Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ტრამპმა უკრაინა დაადანაშაულა ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმების ჩაშლაში

ტრამპმა უკრაინა დაადანაშაულა ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმების ჩაშლაში


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინამ ჩაშალა შეთანხმება იშვიათ მიწათა ელემენტების და სხვა რესურსების შესახებ.

19 თებერვალს, მაიამიში საინვესტიციო ფორუმზე გამოსვლისას, ტრამპმა თქვა, რომ უკრაინამ გარიგება ორი დღის წინ ჩაშალა.

პრეზიდენტმა ტრამპმა ისევ გაიმეორა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დასახმარებლად დახარჯა 350 მილიარდი დოლარი და განსხვავებით ევროპისგან, რომელიც კიევს ფულს გარანტიით აძლევს, სანაცვლოდ ვერაფერს მიიღებს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პირველად 3 თებერვალს განაცხადა, რომ სურს უკრაინის დახმარების სანაცვლოდ მისგან მიიღოს იშვიათ მიწათა ელემენტები.

12 თებერვალს ამ საკითხზე კიევში მოლაპარაკება გამართა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა. მასთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ განიხილეს უკრაინის რესურსების პოტენციალი, უსაფრთხოების ეკონომიკური გარანტიები და ეკონომიკური პარტნიორობის დოკუმენტის მომზადება, ძლიერ გარიგებაზე მუშაობენ და იმედი აქვთ, რომ პროგრესს მიაღწევენ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

15 თებერვალს მიუნხენში გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ შეაჩერა პრეზიდენტ ტრამპის მიერ ინიციირებული შეთანხმების ხელმოწერა, რადგან დოკუმენტი არ მოიცავს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს.

უკრაინა ფლობს ისეთ მეტალებს, როგორიცაა ურანი, ტიტანი და ლითიუმი. მაგალითად, ლითიუმი წამყვანი კომპონენტია სხვადასხვა, მათ შორის ელექტრომობილების აკუმულატორების წარმოებისთვის.

ამასთან, ეს ლითონები არ არიან პრეზიდენტ ტრამპის მიერ არაერთხელ ნახსენებ იშვიათ მიწათა ელემენტების ნუსხაში, რომელიც 17 მეტალს აერთიანებს. როგორც სააგენტო Bloomberg-ის ექსპერტი ხავიერ ბლასი წერს, უკრაინას იშვიათ მიწათა ელემენტებიდან აქვს მხოლოდ ერთის, სკანდიუმის მცირე მარაგი.

აშშ-ის და რუსეთის მაღალჩინოსნების შეხვედრის შემდეგ, რომელიც 18 თებერვალს საუდის არაბეთში უკრაინის მონაწილეობის გარეშე გაიმართა და კიევის უკმაყოფილება გამოიწვია, პრეზიდენტმა ტრამპმა მწვავედ გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელსაც უწოდა 4%-იანი რეიტინგის მქონე, „დიქტატორი არჩევნების გარეშე“ და „საშუალოდ წარმატებული კომიკოსი".

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსეთისგან მომდინარე დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს და პუტინს ეხმარება მრავალწლიანი იზოლაციიდან გამოსვლაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG