Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
2 თებერვლის საპროტესტო აქციაზე დაკავებულ მომიტინგეებს სასამართლომ ჯარიმები დააკისრა

2 თებერვლის საპროტესტო აქციაზე დაკავებულ მომიტინგეებს სასამართლომ ჯარიმები დააკისრა


2 თებერვალს საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი დააკავეს.
2 თებერვალს საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი დააკავეს.

2 თებერვალს საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ მომიტინგეებს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯარიმები დააკისრა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, აქტივისტი ლუკა თეთრაძე, რომელიც რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობის დროს სანაპიროზე დააკავეს, 2500 ლარით დააჯარიმეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ თავისი გადაწყვეტილება ასე განმარტა პროცესზე:

"როცა მონაწილეობას იღებთ აქციაში, გაქვთ ვალდებულება, იცოდეთ აქციის წესები, დაემორჩილოთ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. სასამართლომ პოლიციელების ჩვენებები ჩათვალა სარწმუნოდ".

თავად ლუკა თეთრაძე მის წინააღმდეგ გადაწყვეტილებას "უსამართლობას" და "დაშინების მცდელობას" უწოდებს.

"მედავებოდნენ დაუმორჩილებლობას და პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც სასაცილოა. პირდაპირ ვიტყვი, უსამართლო სასამართლო, ხალხის ძალის გეშინოდეს. მე, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს არ ვეთანხმები. ეს არის უსამართლობა და დაშინების მცდელობა", - თქვა ლუკა თეთრაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ლუკა სარიშვილი, მოსამართლემ 2400 ლარით დააჯარიმა. იგი 2 თებერვალს აქციაზე, სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა პოლიციამ.

"ვიყავი გზიდან გადასული, შემაღლებულზე. ერთ მომენტში დაიძრნენ გდდ-ს თანამშრომლები, რომლებმაც გაარღვიეს კორდონი და რამდენიმე ადამიანი აგვიყვანეს, მოგვაყენეს ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფა, წაგვართვეს პირადი ნივთები, ტელეფონები და შემდეგ გადაგვცეს პატრულის თანამშრომლებს", - იხსენებს ლუკა სარიშვილი და აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე ერთმანეთს არ დაემთხვა შსს-ს წარმომადგენლების, მოწმეების, ჩვენებები.

მოსამართლემ აქციის კიდევ ერთი მონაწილე, სერგი გიგანი, ასევე 2500 ლარით დააჯარიმა. მისი თქმით, შსს-ს მტკიცებულებები არ ჰქონდა წარმოდგენილი, ჰყავდა მხოლოდ ორი მოწმე, რომლებიც დაკითხვის დროს "ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ".

"ერთი იძახდა პოლიციას აგინებდაო, მეორე იძახდა არ აგინებდაო. არ იყვნენ ჩამოყალიბებული, თუმცა მოსამართლემ მაინც უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო და დაადგინა, რომ მე ვარ კანონდამრღვევი", - თქვა სერგი გიგანმა "ტვ პირველთან" კომენტარში.

ადმინისტრაციული სახდელის სახით 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა მამუკა დიასამიძეს, კაცს, რომელიც ამბობს, რომ „თბილისი მოლთან“ აქციაზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ხარაზიშვილმა („ხარებამ“) წიხლი ამოარტყა.

ასევე დაჯარიმდნენ:

  • ბადრი გრიგალაშვილი - 2400 ლარი;
  • დავით ბერიტაშვილი - 2200 ლარი;
  • ირაკლი გეშაგურიძე - 2300 ლარი;
  • სანდრო ჩაფიძე - 2300 ლარი;

კიდევ ერთი დაკავებულს, კონსტანტინე კობერიძეს კი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. იგი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

დავით კაკაშვილს მოსამართლე დავით ცაცუამ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

რაც შეეხება საპროტესტო მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულ გიორგი ქადაგიძეს, ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მოსამართლე ნინო ენუქიძემ იგი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, ხოლო სხდომა საქმეზე 7 თებერვალს, 14:00 საათზე დაინიშნა.

დაკავებულთა ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, მათ შორისაა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.

2 თებერვალს საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი დააკავეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG