებრძოლები, არამედ ის ადამიანებიც, ვისაც არ უომია, მაგალითად, სამხედრო სასწავლებლის კურსანტი, რომელიც ჰოსპიტალში გრიპის ეპიდემიის შედეგად მოხვდა ან გენერალი ქრონიკული დაავადებით. ასეთი ადამიანების რაოდენობა საავადმყოფოებში ყოველწლიურად იგივეა. ეს შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ფონი და ის ომის მაჩვენებლებს არ ეხება.
- კარგად გასაანალიზებლად ჩვენ შევამოკლეთ ბაზა, რომლის შედეგადაც თითოეული ადამიანი მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები. ზოგი რამდენჯერმე დაიჭრა და ჰოსპიტალშიც რამდენჯერმე მოხვდა. მათი მონაცემები გამოვიყენეთ ყველაზე გავრცელებული ავადმყოფობების გასაანალიზებლად.
- მონაცემების თავდაპირველ ვარიანტში, რომელსაც სამმართველო აგზავნიდა, უამრავი შეცდომაა, ძირითადად შევსების დროს დაშვებული. შევეცადეთ ეს მონაცემები როგორმე მოგვეწესრიგებინა.
- 166 000 ადამიანიდან ყველას გრაფა როდია შევსებული. ზოგს დაბადების თარიღი აკლია, ზოგს დიაგნოზი და ა.შ.
- ჭრილობის სიმძიმე ბაზაში ხშირად შესაძლოა შერბილებული იყოს, ან შეცდომით მითითებული.
საიდან მოვიდა მონაცემთა ეს ბაზა?
სერჟანტი ალექსეი ჟილიაევი, რომელმაც რადიო თავისუფლებას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო-სამედიცინო სამმართველოს (სსს) მონაცემთა ბაზა მიაწოდა, დაჭრილების ევაკუაციის განყოფილების მეთაური იყო, 144-ე გვარდიის მოტომსროლელ დივიზიაში.
„ამ ბაზას ჯარში ავრცელებენ, შემდეგ კი, თუ საჭირო გახდა, დივიზიების სამედიცინო სამსახურებში. აგზავნიან დაცული ქსელით, მონაცემთა გადაცემის დახურული სისტემით, რომელიც ელექტრონული ფოსტების SMTP-ისა და POP3-ის ჩვეულებრივი პროტოკოლით ფუნქციონირებს. ბაზები როგორ იქმნება, ზუსტად ამის თქმა არ შემიძლია. როგორც ჩანს, ეს უბრალოდ ინფორმაციაა ჰოსპიტლებიდან - ისინი შემოსულ პაციენტებზე მონაცემებს სსს-ს აწვდიან, იქ კი ვიღაც აწესრიგებს. ისევ უკან, ჯარში რატომ აგზავნიან? ხალხის მოსაძებნად. ისინი იკარგებიან. ნაწილიდან დაჭრილი გავიდა და მერე სად აღმოჩნდა? ამ ბაზის გარეშე ამას ვერ გაიგებ. ბაზაში არ არის იმ ადამიანების უმეტესობა, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდნენ, ასევე ისინიც, ვინც ერთ დღეში გაეწერა და ისინიც, ვინც იშვიათად, მაგრამ მაინც, სამოქალაქო საავადმყოფოში მკურნალობდა. სამოქალაქო საავადმყოფოებში სამხედროები ძირითადად მაშინ ხვდებოდნენ, როდესაც შეტევითი ბრძოლების გამო, დანაკარგი მკვეთრად იზრდებოდა და ჰოსპიტლებში ადგილები აღარ იყო“.
ბაზების ვერიფიკაცია
რადიო თავისუფლებამ სსს-ს ბაზა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადაამოწმა. მისი ნამდვილობის დამადასტურებელ დამატებით ფაქტებს ჩვენ შემდეგაც ვნახულობდით. დაბადების თარიღებისა და სხვა ინფორმაციის წყალობით ვიპოვეთ ათობით ადამიანი, რომელთა სოციალურ ქსელში ჩანდა, რომ ისინი იბრძოდნენ, ამასთან, ადრე პრესაში ნახსენები არ იყვნენ. მაგალითად, ყაზანის მკვიდრი მიაგმარ ჩულუუნბაატარი. ის სარატოვის 428-ე ჰოსპიტალში მოათავსეს დიაგნოზით „კომბინირებული დაზიანება, გულმკერდის კედლის მარჯვენა ნახევრის შეკუმშვა, დაზიანება წელთან, მარჯვენა მხარეს“. მიაგმარი ბრძოლის ველიდან რეგულარულად აქვეყნებდა ფოტოებს „ოდნოკლასნიკებზე“.
ბაზაში გვხვდება სამხედროები, რომლებზეც მედია წერდა. მაგალითად, ნოვოლაკსკის რაიონის (დაღესტანი) მკვიდრი მუჰთარ ალიევი. მასზე 2022 წლის დეკემბერში „დროის ხმა“ იტყობინებოდა, რომ სროლაში მოყვა, მაგრამ გადარჩა. ბაზა შესაძლებლობას გვაძლევს გავიგოთ, რომ ის ერთი თვით ადრე დაიჭრა და კრასნოდარის 419-ე ჰოსპიტალში დააწვინეს დიაგნოზით: „ცხვირის ძვლების დახურული მოტეხილობა“. მონაცემთა ბაზიდან ირკვევა, რომ ალიევი, ისევე როგორც კიდევ ას კაცამდე, სამხედრო დაზვერვაში მუშაობდნენ, რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს სპეცრაზმის გარკვეულ ბრიგადაში. ბრიგადა კრასნოდარის მხარის ხუტორ მოლკინოში იყო დისლოცირებული.
ბაზაში არიან დაჭრილებიც, რომლებიც თავად ვლადიმირ პუტინმა მოინახულა. ფოტოზე, რომელიც „ტასმა“ 2022 წლის 25 მაისს გადაიღო, ნათქვამია, რომ პუტინი დაჭრილებთან იუზბეგ კაზიტოვთან და ივან პეტრუკთან არის გადაღებული - მოსკოვში მანდრიკის სახელობის ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში. ბაზის მონაცემებისგან ირკვევა, რომ კაზიტოვი ნამდვილად დაიჭრა 24 მარტს და დიაგნოზით „დაზიანება ნაღმის აფეთქების შედეგად, მუცლის ღრუს ჭრილობა“ ჯერ „დსრ“-ის საავადმყოფოში მიიყვანეს, შემდეგ, 28 მარტს, დონის როსტოვში, 7 აპრილს კი - მოსკოვის ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში.
ივან პეტრუკი. რომელიც ფოტოზე პუტინს ხელს ართმევს, ბაზაში არ იძებნება. ადრე სახის ამოცნობის სერვისის მეშვეობით გაირკვა, რომ „სამხედროებიდან“ ერთ-ერთი, ვინც პუტინისა და მაშინდელი თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ამავე ვიზიტისას არის გადაღებული, ფედერალური დაცვის სამსახურის თანამშრომელია. შესაძლებელია პეტრუკი მართლაც დაიჭრა, მაგრამ ბაზაში სხვა მიზეზების გამო ვერ მოხვდა.
იმ ხალხს შორის, ვისზეც დავრწმუნდით, რომ ბრძოლაში ნამდვილად მონაწილეობდნენ, უცხოელებიც არიან. მათგან ჯერ ნეპალიდან და ინდოეთიდან ჩამოსულები უნდა აღვნიშნოთ. იყვნენ ისეთი ქვეყნებიდანაც, რომელთა მოქალაქეებზეც ადრე არ თქმულა, უკრაინის წინააღმდეგ ომში თუ მონაწილეობდნენ. არავინ, ვინც ბაზიდან სოციალურ ქსელში ვიპოვეთ, რადიო თავისუფლების შეტყობინებას არ გამოხმაურებია. ვეკითხებოდით საომარ მოქმედებებში მათ მონაწილეობასა და ჭრილობებზე.
ბატონო ოფიცრებო
სსს-ს ბაზაში თითქმის 90 ათასი რიგითია, 40 ათასი სერჟანტი, 15 ათასი ეფრეიტორი, 7 ათასი ლეიტენანტი, 2 700 პრაპორშჩიკი, 3 ათასზე მეტი კაპიტანი, 2 100 - მაიორი, 100 - პოდპოლკოვნიკი, 381 - პოლკოვნიკი, 30 - გენერალ-მაიორი, 10 - გენერალ-ლეიტენანტი და 1 - გენერალ-პოლკოვნიკი. ბევრთან წოდება მითითებული არ არის. ზოგს წოდება ომის დროს შეეცვალა. ბაზაში არიან საზღვაო ფლოტის მსახურებიც: 4 400 მატროსი და უფროსი მატროსი, 200 - მიჩმანი, 94 - უფროსი მიჩმანი, 50 - მეორე რანგის კაპიტანი, 43 - პირველი რანგის კაპიტანი, 30 - კაპიტან-ლეიტენანტი, 28 - პირველი რანგის კაპიტანი, 4 - კონტრადმირალი, 1 - ადმირალი.
თუკი ყველა რანგის ოფიცრებისა და რიგითი ჯარისკაცების რაოდენობას შევადარებთ, აშკარავდება პრობლემა, რომელსაც რუსეთი ჯარი ომის დასაწყისში შეეჯახა: ოფიცრები, უმეტესად ლეიტენანტები, იძულებულები იყვნენ წინა ხაზებზე თავ-თავიანთ დანაყოფებთან ერთად დარჩენილიყვნენ. დაჭრილებში ოფიცრების რიცხვმა მკვეთრად მაშინ იკლო, როდესაც რუსმა სამხედროებმა კავშირი ააწყვეს, ასევე მაშინ, როდესაც უკრაინამ ამერიკული იარაღი - HIMARS-ი - მიიღო.
„თავიდან ოფიცრები ფრონტთან ახლოს იყვნენ, რომ ენახათ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა თუ არა. პირადად იძლეოდნენ ბრძანებებს. მაშინ მათ დიდი პრობლემები ჰქონდათ რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებთან. კავშირი არ უვარგოდათ. ამის გამო ოფიცრები მოწინავე ხაზთან უნდა მდგარიყვნენ და ამიტომ ხშირად იჭრებოდნენ კიდეც. უკრაინელები Javelin-იდან და NLAW-დან მათ ჯავშანმანქანებს ესროდნენ, რომლებიც კოლონიაში პირველები მიდიოდნენ ხოლმე. მოგვიანებით, როცა რუსი სამხედროები დონბასზე კონცენტრირდნენ, ოფიცრები უკან დახიეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც HIMARS-ები გამოჩნდა. ეს ჩვენს მონაცემებში ცხადად ჩანს. 2022 წლის ივნისში ოფიცრებს შორის ჯერაც ბევრი დაღუპული იყო, სწორედ მაშინ შემოიტანეს HIMARS-ები. რუსებს თვე დასჭირდათ, მიმხვდარიყვნენ, რომ მათი სამეთაურო პუნქტები ნადგურდებოდა. მერე კი ოფიცრები იქაურობას გამოარიდეს. აგვისტოში უკვე ჩანს, რომ ეს რიცხვები მცირდება და მას შემდეგ მეტ-ნაკლებად სტაბილურია, მიუხედავად იმისა, რომ რუსული დაჯგუფებების საერთო რაოდენობა გაიზარდა. ეს იმიტომ, რომ ოფიცრების უმეტესობა უკვე ისეთ ადგილას იყო, სადაც HIMARS-ი ვერ მისწვდებოდა“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში დარა მასიკოტი, ფონდ კარნეგის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის უფროსი მკვლევარი.
„მძიმე 300 თითქმის ყოველთვის არის 200“
მონაცემთა ბაზა შესაძლებლობას გვაძლევს შევაფასოთ, რა შეფარდებაა სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობებთან დაკავშირებით. თუმცა, ყველა დაჭრილს როდი აქვს ასეთი აღნიშვნა. „მძიმედ დაჭრილი“ მითითებულია 2 250 ადამიანზე, მსუბუქი - 80 269 ადამიანზე. საშუალო სიმძიმის ჭრილობის დიაგნოზი 58 632 ადამიანს უწერია.
გრაფიკზე ასახულია ჭრილობებისა და დაავადებების განაწილება თვეების მიხედვით. შეგვიძლია ვნახოთ, რომ რუსეთის შეტევების დროს დაშავებულების რიცხვი მკვეთრად იზრდება, დაწყებული კიევზე თავდასხმიდან, დონბასზე შეტევით გაგრძელებული (როდესაც რუსეთმა იქ თავისი ძალების კონსოლიდირება მოახდინა) და დამთავრებული ბრძოლებით ანდრეევკასა და ბახმუტში.
2023 წლის შემოდგომის ბოლოს ჰოსპიტალში უფრო საშუალო სიმძიმის პაციენტები იწვნენ, ვიდრე მსუბუქად დაჭრილები. ალექსეი ჟილიაევი ამ ფაქტს იმას უკავშირებს, რომ მაშინ ამერიკიდან იარაღის მოწოდება შეფერხდა და უკრაინელები FPV-დრონებზე გადავიდნენ.
როგორც დარა მასიკოტი ამბობს, ამ გრაფიკზე ყურადღებას იქცევს ის, რომ მძიმედ დაშავებულების რაოდენობა სტაბილურია. „მიუხედავად პერიოდისა, შეტევისა თუ თავდაცვისა, რუსული შენაერთების გაზრდისა, ცვლილებები თითქმის არ არის. ეს იმას მიანიშნებს, რომ რუსულმა ჯარმა მთელი ომის განმავლობაში ვერ ჩამოაყალიბა დაჭრილების ევაკუაციის გამართული სისტემა. მძიმედ დაჭრილი სამხედროები, მაგალითად, ისეთები, რომლებმაც ნაღმების ან დრონების გამო კიდურები დაკარგეს, ვერ ცოცხლობენ“.
ალექსეი ჟილიაევი თავისი გამოცდილებიდანაც ამოწმებს, რომ საველე ჰოსპიტლებსა და სამედიცინო როტაში მძიმედ დაშავებულებს შორის გადარჩენის დაბალი მაჩვენებელია. „ევაკუაციისას მძიმე 300, თითქმის ყოველთვის არის 200“, - ჰყვება ექიმი. იმასაც ადასტურებს, რომ ევაკუაციის სისტემა რუსულ ჯარში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.
„რაც იყო, ის დარჩა“, - ამბობს ჟილიაევი და დასძენს, რომ 2024 წლიდან უკრაინულმა არმიამ საევაკუაციო ჯგუფებზე დრონებით ნადირობა დაიწყო, რამაც დაღუპულების რაოდენობა გაზარდა. ის ამბობს, რომ თითქმის ყველა ჯარისკაცი, რომლის საველე ჰოსპიტალში, შემდეგ კი სტაციონარში მიყვანა ხერხდება, ცოცხალი რჩება. ამას სსს-ს ბაზის მონაცემებიც ამტკიცებს: იქ „გარდაიცვალა“ მხოლოდ 200 ადამიანს უწერია. სსს-ს ხელმძღვანელის დმიტრი ტრიშკინის სიტყვებით, „ჰოსპიტალში ჭრილობებისგან სამხედროების 0.5% კვდება“.
ჟილიაევი ამბობს, რომ მთლიანობაში სამედიცინო დახმარების ხარისხს დადებითად შეაფასებდა, მაგრამ მძიმედ დაშავებულების შესახებ არსებული მონაცემების შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამხედრო ჰოსპიტლებში ჭრილობის ხარისხის შემსუბუქების ტენდენციაა. ეს იმიტომ კეთდება, რომ ჯარისკაცები ფრონტზე ნაჩქარევად დააბრუნონ.
„როდესაც შარშან ზამთარს ვიყავი იქ, სამხედროებს მსუბუქი ჭრილობებით ჰოსპიტალში არც აგზავნიდნენ. შეტევა იყო და ხალხი არ ჰყოფნიდათ. შეტევები რომ დასრულდა, ეს პრაქტიკა მოშალეს. საველე ჰოსპიტალში ყველაფერს მკაფიოდ აღნიშნავენ. რაც სჭირს ადამიანს, იმას წერენ. სტაციონარში ხანდახან ამსუბუქებენ სიტუაციას, რომ ჯარისკაცები მალევე გაგზავნონ ფრონტზე. ასე ხდება 855-ე კანონის გამოც, ის დაზღვევის გადახდას ითვალისწინებს. თავდაცვის სამინისტროს დაზღვევები ახლა დიფერენცირებულია. მგონია, ამის გამოცაა, რომ ჭრილობების სიმძიმეს მალავენ. კიდევ არის „სოგაზის“ დაზღვევა, ჩვეულებრივი სამუშაო დაზღვევა, მსუბუქი ჭრილობისთვის 85 000 (2665 ლარი), ყველაზე მძიმესთვის - 340 000 (10 656 ლარი)“, - ამბობს ექიმი.
ათასობით ამპუტაცია
ანდრეი ჟილიაევი ამბობს, რომ ერთადერთი, რაც ჯარისკაცს ფრონტისგან ნამდვილად იხსნის, კიდურის ამპუტაციაა. სსს-ს ბაზაში 3 200-ზე მეტი დიაგნოზია, რომელიც სიტყვა „ამპუტაციას“ შეიცავს, მათ შორის - თითებისა და ტერფის ამპუტაციასაც.
ამპუტაცია კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ამრუდებდნენ ინფორმაციას მძიმე ავადმყოფობებზე. კიდურების ამპუტაციის შემთხვევებისას ხშირად გრაფებში მითითებულია „მსუბუქი“. მაგალითად, „მსუბუქად დაშავებულებში“ წერია 60 წლის უმცროსი სერჟანტი არტურ ეგოროვი, რომელიც 54-ე მოტომსროლელი პოლკის მე-3 საჯარისო კორპუსში იბრძოდა. მისი დიაგნოზი იყო ნაღმით მიყენებული ჭრილობა, რასაც მარჯვენა ფეხის ამპუტაცია მოჰყვა. 2023 წელს არტურ ეგოროვმა ჰოსპიტლიდან გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ერთი ფეხი მართლაც არა აქვს. ფოტო გადაღებულია სანქტ-პეტერბურგის, კიროვის სახელობის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში. მასთან ერთად ფოტოზე აღბეჭდილია თავდაცვის სამინისტროს კადრების განყოფილების უფროსი იგორ მურავლიანიკოვი. ის იქ დაჭრილებისთვის ჯილდოების გადასაცემად მივიდა.
არტურ ეგოროვმა არ უპასუხა რადიო თავისუფლების შეკითხვას, იქონია თუ არა გავლენა ბაზაში აღნიშნულმა დაზიანების ხარისხმა კომპენსაციაზე.
როგორც ალექსეი ჟილიაევი ამბობს, ხანდახან ჭრილობის სიმძიმეს ქაოსი განსაზღვრავს: „ზის ადამიანი, შეჰყავს კომპიუტერში ჰოსპიტლებიდან მიღებული მონაცემები და როგორც მოეხასიათება, ისეთ ხარისხს აღნიშნავს. მას ფიზიკურად არ შეუძლია ყველა დიაგნოზი წაიკითხოს. შესავსები გრაფიკებიც ყველა ჰოსპიტალს სხვადასხვა აქვს. ექიმებისთვის კი მთავარი მაინც დიაგნოზია“.
ამპუტირებულების ბაზაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა 19 წლის ვლადიმირ გოლსკია, დიაგნოზით „მარჯვენა ტერფის ამპუტაცია“. ბაზაში კი მისი ჭრილობა შეფასდა, როგორც საშუალო სიმძიმის.
„მოვიდა ჩემი შვილი!“ - წერდა 2024 წლის დეკემბერში დედამისი „ოდნოკლასნიკებში“. პოსტს თან ოჯახის ფოტოც ერთვის, რომელზეც ვლადიმირ გოლსკი (მარცხნიდან მეორე) რუსეთის დროშის ფონზე დგას. შეინარჩუნა ტერფი თუ პროთეზი უკეთია, უცნობია.
ზამთრის ომი: გაყინვა, დამწვრობა, ფსიქიკური აშლილობა
ომში ადამიანების დაშავებას გამოკვეთილი სეზონურობა ახასიათებს, თან ეს მხოლოდ გაყინვას არ ეხება. 2022-2023 და 2023-2024 წლებში ნოემბრიდან მარტამდე ჰოსპიტლებში ფსიქიკური აშლილობის შემთხვევებიც გაიზარდა და დამწვრობებიც. დამწვრობების რიცხვმა განსაკუთრებით 2023-2024 წლების მიჯნაზე იმატა. უნდა გავიხსენოთ, რომ ამ დროს რუსული დაჯგუფებების საერთო რაოდენობა საბრძოლო მოქმედებების ზონაში იმაზე მეტი იყო, ვიდრე ომის დასაწყისში.
„ზამთარია, ღუმელებს ბლინდაჟებში ბენზინითა და დიზელით ახურებენ. ან მაგალითად ასეთი შემთხვევაც იყო, ნაღმმტყორცნელების დანაყოფი ნაღმისთვის საჭირო ფხვნილს ღუმელზე აშრობდა, ისიც, რა თქმა უნდა, აფეთქდა. ერთ სამხედროს ბლინდაჟში ეძინა და I-II ხარისხის დამწვრობა მიიღო, მათ შორის სახეზეც. პირადად დავხმარებივარ ბევრ ასეთ დაშავებულს“, - ამბობს ალექსეი ჟილიაევი.
სსს-ს ბაზაში ყველაზე მეტად გვხვდება დიაგნოზები „ნამსხვრევებისგან მიღებული ჭრილობა“ – 70 000. ეს სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული. ასევე ბრმა ჭრილობაც (43 000) სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე გამჭოლი (13 000). 100 ათასჯერ არის ნახსენები კიდურები. ამ თანაფარდობას ალექსეი ჟილიაევიც ადასტურებს: „ჭრილობების ხასიათი თითქმის ერთი და იგივეა. პირველ ადგილზე ნამსხვრევებისგან მიღებული ჭრილობებია ხელებსა და ფეხებზე“.
როგორც სსს-ს ბაზიდან ირკვევა, ფრონტზე ისევ სერიოზულ პრობლემად რჩება ალკოჰოლი და ნარკოტიკები. 2022 წლიდან 2024 წლის შუა თვეებამდე ასობით ადამიანი მიიყვანეს ჰოსპიტალში დიაგნოზებით: „მწვავე პერორალური მოწამვლა გაურკვეველი ნივთიერებით“, „მოწამვლა გაურკვეველი ნარკოტიკული ნივთიერებით“, „მწვავე მოწამვლა სპირტის შემცველი ნივთიერებით“.
58 ადამიანს დიაგნოზის გრაფაში უწერია „სუიციდის მცდელობა“.
ალექსეი ჟილიაევი ამბობს, რომ შესაძლოა მოწამვლების ნაწილი უკრაინელი მოსახლეობის წინააღმდეგობას უკავშირდებოდეს. ამბავი „ბებიაზე, რომელმაც ჯარისკაცებს მოწამლული ღვეზელებით უმასპინძლა“, სამხედროებს შორის ჯერ კიდევ ომის დაწყებიდან დადის.
„ერთხელ ჩვენს საველე ჰოსპიტალში მსუბუქად დაჭრილი ლეიტენანტი მოიყვანეს, ბოდიში და, მთლიანად განავალში ამოგანგლული. ოთხი პატარა ჭიქა კონიაკი დავლიეო. არ ვიცი სად იშოვა. ის იყო ექთნებმა დაბანეს, რომ ფილტვების შეშუპება დაეწყო. გადარჩა, როგორღაც ვალუევკამდე მიიყვანეს და სამოქალაქო საავადმყოფოში დააწვინეს. დიაგნოზი: „მოწამვლა გაურკვეველი ნივთიერებით“. ვფიქრობ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობა უკრაინაში მაინც არსებობს და ეს ასეთ შემთხვევებშიც ვლინდება“, - ამბობს ჟილიაევი.
იმ ტრავმებსა და ჭრილობებს შორის, რომელთა დანახვას ომში არ ელოდა, ალექსეი ჟილიაევი ასახელებს აბსტინენციის სინდრომსა და ჰემოროის შემთხვევების გახშირებას. „ქირურგებს დაველაპარაკე და დავასკვენით: ეს იმიტომ ხდება, რომ მუდმივად მძიმე ტვირთი დააქვთ: ჯავშანი, ზურგჩანთა, ავტომატების მჭიდები“, - ამბობს ექიმი და დასძენს, რომ სამხედროების დიდი წილი საავადმყოფოში არა საბრძოლო მოქმედებების, არამედ ომის დროს გართულებული ქრონიკული დაავადებების გამო ხვდება.
„ომი ახალგაზრდების საქმეა“ ანუ „ომში მხოლოდ ბებრები მიდიან“?
რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჯარისკაცებს, რომლებიც კონტრაქტით წავიდნენ ომში, მობილიზაციის შედეგად გაწვეულები დაემატნენ. შემდეგ პატიმრები, შემდეგ ისინი, ვინც კონტრაქტს გულუხვი ანაზღაურების გამო მოაწერა ხელი. დაჭრილებისა და ავადმყოფების საშუალო ასაკი განუხრელად იზრდებოდა. 2022 წლის თებერვლიდან 2024 წლის ივლისამდე სამჯერ გაიზარდა - 28 წლიდან 36 წლამდე. 2023 წლის დასაწყისში საშუალო ასაკი ცოტათი შემცირდა, მაგრამ შემდეგ ისევ ზრდა დაიწყო.
„თუ ამ გრაფიკს შევხედავთ, შევამჩნევთ, რომ შედარებით უფროსი ასაკის ჯარისკაცები დაჭრილებში მაშინ გამოჩნდნენ, როდესაც რუსეთმა 2022 წელს მოხალისეების შეკრება დაიწყო. ეს მოსალოდნელიც იყო. 18-19 წლის ბიჭებში დაჭრილების მცირე პროცენტია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი უკრაინაში არ ომობენ და ჯერაც წვევამდელები არიან რუსეთში. უკრაინაში რომ ყოფილიყვნენ, რიგითებად, უმცროს სერჟანტებად იმსახურებდნენ, ომში კი სწორედ ისინი ზარალდებიან. ამასთან, კარგად ჩანს, რომ რუსეთის ჯარმა დიდი დანაკარგი ნახა პროფესიონალი კონტრაქტორების კუთხით, 24-29 წლის ასაკის კატეგორიაში. ეს ომის პირველ 3-4 თვეში მოხდა“, - ამბობს დარა მასიკოტი.
მართლაც, 20-30 წლის ადამიანების წილი სხვადასხვა ასაკის კატეგორიებში ომის დაწყებიდან 2024 წლის მაისამდე თითქმის ორჯერ შემცირდა. 2022 წლის მარტში მათი რაოდენობა 55% იყო - ყველა რუსული დაჯგუფებიდან უკრაინაში, 2024 წლის მაისში კი მხოლოდ 24%.
მონაცემთა ანალიზისას, თვალში გხვდება ისიც, რომ დაჭრილების ასაკი იზრდება, საუბარია იმათზე, ვინც დაჭრისას 50 წლის და მეტის იყო. 2022 წლის მარტში ამ კატეგორიის ხალხი დაჭრილების საერთო რაოდენობის 1.3%-ზე ოდნავ მეტი იყო, 2024 წლის აპრილში კი 11% გახდა. მკვეთრი ცვლილება 2023-2024 წლების მიჯნაზე მოხდა. თუკი 2023 წლის დეკემბერში ჰოსპიტლებში 336 ორმოცდაათს გადაცილებული ადამიანი მკურნალობდა, 2024 წლის იანვარში მათი რიცხვი 634 გახდა, მარტში კი - 835.
ამ პრობლემას ექსპერტები უკრაინის ჯარშიც ხედავენ. ბრიტანული გამოცემის The Times-ის მონაცემებით, 2024 წლის იანვრისთვის უკრაინელი სამხედროს საშუალო ასაკმა 43 წელს მიაღწია. მონაცემთა ბაზის მიხედვით, იმავე თვეში რუსულ ჯარში დაჭრილების საშუალო ასაკი 35 წელი იყო.
ყველაზე მეტად იღუპებიან მოტომსროლელ ბრიგადებში
სსს-ს ბაზა „მედიაზონისა“ და „ბი-ბი-სის“ ჟურნალისტების მიგნებას ადასტურებს, ანუ იმას, რომ ყველაზე მეტად რუსულ ჯარში მოტომსროლელი ქვედანაყოფების ჯარისკაცები იღუპებიან. ეს გასაკვირი არაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ისინი ყველაზე მეტნიც არიან.
სსს-ს მიხედვით, ყველაზე მეტი ადამიანი დაიჭრა 252-ე გვარდიის მოტომსროლელი პოლკიდან, მეორე ადგილზე არის 70-ე გვარდიის მოტომსროლელი პოლკი, მესამეზე - 71-ე. უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, 252-ე პოლკმა შემადგენლობის თითქმის 30% დაკარგა. ეს მოხდა 2022 წლის მარტში, ხარკოვისა და იზიუმის ბრძოლებისას. შემდეგ პოლკი აღადგინეს, მოგვიანებით კი სექტემბერში ისევ უკრაინულმა კონტრშეტევამ გადაუარა.
ქვედანაყოფები, რომლებსაც სსს-ს ბაზის მონაცემებით ყველაზე მეტი დაჭრილი ჰყავდათ:
- 252-ე გვარდიის მოტომსროლელი პოლკი
- 70-ე გვარდიის მოტომსროლელი პოლკი
- 71-ე გვარდიის მოტომსროლელი პოლკი
- მე-15 ცალკეული გვარდიის მოტომსროლელი ბრიგადა
- 74-ე ცალკეული გვარდიის მოტომსროლელი ბრიგადა
- 361-ე მსროლელთა ბრიგადა
- 25-ე ცალკეული გვარდიის მოტომსროლელი ბრიგადა
- 136-ე ცალკეული გვარდიის მოტომსროლელი ბრიგადა
- 72-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა
მონაცემთა ბაზაში ორი სახის აღნიშვნაა, რომელიც დაჭრილის ამა თუ იმ ფორმირებასთან კუთვნილებას ასახავს. ზოგისთვის ეს არის საბრძოლო ნაწილის ნომერი, გრაფაში „წოდება, საბრძოლო ნაწილი“, სხვებისთვის - ფორმირების დასახელება ან უფრო ფართო კატეგორია „სამხედრო ოლქის ქვედანაყოფი“. უმეტესობასთან ერთიც მითითებულია და მეორეც, ზოგან კი საერთოდ არცერთი.
ეს კლასიფიკაცია შესაძლებლობას გვაძლევს ვნახოთ, თუ როგორ იცვლებოდა რუსული ჯარის შემადგენლობა ფრონტის ხაზზე. მარტში ყველაზე მეტი დაჭრილი რუსეთის გვარდიიდან იყო. როდესაც ისინი კიევსა და ხარკოვზე მიდიოდნენ, უკრაინის ჯარმა თითქმის გაანადგურა.
შემდეგ მათ ადგილას БАРС-ის მოხალისეები მოვიდნენ. ეს დაჯგუფება თავდაცვის სამინისტრომ გადამდგარი სამხედროებისგან შეკრიბა. რაც უფრო დონბასისკენ იხრებოდა ფრონტის ხაზი, მით უფრო მეტი დაჭრილი ჰყავდა სამხედრო ფორმირებას „დსრ“-ს. 2023 წელს „ვაგნერისა“ და სხვა კვაზიკერძო სამხედრო ქვედანაყოფების ჯერი დადგა.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ „პოლკი-მოჩვენებები“, 361-ე და 353-ე მსროლელთა პოლკები ვორონეჟიდან. ალექსეი ჟილიაევი განმარტავს, რომ ესენი „გამოჯანმრთელებულების პოლკებია“, საგანგებოდ შექმნილი იმ დაჭრილებისთვის, რომლებიც ფრონტზე მალე უნდა დაბრუნდნენ.
ასეთი პოლკები დიდწილად მობილიზებულებისგან შედგება. 361-ე პოლკის 800 ჯარისკაციდან, რომელთა მონაცემები სსს-ს ბაზაშია, ნახევარს უწერია, რომ მობილიზებულია. ამ განყოფილების მებრძოლები და მათი ნათესავები ხშირად ჩიოდნენ, რომ ჯარისკაცებს ფრონტზე მოუშუშებელი ჭრილობებით აბრუნებდნენ. ბაზაში იძებნება 4 საქმე, სამხედრო-სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე. ეს გადაწყვეტილებები სამხედროებს მსახურებისთვის ვარგისად მიიჩნევდა. ასევე გასაჩივრებული იყო ნაწილის მეთაურის გადაწყვეტილება კომისიის გავლის შესახებ.
საჰაერო-სადესანტო ჯარები და გენშტაბის მთავარი სამმართველო
სსს-ს მონაცემთა ბაზა შეიცავს ინფორმაციას რუსული ჯარის ელიტარული ქვედანაყოფების საჰაერო-სადესანტო ჯარებისა (სსჯ) და გენშტაბის მთავარი სამმართველოს (გმს) სპეცრაზმის დანაკარგის შესახებ. ისინი ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას, კრიტიკულ მომენტებში გამოჩნდებიან ხოლმე. საჰაერო-სადესანტო ჯარებიდან ამ მხრივ ლიდერობს 76-ე გვარდიის საჰაერო თავდასხმის დივიზია ფსკოვიდან - ბაზაში 2 400-ზე მეტი დაჭრილის შესახებ არის მონაცემები.
2022 წლის აპრილში უკრაინამ გამოაცხადა, რომ ეს დივიზია სამხედრო დანაშაულებშია ბრალდებული. ეს დანაშაულები სამხედროებმა კიევის აღების მცდელობისას ჩაიდინეს, ასევე ბუჩაშიც მშვიდობიანი მოსახლეობის გაჟლეტისას.
მეორე ადგილზე არიან 98-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის დესანტები (1 300-ზე მეტი დაჭრილი).
სსს-ს მონაცემთა ბაზაში ასობით დაჭრილი სპეცრაზმელია გენშტაბის მთავარი სამმართველოდან. ყველაზე მეტად დაზარალდა სპეციალური დანიშნულების ცალკეული ბრიგადა, რომელსაც ბაზა კრასნოდარის მხარეში, ხუტორ მოლკინოში ჰქონდა. ამ ბრიგადიდან 241 ადამიანი დაიჭრა. მეორე ადგილზეა 22-ე სპეციალური დანიშნულების ცალკეული გვარდიის ბრიგადა, ის მარიუპოლის ბრძოლებში მონაწილეობდა. აღრიცხულია 200-ზე მეტი დაჭრილი.
64-ე ბრიგადა და სამხედრო დანაშაული ბუჩაში
სსს-ის მონაცემების მიხედვით კარგად ჩანს, რომ იმ სამხედროების დიდი ნაწილი, რომლებიც უკრაინაში შეჭრის პირველ ეტაპში მონაწილეობდნენ, იყვნენ კონტრაქტორები რუსეთის შორეული აღმოსავლეთიდან.
მათ შორის იყო 64-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა ხაბაროვსკის მხარიდან. ისინი, ფსკოვის დესანტების მსგავსად, უკრაინამ იმ სამხედრო დანაშაულებში დაადანაშაულა, რომლებიც კიევის რეგიონში ომის პირველ თვეებში მოხდა. ბაზაში არის ინფორმაცია 482 დაჭრილის შესახებ, მათ შორის - 20 ოფიცრის. ირკვევა, რომ უკრაინაში შეჭრის პირველ თვეებში 64-ე ბრიგადის სამხედროები უმეტესად ბელარუსის საავადმყოფოებში მკურნალობდნენ.
2022 წლის აპრილში ვლადიმირ პუტინმა 64-ე ბრიგადას საპატიო წოდება „გვარდიის“ მიანიჭა - „მასობრივი გმირობისა და თავდადებისათვის“.
ყველაზე მეტი დაჭრილი სამხრეთის სამხედრო ოლქში იყო, დაახლოებით 30 000 ადამიანი.
„უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთის სამხედრო ოლქის პასუხისმგებლობის ზონაში 2022-2023 წლების მიჯნაზე ჯერ დე ფაქტო, შემდეგ კი დე იურედ ჩაერთნენ თვითაღიარებული „ლსრ“ და „დსრ“, თავიანთი ორი სამხედრო კორპუსით, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ოკუპირებული ნაწილები. ახლა ამ სამხედრო ოლქში შედის 8 კომბინირებული შეიარაღების არმია, რომლის ნაწილიც გახდა „ლსრ“-ის მეორე სამხედრო კორპუსი და თვითაღიარებული „სახალხო რესპუბლიკების“ სხვა შეიარაღებული ფორმირებები. ეს შენაერთები დონბასის ბრძოლებში მონაწილეობდნენ. სამხრეთის სამხედრო ოლქში შედიოდა ასევე 58-ე არმია (ომის დასაწყისში ზაპოროჟიეს უტევდა), ასევე, 49-ე და მე-18 სამხედრო კორპუსები, ისინი ხერსონის რეგიონის ბრძოლებში მონაწილეობდნენ. 2024 წელს „დსრ“-ისა და „ლსრ“-ის სამხედრო კორპუსები კომბინირებული შეიარაღების არმიებად გადააკეთეს“, - ამბობს ანალიტიკოსი კირილ მიხაილოვი ამ მონაცემების შეფასებისას.
დანაკარგის მიხედვით, მეორე ადგილზე არიან აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის მებრძოლები (დაჭრილია 22%), მესამეზე - ცენტრალურის - (15%), მეოთხეზე - დასავლეთის (13%-ზე ნაკლები).
რაც შეეხება ჰოსპიტლებს, ლიდერობს ჰოსპიტალი დონის როსტოვში, სადაც 1 602 დაჭრილი მკურნალობდა. მას მოსდევს უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ჰოსპიტლები, კერძოდ, კურსკისა და ვორონეჟის რეგიონებში. მეოთხე ადგილასაა ანექსირებული ყირიმი.
როგორ აისახა დაჭრილების სიკვდილიანობა რუსული ჯარის ბრძოლისუნარიანობაზე?
2022 წლის დეკემბერში მთავარი სამხედრო-სამედიცინო სამმართველოს ხელმძღვანელმა დმიტრი ტრიშკინმა განაცხადა, რომ დაჭრილების 97% ფრონტზე ბრუნდება. ალექსეი ჟილიაევი ამბობს, რომ ეს რიცხვი გადაჭარბებული უნდა იყოს, მაგრამ არცთუ ძალიან - „თუ ადამიანი სამედიცინო როტამდე მაინც ცოცხალი მიიყვანეს, ის დიდი ალბათობით გადარჩება“.
სამხედრო ჰოსპიტლების 148 ათასი პაციენტიდან მონაცემთა ბაზაში 32 000-ს მითითებული აქვს მონაცემები მიღების, გაწერისა და ჭრილობის ხარისხის შესახებ. მათზე დაყრდნობით, რადიო თავისუფლებამ გამოთვალა, საშუალოდ რამდენ დროს ატარებენ დაჭრილები ჰოსპიტალში. მძიმედ დაჭრილებისთვის ეს 60 დღე აღმოჩნდა. ვისაც საშუალო სიმძიმის ჭრილობა აქვს, 37 დღე რჩება, მსუბუქად დაჭრილი -18,5 დღე. ეს მონაცემები არ ითვალისწინებს დროს, რომელსაც ჯარისკაცები საველე ჰოსპიტლებსა და სხვა პირველად პუნქტებში ატარებენ. არც შემდგომი რეაბილიტაციისთვის საჭირო დღეებს. თუმცა, შესაძლოა, ის მკურნალობის დროსაც აღემატებოდეს.
როგორც დარა მასიკოტი ამბობს, მასიური შტურმებისას დაჭრილების რაოდენობის მკვეთრი ზრდა რუსულ შენაერთებს ბრძოლისუნარიანობას სულ მცირე რამდენიმე თვით უქვეითებს. ეს დრო დაჭრილების გამოჯანმრთელებასა და ძალების მოკრებას სჭირდება. ფრონტზე დაბრუნებისას ბრძოლისუნარიანობის ხარისხი მაინც დაბალი რჩება, ჯარისკაცებს რეაბილიტაცია აკლიათ, რადგან ჭრილობის ხარისხს ექიმები ხელისუფლების ზეწოლის გამო ნაკლებად მძიმედ აფასებენ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მებრძოლების საშუალო ასაკი იზრდება, არმიის ბრძოლისუნარიანობა კიდევ უფრო მცირდება, თუნდაც სხვა მაჩვენებლები (მაგალითად, საომარ მოქმედებებში მონაწილეთა რიცხვი) იგივე დარჩეს.
ბრიტანეთის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით (გამოქვეყნებულია 2025 წლის 10 თებერვალს), რუსული სამხედრო დაჯგუფებების სრული რაოდენობა, იმათი, ვინც უკრაინისა და კურსკის რეგიონის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ, მათ შორის დაჭრილებისაც, 600 ათას ადამიანს აღემატება.
ფორუმი