Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ქართველ მებრძოლს ოკუპირებულ დონეცკში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ქართველ მებრძოლს ოკუპირებულ დონეცკში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს


ნიკოლოზ ბერიანიძე სასამართლოში
ნიკოლოზ ბერიანიძე სასამართლოში

რუსეთის ხელისუფლების მიერ შექმნილმა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „უზენაესმა სასამართლომ“ უკრაინის მხარეს მებრძოლ საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ბერიანიძეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ის “დამნაშავედ ცნეს” დაქირავებულობაში (რუსეთის სსკ-ის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილი) და სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის მოსპობის მცდელობაში (სსკ-ის 317-ე მუხლი). ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იტყობინება.

გამომძიებლების ვერსიით, ბერიანიძე ქართულ ჯარში მსახურობდა და მონაწილეობდა ნატოს სამხედრო ოპერაციებში ერაყსა და ავღანეთში. ირწმუნებიან, რომ 2016 წელს ის, სავარაუდოდ, კიევში ჩავიდა და შეუერთდა „აზოვის“ პოლკს.

„ის აღჭურვეს პირადი ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით, სამხედრო ფორმით და სპეციალური საბრძოლო დანიშნულების ტექნიკით, რის შემდეგაც ის სამხედრო ინსტრუქტორის მოვალეობას შეუდგა აღნიშნულ ნაციონალისტურ შეიარაღებულ ფორმირებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბერიანიძე მარიუპოლში იმყოფებოდა. ირწმუნებიან, რომ 2022 წლის მარტში მან თითქოს ესროლა სამ რუს სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით იმყოფებოდნენ“. 2022 წლის მაისში ის რუსმა სამხედროებმა დააკავეს.

რადიო თავისუფლება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პასუხი, მისი მიღების შემთხვევაში, აისახება ტექსტში.

„აზოვის“ პოლკი 2014 წელს შეიქმნა, როგორც მოხალისეთა ფორმირება. მის დამაარსებლებს შორის იყვნენ აქტივისტები ულტრამემარჯვენე შეხედულებებით. ამავდროულად, „აზოვის“ ბევრი მებრძოლი ხაზს უსვამდა, რომ ისინი ნეონაცისტები არ არიან და თავად პოლკი გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების განუყოფელი ნაწილი.

აზოვის მებრძოლებმა მონაწილეობა მიიღეს მარიუპოლის დაცვაში. 2022 წლის გაზაფხულზე რამდენიმე ასეული ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს. მოგვიანებით უკრაინამ მებრძოლების ნაწილი რუს ტყვეებში გაცვალა. ზოგ მათგანს რუსეთში ხანგრძლივი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მათ შორის იყო ალექსანდრე მაქსიმჩუკი, რომელსაც 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გაცვლისა და უკრაინაში დაბრუნების შემდეგ მან ისაუბრა რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში სასტიკ წამებაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG