Accessibility links

მზია ამაღლობელის საქმე
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
„16 კილო დაკარგა“ - აქციებზე დაკავებულმა ჯავახიშვილმა და კიკნაძემ შიმშილობა შეწყვიტეს

„16 კილო დაკარგა“ - აქციებზე დაკავებულმა ჯავახიშვილმა და კიკნაძემ შიმშილობა შეწყვიტეს


ნიკოლოზ ჯავახიშვილი (მარცხნივ) და რეზო კიკნაძე მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობდნენ - მზია ამაღლობელი მე-16 დღეა, შიმშილობს.
ნიკოლოზ ჯავახიშვილი (მარცხნივ) და რეზო კიკნაძე მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობდნენ - მზია ამაღლობელი მე-16 დღეა, შიმშილობს.

აქციებზე დაკავებულმა ახალგაზრდებმა, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა და რეზო კიკნაძემ, რომლებიც მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობდნენ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტეს.

ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მათმა ადვოკატმა, ელგუჯა ავსაჯანიშვილმა, დაუდასტურა.

მისი თქმით, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, - რომელიც 22 იანვრის შემდეგ შიმშილობდა, - 16 კილოგრამი დაკარგა, მას ორჯერ წაუვიდა გული.

„16 კილო დაკარგა, ორჯერ გული წაუვიდა. ყურადღება არავინ მიაქცია, ხელზე დალურჯებები აქვს“, - ამბობს ადვოკატი ავსაჯანიშვილი.

ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა 21 იანვარს გამოაცხადა რევაზ კიკნაძემაც.

  • 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს - პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების დაწყებიდან ორ დღეში. მას პიროტექნიკის სროლას ედავებიან;
  • რეზო კიკნაძეც უკვე თვე-ნახევარია, დაკავებულია - ის 2024 წლის 6 დეკემბერს დააკავეს და „ჯგუფურ ძალადობას ედავებიან“; ადვოკატის თანახმად, კიკნაძემ ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობის გამოცხადებამდე, წინა პერიოდშიც იშიმშილა - 12 დღე;
  • მზია ამაღლობელი - „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი - 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს. კოლეგების ცნობით, ის მე-16 დღეა, შიმშილობს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აცხადებს, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და დაუყოვნებლივი მოქმედებაა საჭირო.

საია, როგორც მისი უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, „დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“.

„ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, სპეციალური პროტოკოლის შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი და ეფექტური კონტროლი უზრუნველყოს“, - აცხადებს ორგანიზაცია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG